კახა კალაძემ და ელიზაბეთ რუდიმ თბილისის ქუჩა დაასუფთავეს - ნახეთ ვიდეო - კვირის პალიტრა

კახა კალაძემ და ელიზაბეთ რუდიმ თბილისის ქუჩა დაასუფთავეს - ნახეთ ვიდეო

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ "დედამიწის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და თბილისის მერმა, კუთვნილ ავტომობილებში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვი შეამოწმეს, რითაც ხაზი გაუსვეს სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, დღეს თბილისში გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი დიდი პრობლემა სწორედ ჰაერის დაბინძურებაა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ და მოქალაქეებმა ჯეროვნად შეასრულონ მათი მოვალეობები და ერთიანი ძალებით ეცადონ პრობლემის მოგვარებას.

“დღეს აღვნიშნავთ დედამიწის დღეს. ეს ის დღეა, როცა ჩვენ გარემოზე ვფიქრობთ. ჩვენ ვიცით, რომ თბილისისთვის ყველაზე სერიოზული პრობლემა ამ კუთხით არის ჰაერის დაბინძურება და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტომობილების გამონაბოლქვი. ჰაერის დაბინძურება დიდი პრობლემაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომელიც იწვევს სხვადასხვა დაავადებას, განსაკუთრებით მოხუცებსა და ბავშვებს შორის, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, მერიამ და მოქალაქეებმა შეასრულონ თავიანთი როლი ამ პრობლემის მოგვარებაში“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.

„მსოფლიო ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ეკოლოგიური მდგომარეობით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და, სამწუხაროდ, არც თბილისია გამონაკლისი. ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი ამაზე, თუ რამდენი რამეა გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია დედაქალაქის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის როლი. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ პრობლემების მოგვარება. რა თქმა უნდა გამწვანება, სკვერები, გასაკეთებელია, თუმცა ტრანსპორტს სერიოზული როლი აქვს და მნიშვნელოვანი როლი უკავია ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით.

კერძო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება იწყება, რაც მნიშვნელოვანია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით. გვესმის, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე თემა, რადგან ბევრი ავტომობილი ვერ გაივლის იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროპულია და სწორედ ასეთი ავტომობილის გამონაბოლქვი უქმნის პრობლემას ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს. 1-ელი ივნისიდან იწყება სახელმწიფო დაწესებულების ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება და ეს ერთიანად რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის მოწესრიგებას. ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გვაქვს განსაკუთრებული ყურადღება. წელს პრიორიტეტად არის ეს მიმართულება დასახელებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე მონაწილეობა მიიღეს ქუჩის დასუფთავების აქციაში. მათ დღეს დიღომში, ავტოტესტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დასახლების ტერიტორია დაასუფთავეს.