"ჩემს შვილს მისი სახელი - ელენე დავარქვი" - რას ყვება ნინი ბადურაშვილი ელდარ შენგელაიას გარდაცვლილ ქალიშვილზე? - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს მისი სახელი - ელენე დავარქვი" - რას ყვება ნინი ბადურაშვილი ელდარ შენგელაიას გარდაცვლილ ქალიშვილზე?

საყვარელი ადამიანები ჩვენგან ნაადრევად მიდიან თუ ღრმა სიბერის ჟამს, მათი სიკვდილი დიდ ტკივილს გვაყენებს. ჟურნალმა "გზამ" გადაწყვიტა მომღერალ ნინი ბადურაშვილისთვის, მსახიობ ჯანო იზორიასთვის, მუსიკოს გიორგი უშიკიშვილისა და მსახიობ ეკა მჟავანაძისთვის გვეკითხა, თუ ვინ არის მათთვის დაუვიწყარი...

"სიზმარში ისე მიხარია, რომ რეალობაში დაბრუნება მწყინს"

ნინი ბადურაშვილი:

- ჩემი მეგობარი - ელენე შენგელაია (ელდარ შენგელაიას შვილი) სამწუხაროდ, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. საოცარი, "სუფთა", ალალი ადამიანი იყო - ცხოვრებისგან "გაფუჭებული" არ გახლდათ... იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა ჰქონდა. მასთან ერთად ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყავი. თითქმის მთელ დროს ერთად ვატარებდით. სიზმრებში ხშირად ვხედავ. რამდენჯერმე ისეთი სიზმარიც ვნახე, რომელშიც თითქოს რაღაც საფრთხეზე მიმანიშნა და შემდეგ, რეალურად მართლა ასე მოხდა...

რაღაცნაირად, ამ ადამიანთან სულიერ კავშირს ვგრძნობ. მენატრება, მართლა ძალიან დამაკლდა. ჩემს შვილს მისი სახელი - ელენე დავარქვი. არ მჯერა, რომ აქ არ არის. ისე მინდა, ცოცხალი იყოს, მესიზმრება ხოლმე, რომ ჩემთან მოდის და მეუბნება, - იცი, ნინი, მე განვიკურნე. ისევ შენთან ვარო (არადა, არაფერი სჭირდა). სიზმარში ისე მიხარია, რომ რეალობაში დაბრუნება მწყინს. ელენე ჩემთვის დიდი ნათელი წერტილი იყო, რომელიც სამწუხაროდ, ჩაქრა და მისი სახით, რაღაც ძალიან დიდი გამომეცალა - ჩემი უახლოესი მეგობარი და დიდი ტკივილი...

eldar-shengelaia-1-49-1702304283.jpg

ასევე, ჩემთვის დაუვიწყარია ჩემი ახლო მეგობარი - ზუკა სახელაშვილი, რომელიც ასევე, უდროოდ წავიდა ჩვენგან. ის სპორტსმენი, სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი, ძალიან კარგი ადამიანი იყო. მართლა ასე მგონია, რომ კარგი ადამიანები ადრე გვტოვებენ... მასაც იუმორის ძალიან კარგი გრძნობა ჰქონდა - ზუსტ დროს იცოდა თქმა... ელენე ჩემი ბავშვობის მეგობარი გახლდათ, ზუკა კი - მერე შეძენილი, მაგრამ ზუკასთან ერთად გატარებული დროიდან უამრავი კარგი კარგი რამ მახსენდება. ეს ადამიანიც ჩემთვის საოცრად მალე "მორჩა" და ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა. დღეს ის ძალიან მაკლია...

ასევე, მინდა, კიდევ ერთი ადამიანი, ბებიაჩემი - შურა გავიხსენო, რომელიც 101 წლისა გარდაიცვალა. შურა ჩემთვის სიცოცხლის სიმბოლო გახლდათ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ შვილი გარდაეცვალა, ქმარიც ნაადრევად დაკარგა, თავის პრობლემას თავს არასდროს მოგახვევდა - ცუდ ხასიათზე, მოწყენილი არასოდეს იყო. 96-97 წლამდე საგურამოში ცხოვრობდა. სადამდეც შეეძლო, ფიზიკურად შრომობდა, გარეთ გადიოდა... ყოველთვის ვეკითხებოდი, - შენს ასაკამდე როგორ მივაღწიოთ, რომ ასე ჯან-ღონით სავსე ვიყოთ-მეთქი? მეუბნებოდა, - ბოღმიანი არასდროს ვყოფილვარ. ეცადე, ბოღმა არ ჩაიდო გულში და ნაკლები ინერვიულოო. ვცდილობ, მისი რჩევები გავითვალისწინო. ისიც ძალიან მენატრება. რაც თავი მახსოვს, შურა ბებოც იყო... ახლა რომ აღარ არის, ძალიან დამაკლდა...

იხილეთ ასევე: "მას მერე, რაც უწმინდესმა გვითხრა, ელენეს სული ცოცხალიაო, სხვაგვარად შევხედე ყველაფერს"