"კაცები შეშინდნენ და აღარ მეკარებიან..." - კვირის პალიტრა

"კაცები შეშინდნენ და აღარ მეკარებიან..."

სულ მალე "თბილისი ლაივი" "ბათუმი ლაივად" მოგვევლინება, რადგან ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ ბომონდური თავყრილობა "თეთრ და ქათქათა" ბათუმში გადაინაცვლებს. გადაცემის წამყვანს, თიკო სადუნიშვილს, ბათუმში წასვლამდე სილამაზის სალონში შევხვდი.

ეპიზოდები ბავშვობიდან

დედაჩემი, ნანა სალუქვაძე, ბალერინა გახლდათ - 32 წელი იმუშავა ოპერისა და ბალეტის თეატრში. სანამ დედა სცენაზე იყო, მისი მეგობრები კულისებში მართობდნენ, ძალიან პატარა ვიყავი და ბუნებრივია, დედა რომ თვალს მოეფარებოდა, ტირილს ვიწყებდი. როცა წამოვიზარდე, დედამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემიყვანა. პედაგოგები დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 14 წლისამ უარი ვთქვი ბალერინობაზე.

არ მინდოდა დაკუნთული და დაკოჟრილი ფეხები მქონოდა. ჯერ მსახიობობა მინდოდა, მერე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. აკადემიის სტუდენტი კი გავხვდი, მაგრამ სულ თეატრალურ ინსტიტუტთან ვტრიალებდი. ყველა მეგობარი იქ მყავდა.

მამაჩემი, რეზო სადუნიშვილი ისტორიკოსი და ჟურნალისტი გახლავთ. როგორც კი საზაფხულო არდადეგები დამეწყებოდა, წიგნებს გადმომილაგებდა და მეტყოდა: - თიკო, ამ ზაფხულს უნდა გადააბულბულოო.

სანამ მამა შინ იყო, მის დასანახად გადავშლიდი წიგნს, როგორც კი კარს გაიხურავდა, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი ეზოში. იმდენი ეშმაკობაც არ მყოფნიდა, რომ დაბრუნების დროს შინ დავხვედროდი.

ამიტომაც გახშირდა ჩემი დასჯა, - ჩამკეტავდა ოთახში წიგნებთან ერთად, საჭმელ-სასმელს ბლომად მიტოვებდა და აბა, საღამოს არ ჩამერაკრაკებინა, რაც წავიკითხე.

რომანული ეპიზოდები

პირველ კურსზე ვიყავი, როცა მიშა ბალუაშვილი გავიცანი - იურიდიულზე სწავლობდა. ვაკეში, "ყავის სახლში" შევხვდით ერთმანეთს. პირველივე დღიდან "დაგვეტაკა" სიყვარული. იმ დღიდან დიდი დრო გავიდა, ახლა რომ ვაცნობიერებ, ვხვდები, ასე ძალიან არავინ მყვარებია. დღეს მარტო ვარ, თუმცა რატომ მარტო? მყავს 8 წლის შვილი, დათი, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, მყავს დედა, მამა, ძმა, უამრავი მეგობარი. რაც, მთავარია, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მაინტერესებს და მომწონს.

როცა ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზით ინტერესდებიან, ყველასთან ვამბობ, - მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და პასუხისმგებლობას ოჯახის მიმართ ვერ ვაცნობიერებდით.

KvirisPalitra.Geსოსო თოლორაია "მაესტროში" გავიცანი და სანამ ჩვენ შორის მართლა დაიწყებოდა რომანი, იმდენი რამ გამოიგონა ხალხმა, იმდენი დაიწერა, რომ ჰგონიათ, წლები ვიყავით ერთად.

ჩვენი დაშორება "ვასასების" და მოსეირე ადამიანების ბრალია. ექვსი თვე ვიყავით ერთად და არც ერთი დღე ცუდად არ მახსენდება. როგორც კი ბზარი გაჩნდა, მაშინვე წამოვედი მისგან.

საერთოდ, დაშორებების ინიციატორი ყოველთვის მე ვარ. არც ჩემი ნაბიჯის გამო ვნანობ რაიმეს.

ვატო ყიფიანსა და ჩემზეც ბევრი იჭორავეს. არადა, იცით, რამდენი რამ იყო გამოგონილი? განცვიფრებული ვკითხულობდი ყვითელ პრესას. წერდნენ და ლაპარაკობდნენ იმას, რაც სინამდვილეში არ მომხდარა, მაგრამ მერე რა? ხალხი თხზავდა "მძაფრსიუჟეტიან რომანს". გეთანხმებით, კვამლი უცეცხლოდ არ იქნება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში "კვამლი" ჩვენი მესიჯური რომანი იყო და მეტი არაფერი.

ამ ბოლო ხანს ხალხი ალაპარაკდა ჩემი და გენო მალაზონიას ურთიერთობაზე (იგი "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გახლდათ). ერთად გამოვჩნდით ერთ-ერთ თავყრილობაზე. თან "თბილისი ლაივის" ჩაწერა მქონდა, მაგრამ საზოგადოებას უმალ თვალში მოვხვდით და... არადა, ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობის გარდა არაფერი ყოფილა. გენო ახლახან დააკავეს.

ზოგი ვითომ ხუმრობით, მაგრამ ცინიკურად მეუბნება: - ხომ ხედავ, კაცებს შენთან ურთიერთობა ცუდად აქვთ დაცდილი, ამიტომ ნურავის დაიმეგობრებო. მგონი, ბევრი მართლაც შეშინდა და აღარ მეკარება...

"მაესტროში" ყოფნისას ისეთ შარში გავეხვიე, რომ გადავწყვიტე, მითქმა-მოთქმისგან დამესვენა და წამოვედი.

ვამბობდი, 23 წლის ასაკში პენსიაზე გავედი-მეთქი. ახლა მეცინება, ვითომ ვხუმრობდი და სამი წელი მართლა პენსიონერივით ვცხოვრობდი.

ჩემი დათუნა

მას მოფერებით ხან დათის, ხან დათუნას ვეძახი. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია. ამას წინათ, ერთ-ერთი გაზეთისთვის ჟურნალისტმა ჩაწერა, პოლიტიკაზე ბევრი კითხვა დაუსვა. დათუნა ინტერვიუს შემდეგ გახარებული დამხვდა, - ყველა კითხვას ვუპასუხეო. სპორტულ სკოლა "ოლიმპოში" დადის. ძალიან უყვარს ცურვა. გაკვეთილებს როცა ამზადებს, თუ შინ ვარ, გვერდით მივუჯდები. მათემატიკაზე როცა მიდგება საქმე, დათი ზეპირად მპასუხობს, მე კი ჩუმად ვიღებ კალკულატორს და მის პასუხს ვამოწმებ.

"მაესტროდან" - "თბილისი ლაივამდე"

2001 წელს კლუბში ვიყავი მეგობრებთან ერთად. გადაღებაზე მამუკა ღლონტმა შემამჩნია თურმე. ჩემი ინტერვიუ მოეწონა და თავისთან დამიბარა. სამი თვის განმავლობაში ე.წ. "საპილოტო" გადაცემებს ვწერდი. გადაცემის გასვლის წინადღეს "მაესტროს" სამხატვრო ხელმძღვანელმა ეკა აკობიამ მითხრა, ეს შენი საქმე არ არის, სჯობს, სხვა რამ აკეთოო. შოკში ჩავვარდი, მთელი ღამე არ მეძინა. გადავწყვიტე, მეორე დღეს მამუკა ღლონტთან მივსულიყავი და მეთხოვა, კიდევ ერთი შანსი მოეცა. დამთანხმდა და "ათეულის" წაყვანა შემომთავაზა. კარგად გამომივიდა. მერე "ტოროლაში" გადავინაცვლე.

მამუკა იხვის მახინჯ ჭუჭულს მეძახდა. ჩემი სურვილით წამოვედი "მაესტროდან". სამწლიანი პაუზის შემდეგ კი "დიორის" პრომოუთერი გავხდი. ცოტა ხანში "თბილისი ლაივის" წაყვანა შემომთავაზეს.

ახლა ჩემსა და შორენა ბეგაშვილის დაპირისპირებაზეც ბევრს ლაპარაკობენ. არადა, კონფლიქტი არ მოგვსვლია. უბრალოდ, ერთ-ერთი ჩაწერის დროს ვკითხე, შეგიძლია თუ არა, შენს იმიჯმეიკერს, გუდუნას, ტუჩებში აკოცო-მეთქი. იწყინა, - მაგას როგორ ვიზამო? - მაგაზე უარესი არ გააკეთე ფილმში ("ოცნების ქალაქი"), მთლად გაშიშვლდი და ყველას თვალწინ სექსი გქონდა-მეთქი.

როცა კინოში ან შოუბიზნესში ხარ, სითამამეც გჭირდება და სიახლეც. მაგრამ, რაც შორენამ გააკეთა, მე ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ასეთი "მსხვერპლი" მიუღებელია. ამიტომაც ვკითხე შორენას...

ჯერ გაბრაზდა, შემდეგ კი საზოგადოებას დაანახვა, რომ ჩემზე აღარ იყო ნაწყენი და... ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ. ამან ბევრი გააღიზიანა, ბევრსაც მოეწონა.

შორენასთან საქმიანი ურთიერთობის გარდა, არაფერი მაკავშირებს. ჩვენ სხვადასხვა ინტერესების ადამიანები ვართ...

შეყვარებული თიკო

კრისტიან დიორს ჰკითხეს: რა ასაკშია ქალი ყველაზე მომხიბვლელიო და - როცა შეყვარებულიაო.

როცა მიყვარს, სიყვარულზე წინ ვერაფერს ვაყენებ. ახლა ნამდვილად არ მინდა სიყვარული, რადგან ვიცი, ჩემს საქმეს ისე ვერ გავაკეთებ, როგორც საჭიროა. პირველ სიყვარულზე გითხარით, ლამაზი და გამორჩეული იყო-მეთქი, მაგრამ მჯერა,

"სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი". ჰოდა, დაველოდები იმ ადამიანს, რომლის გვერდითაც მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებ სიკვდილამდე.