"მიკი რურკისგან თავის დასაღწევად გაქცევის გეგმა შევიმუშავე" - ექსკლუზიური ინტერვიუ ჰოლივუდელ ლამაზმანთან
30-04-2018
"მიკი რურკისგან თავის დასაღწევად გაქცევის გეგმა შევიმუშავე" - ექსკლუზიური ინტერვიუ ჰოლივუდელ ლამაზმანთან
ფოტოგალერეა

"მიხარია, რომ ქართველი ქალები ამ პრობლემაზე ალაპარაკდნენ. თანადგომას გიცხადებთ და მადლობას გიხდით გულწრფელობისთვის"

"სექტემბერში 50-ის გავხდები და არასდროს მიგრძნია თავი უფრო კარგად, უფრო შეყვარებულად, ვიდრე ახლა"


ეროტიკული დრამა "ველური ორქიდეა" მიკი რურკისა და კერი ოტისის მონაწილეობით 1989 წელს გამოვიდა ეკრანებზე. საქართველოში მსოფლიო პრემიერები ვიდეოკასეტების მეშვეობით ჩამოდიოდა და ეს ფილმიც სწორედ ასე იხილა ქართველმა მაყურებელმა. მთავარი გმირის შემსრულებელი კერი ოტისი დღემდე ახსოვს ქართველ მაყურებელს. ფილმის გადაღებიდან მალევე, 1992 წელს, მიკი
რურკი და კერი ოტისი დაქორწინდნენ, ქორწინებამ 6 წელს გასტანა. მიკი რურკის მძიმე ხასიათზე არაერთხელ თქმულა ჰოლივუდში, თუმცა 2011 წელს კერი ოტისმა დეტალურად აღწერა მასთან თანაცხოვრება და მოძალადეობაში ამხილა. წლების განმავლობაში კერი ოტისი ებრძოდა სტრესს, რომელიც რურკთან ქორწინებაში განიცადა, ნერვულ ანორექსიასა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას.
2005 წელს
მან მეორედ იქორწინა. დღეს კერი სამოდელო ბიზნესშია, ასევე იცავს ქალთა უფლებებს.

მიუხედავად იმისა, რომ პრესა არ არის კერი ოტისის ხშირი ინტერვიუებით განებივრებული, "კვირის პალიტრის" შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.

- დიდი მადლობა, რომ ინტერვიუსთვის დამიკავშირდით, მოხარული ვარ, რომ საქართველოში მიცნობენ. დღეს ჩემი ცხოვრება დალოცვილია - მე და ჩემი ოჯახის წევრებიც ჯანმრთელი და ბედნიერი ვართ. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, მეთიუ სუტონი. საინტერესო და გადატვირთული ყოველდღიურობის მიუხედავად, ძალიან უბრალოდ ვცხოვრობ, ცხოვრებით ტკბობა ვისწავლე და ვაფასებ თითოეულ წამს. ჩემი გული სავსეა მადლიერებით.

- "ველურ ორქიდეაზე" მინდა გკითხოთ, გადაღების პროცესს ხომ არ გაიხსენებდით?
- ძალიან მძიმე გამოცდილება მივიღე. უცხო თვალისთვის ეს შეუმჩნეველი იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთული. 21 წლის გულუბრყვილო გოგოს სამსახიობო გამოცდილება არ მქონდა, ეს ჩემი პირველი ფილმი იყო, აგენტიც კი არ მყავდა და დაუცველად ვგრძნობდი თავს. 24 საათის განმავლობაში მამუშავებდნენ... ფილმს სხვა ქვეყანაში იღებდნენ და იქ არ იყო ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ჩემს უფლებებს დაიცავდა. არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა. ამ მდგომარეობით სარგებლობდნენ - ფილმის რეჟისორი და პროდიუსერები სექსუალურად ძალადობდნენ ჩემზე. ეს საშინელება იყო. არავინ მყავდა, ვისაც დავურეკავდი ან ვეტყოდი, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ. ვიყავი მხოლოდ ჩემი თავის იმედად უცხო ქვეყანაში.

- რამდენიმე წლის წინ წიგნი დაწერეთ, სახელწოდებით Beauty Disrupted ("განადგურებული სილამაზე"). რაზეა თქვენი წიგნი?

- ამ წიგნში ჩემი ცხოვრების ისტორია აღვწერე. გულახდილად ვყვები იმ სირთულეებზე, რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოვიარე - როგორც ბავშვმა, მოდელმა, მეუღლემ... აღწერილი მაქვს ის სულიერი გზა, რომელმაც გარდამქმნა. ყველა ქალმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს სექსუალურ შევიწროებას. ამიტომაც ვეცნობი იმ საკითხებს, რომლებიც #Metoo მოძრაობისთვის აქტუალურია.

- თქვენი და მიკი რურკის ქორწინებამ 1998 წლამდე, ანუ ექვს წელს გასტანა. მოგვიანებით ის ძალა­დობაში დაადანაშაულეთ, ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძელით მისგან თავის დაღწევა? ეს პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას, ბევრი ქალი ცდილობს მოძალადე მეუღლესთან განქორწინებას. თქვენი გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნება მათთვის.

- ოჯახური ძალადობა და სექსუალური შეურაცხყოფა მსოფლიოს პრობლემაა და მას ყურადღების მიქცევა და მოგვარება სჭირდება.
ძალიან რთული იყო მიკისგან თავის დაღწევა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, თუ მინდოდა, გადავრჩენილიყავი. გავაცნობიერე, რომ სხვების დაუხმარებლად, მარტო ამას ვერ შევძლებდი. მაშინ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მქონდა და შიშებთან გამკლავება მჭირდებოდა. საამისოდ ძალა უნდა მეპოვა. თერაპიისა და მეგობრების მეშვეობით ეს მოვახერხე. როგორც ბავშვი სწავლობს სიარულს, ფაქტობრივად, მეც ასე დავიწყე. მიუხედავად სტრესული მდგომარეობისა, გაქცევის გეგმა შევიმუშავე და შევასრულე კიდეც. შემდეგ საჭირო იყო სიფრთხილე, არც ერთი მცდარი ნაბიჯი არ უნდა გადამედგა. ძლიერი ქალები ამას ახერხებენ. მოძალადისგან თავის დაღწევა ძალიან ძნელია, მაგრამ მასთან დარჩენა გაცილებით უარესი და სახიფათოა.

- ახსენეთ, რომ ეს მსოფლიო პრობლემაა, ამიტომ მინდა გკითხოთ, რას ურჩევდით ძალადობის მსხვერპლ ქალებს? ადრე საქართველოში ამაზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა, ახლა ქალები უფრო გააქტიურდნენ.
- მიხარია, რომ ამ პრობლემაზე ქა­რთველი ქალებიც ალაპარაკდნენ. თანადგომას გიცხადებთ და მადლობას გიხდით გულწრფელობისთვის. ამის საჯაროდ აღიარებით თქვენ მხარდაჭერას უცხადებთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს მთელ მსოფლიოში. უამრავ­ ქალს ხმის ამოღების­ ეშინია, რადგან შეიძლება ჩაქოლონ, მოკლან, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ. უნდა ვიცოცხლოთ და სიხარული ვაფრქვიოთ, ჩვენ ტანჯვისთვის არ დავბადებულვართ.

- თქვენ ძალიან ბევრი რამ გადაიტანეთ და მაინც საუცხოოდ გამოიყურებით. ხომ არ გაგვიმხელთ თქვენი სილამაზის ფორმულას?

- სექტემბერში 50-ის გავხდები და არასდროს მიგრძნია თავი უფრო კარგად­, უფრო შეყვარებულად, ვიდრე ახლა.­ ჩემს ქალიშვილებსაც სიყვარულსა და სხვა ფასეულობებს ვუნერგავ. ისინი ცხოვრების საჩუქრები არიან... რა თქმა უნდა, თავს ვუვლი. ვცდილობ ბევრი დრო გავატარო ბუნებაში, ვსვამ ბევრ წყალს და ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ ქალის მომხიბვლელობა მაინც მისი სულიერი სამყაროდან მოდის. ჩემი გარეგნობა გულიდან არის წამოსული.

- გეგმებზეც მინდა გკითხოთ.

- სოციალური ქსელებით ჩემს გამოცდილებას კვებითი ჩვევების დარღვევების შესახებ სხვებს ვუზიარებ, ვაგრძელებ საჯარო გამოსვლებს და ვწერ "ჰაფინგტონ პოსტისთვის". ვაპირებ კიდევ ერთი წიგნის გამოცემას. ვმოგზაურობ და ვეცნობი ძველი კულტურის ხალხს, მათი მკურნალობის მეთოდებს. დროის უდიდეს ნაწილს ჩემს ქალიშვილებს ვუთმობ.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!

- დიდი მადლობა თქვენ, ყველას სიყვარულს გისურვებთ!

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით