სამხიარულო ვაგონი მტირალას ხეობაში
30-04-2018
სამხიარულო ვაგონი მტირალას ხეობაში
როცა ვაგონით ბაგირზე მიჭრიალებ და უყურებ, როგორ ხტის ჩაქვისწყლის პატარა ტალღები ქვებზე, ჩემს გულსაც კი უხარია და აბა, სტუმარს როგორღა არ გაუხარდება! 39 დღე მხოლოდ ის ლოდი ვამტვრიე, რომელიც წყალზე ვაგონის გადასვლას ხელს უშლიდა. ახლა ჩემი პატარა "მატარებელი" ჭრიალით დასეირნობს მხიარულ მგზავრებთან ერთად!

ჩაქვთან ახლოს, აჭარაში, ულამ­აზესი სოფელია, ჩაქვისთავი. ბოლო დროს, როგორც საქა­რთველოს სხვა მაღალმთიანმა სოფლებმა, აქაურებმაც გული აიცრუეს მშობლიურ ადგილებზე,­ ასე რომ, სოფელში 320 კაციდან დღეს 60-მდე თუ არის
დარჩენილი, მათ შორის, ჰასან გორჯელაძე, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ მისი ულამაზესი სოფელი საბოლოო დაცარიელებისაგან განგებამ გადაარჩინა - მას თავის­ ორ ვაჟთან, ირაკლისა და თემურთან ერთად ფეხი არსად გაუდგამს და თავის სამოთხესავით სოფელში, როგორც უნდოდა, ისე გაშალა ფრთები. ან რატომ არ გაშლიდა? დღეს მტირალას ხეობაში ჩაძირული
ჩაქვისთავის ნახვას უამრავი უცხოელი ნატრობს, 65 წლის ჰასანმა კი სოფელში მომრავლებული ნანატრი სტუმრისთვის ერთი საოცრება ჩაიფიქრა და გააკეთა კიდეც - მდინარე ჩაქვისწყლის თავზე მიმავალი საბაგირო ვაგონი, რომლის დანახვა სტუმრებს ისე უკვირთ, თითქოს მერვე საოცრებას ხედავენ.

- ასეთი ლამაზი სოფელი როგორ უნდა მიმეტოვებინა. როგორ უნდა მეცხოვრა, დილით მთებში ჩაბუდებული ნისლი რომ არ დამენახა და ჩიტების ჭიკჭიკი არ გამეგონა. მოკლედ, ვცხოვრობდი და ვცოცხლობდი - დილით პირუტყვს მივერეკებოდი საძოვარზე, საღამოს ვჩხირკედელაობდი, ხის ლამაზ-ლამაზ ავეჯს ვაკეთებდი, ფუტკარს ვაშენებდი, ყანა მქონდა. სტუმრის მოსვლა ცის გახსნას ჰგავდა, ღამითაც აღარ ვუშვებდი - ჩვენში კაცი სახლ-კარს იმიტომ აკეთებს, სტუმარმაც გაულამაზოს, ადამიანის ყოფას გულის გადაშლის გარეშე რა ფასი აქვს?!
უცხოელი სტუმრები პირველად დაახლოებით ათი წლის წინ გვეწვივნენ. რა დამავიწყებს, ირგვლივ გაოცებულები რომ იხედებოდნენ, სად მოვხვდითო. ინგლისურის რა ვიცი, მაგრამ მათ ვინც ახლდა, იმ კაცმა მითხრა, იცი, ჰასან, რას ამბობენ?­ ასე­თი სილამაზე ჯერ არ გვინახავსო! გამეცინა, მე თუ არ ვიცი, აბა, ვინ იცის, რომ აქაურობას არაფერი შეედრება-მეთქი. მერე დაიწყო და დაიწყო სტუმრიანობა - ჩვენც ამოვისუნთქეთ და სოფელმაც.­ ჩემი ძველი სახლი შევაკეთე და საოჯახო სასტუმრო გავხსენი, სახელმწიფო დამეხმარა.

- ახლა ბევრი სტუმარი გეყოლებათ.

- მტირალას სტუმარს რა გამოულევს!­ ხანდახან დღეში 100 კაცი მაინც მოდის -ზოგს ყავა უნდა, ზოგს კიდევ ჩვენებური აჭარული ბორანო. ჩემი ცოლი კარგი დიასახლისი რომ იყო, ახლა გამოგვადგა, მის ნახელავზე დიდი მოთხოვნაა.

- და თქვენს ნახელავზეც...

- საბაგიროზე, არა? მაგ ვაგონის გაკეთება თავში რომ მომიტრიალდა, მერე ვეღარ დავისვენე. ჩვენი პატარა მდინარის ხეობაზე ვაგონით გადასვლას სულ სამიოდე­ წუთი სჭირდება; სამაგიეროდ, როცა ვაგონით ბაგირზე მიჭრიალებ და უყურებ, როგორ ხტის ჩაქვისწყლის პატარა ტალღები ქვებზე, ჩემს გულსაც კი უხარია და აბა, სტუმარს როგორღა არ გაუხარდება! მით უფრო, თუ ბავშვები ახლავთ, ჟრიამულით შეცვივდებიან ხოლმე ვაგონში.

- მერედა, ეგ თქვენი საბაგირო საშიში არ არის?

- ეგ შიში, ჩემო ბატონო, ექსპერტებსაც რომ გაუჩნდათ, იმიტომ მოვიდნენ შესამოწმებლად, თანაც ისე, რომ მე არც გამაფრთხილეს. მერე მითხრეს, ასეთი საიმედო­ ბაგირები სად იშოვე, რომ წუნი ვერ დავდეთო?! სად ვიშოვე და, სადაც აწ გარდაცვლილმა საბჭოთა მთავრობამ გადაყარა, მე რატომღა არ უნდა ამეღო?! იმ დროიდან ვფიქრობდი, რაში გამოვიყენო-მეთქი და აი, გამოვიყენე, ამაზე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი. ახლა მგზავრები ჩემს საბაგიროსაც ეყოლება და მიხარია. ამ პატარა ვაგონს დიდხანს ვაკეთებდი, 39 დღე მხოლოდ ის ლოდი ვამტვრიე, რომელიც წყალზე ვაგონის გადასვლას ხელს უშლიდა. ახლა ჩემი პატარა "მატარებელი" ჩაქვისწყალზე ჭრიალით დასეირნობს მხიარულ მგზავრებთან ერთად!

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით