საშიში მინდორი თბილისში!
30-04-2018
საშიში მინდორი თბილისში!
მინდორზე ძაღლების ძვლებია მიმოფანტული. ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი სასაკლაოა და აქ ახლა მსხვილფეხა საქონელი ბალახობს... ადრინდელი ე.წ. ბეიკერის ორმოები - დაბეტონებული სამარხები, დღეს ღიაა და სხვადასხვა დაავადების კერას ქმნის...

შავი ჭირი, ციმბირის წყლული, ქოლერა და სხვა მსგავსი დაავადებები გასული საუკუნის ეპიდემიებად ცოცხლობენ ჩვენს მეხსიერებაში. ეპიდემიებად, რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსოფლიო მასშტაბით იმართება კონფერენციები, სემინარები და საჯარო ლექციები ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, ინფორმაციები ვრცელდება მშენებლობისა თუ ავტომანქანების გამონაბოლქვის მავნებლობის შესახებ, ეკოლოგიური
კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მსოფლიომ ელექტროენერგიის გამორთვის დღეც კი დააწესა, ჩვენ კი გასული საუკუნის ყველაზე საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეზე გვიწევს საუბარი.

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაი­ონში, ე.წ. გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუქმებული ნაგავსაყრელია. ალაგ-ალაგ ნაგვის გროვები და მღრღნელების სოროები მოჩანს. იქვე ახლოს ორი პატარა, ნახევრად დანგრეული ნაგებობაა. მიახლოებასთან
ერთად უსიამოვნო სუნი მძაფრდება. გზად ავტომანქანა გვხვდება. ახალგაზრდა მძღოლი ინტერვიუზე უარს ამბობს, თუმცა, გვიმხელს, რომ ადრე ტერიტორია ღობით იყო შემოსაზღვრული, მერე მოიპარეს. ახლა ყოფილი სასაკლაოს ტერიტორიაზე უამრავი ძვალი ყრია და ჩამარხვაა საჭირო. მინდორზე ძაღლების ძვლებია მიმოფანტული. ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი სასაკლაოა და აქ ახლა მსხვილფეხა საქონელი ბალახობს... ადრინდელი ე.წ. ბეიკერის ორმოები - დაბეტონებული სამარხები, დღეს ღიაა და სხვადასხვა დაავადების კერას ქმნის. აქვე გადის ცენტრალური გზა... უახლოესი დასახლებული პუნქტიც რამდენიმე კილომეტრშია. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ინფექციებს თუ გადავურჩით, შეიძლება, საშიშ მინდორში გამოკვებილი პირუტყვის­ რძისგან დამზადებული პროდუქტებით მოვიწამლოთ, რომელიც მაღაზიის დახლებიდან ჩვენს სუფრაზე იოლად აღმოჩნდება... სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიები­ მანამდე ცოცხლობს, სანამ არსებობს მათი კვების წყარო, ამ შემთხვევაში, ძაღლის ძვლები. როგორც მედიკოსები ამბობენ, ტემპერატურის მატებასთან ერთად დაავადების გავრცელების საფრთხეც იზრდება. გარდა ტემპერატურისა, საშიშია წვიმა და ნიაღვარი, რადგან შეიძლება ინფექცია უფრო შორს გავრცელდეს. სახიფათოა ბაქტერიების ნიადაგში მოხვედრაც - ხრწნის პერიოდში შესაძლებელია, მიკრობი სასმელ წყალს შეერიოს.

"სასწრაფოდ აცნობეთ მერიას"

ექიმი-ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი, პროფესორი მარინა გიორგობიანი სწორედ ამ საფრთხეებზე გვესაუბრება:

- სიტუაცია მეტად საშიში და სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამ ადგილას თავს მოიყრიან მღრღნელები, მწერები, ტემპერატურის მატებასთან ერთად კი გამრავლდებიან კიდეც. ყველა ცოცხალი ბაქტერია, ვირუსი, ჭიის მატლი გახდება­ იმ ცხოველების საკვები, რომლებიც იქ ბალახობენ.

საშიშროება ორმხრივია: დაასნებოვნოს საქონელი და გარდაიქმნას ძლიერმოქმედ შხამებად. ეს ბაქტერიები შეხებითაც გადადის და ნარჩენების ლპობისას ტოქსინებად იქცევა.
სასწრაფოდ საჭიროა სანიტარიული დამუშავება. ეს მომწამვლელი ნივთიერებები გაცილებით მაღალი კონცენტრაციით მოხვდება ჰაერსა და გარემოში. მოსალოდნელია ნიადაგის დაბინძურება პერიმეტრზე, წვიმისა და ნიაღვრის შემთხვევაში კი, შესაძლოა, დიდი ფართობიც დაბინძურდეს. თუ ნაკადი ნიადაგში ჩაიჟონა, გაჩნდება ინფექციების გავრცელების საფრთხე, ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე პირუტყვი ბალახობს და მიკრობები, შესაძლოა, რძის პროდუქტებში მოხვდეს. თვითგაწმენდის უნარი აქვს გარემოსაც და წყალსაც, მაგრამ გადამტანი ინფექციის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს.

- რა დაავადებების საფრთხე არსებობს?
- მაგალითად, ციმბირის წყლულის, ის განსაკუთრებით საშიში დაავადებების ხუთეულში შედის. იმედი მაქვს, რომ თბილისის მერია დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს.

- ცხოველის ძვალზე რამდენ ხანს ცოცხლობს ბაქტერია?
- ბაქტერიები იქნება მუდმივად, სანამ იქნება ორგანიკა ანუ სანამ ექნებათ საკვები.

- რა პრევენციული ზომებია მისაღები?
- თავდაპირველად აუცილებელია შემოღობვა, ორგანიკის მოშორება და დაწვა სპეციალურ პირობებში, მაგალითად, სამხედრო ჭებში, რომლებიც რუსულმა ჯარმა პოლიგონებზე დატოვა. სარაკეტო ორმოები სახელმწიფოსთვის ძვირად ღირებული სიამოვნებაა და სანამ თანამედროვედ აღჭურვილი გადამმუშავებელი ქარხანა აშენდება, შეიძლება ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზებზე დატოვებული ჭების გამოყენება მყარი ნარჩენების დასამარხად. მინდა გთხოვოთ, სასწრაფოდ აცნობოთ თბილისის მერიას ამ პრობლემის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე მოგვარდება.
საგანგაშოა მოქალაქეების გულგრილ­ობაც. დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია დასახლებული პუნქტიდან არცთუ შორს არის და აქ ბევრი ადამიანი დადის, დღემდე შესაბამისი უწყებებისათვის არავის მიუმართავს. თუ ეს გულგრილობით კი არა, უცოდინარობით არის გამოწვეული, სიტუაცია უფრო საგანგაშოა.

"გპირდებით!.."

გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარ­მა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ საშიში მინდვრის"შესახებ "კვირის პალიტრისგან" შეიტყო. იგი უახლოეს დღეებში ადგილზე ინსპექტორების გაგზავნასა და პრობლემის შესწავლას გეგმავს.

- სამწუხაროდ, არაფერი ვიცოდი ამ პრობლემის შესახებ. გპირდებით, პირველივე სამუშაო დღეს ჩვენი ინსპექტორები წავლენ ამ ადგილზე პრობლემის შესწავლისა და რეაგირების მიზნით.

P.S. არსებული ინფორმაციით, პრობლემა მხოლოდ გლდანის ყოფილი სასაკლაო არ არის. ასეთი პრობლემა ყველა რაიონშია, სადაც ცხოველები იკვლება. მხოლოდ ნაგავსაყრელამდე ნარჩენების მიტანა არ კმარა. გარდა სეპარირებისა, ნარჩენებს განადგურება სჭირდება სპეციალურ სანგარში მანამდე, სანამ თანამედროვე გადამმუშავებელი ქარხანა აშენდება... ეს ინფორმაცია რომ არ დარჩეს "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, საჭიროა, პრობლემა დაუყოვნებლივ გადაიჭრას. იმისათვის, რომ კანონი კანონობდეს, აუცილებელია შესაბამისი სამსახურების მონაწილეობა ნარჩენების უსაფრთხოდ, კოდექსით დადგენილი წესით განთავსების საკითხის მოგვარებაში.

სახიფათო ნარჩენების კოდები

საქართველოს კანონში, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 დანართში ვკითხულობთ, რომ სახიფათო ნარჩენებად გასაზღვრულია მახასიათებლები, კოდებით: H9, H12, H14.
H 9 - მიკროორგანიზმები ან მათი ტოქსინები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება.
H 12 - ნარჩენები, რომლებიც წყალთან, ჰაერთან ან მჟავასთან ურთიერთქმედებისას ტოქსიკურ ან მეტად ტოქსიკურ აირებს გამოყოფს.
H14 - ეკოტოქსიკური"ნარჩენები, რომ­ლებმაც შესაძლოა შეუქმნას დაუყოვნებელი ან განგრძობადი რისკი გარემოს ერთ ან რამდენიმე სექტორს.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების მართვას, ამავე კოდექსის მე-5 მუხლში - "ნარჩენების მართვის პრინციპები" - ვკითხულობთ:

"ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე, კერძოდ, ისე, რომ ნარჩენების მართვამ:
ა) საფრთხე არ შეუქმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორასა და ფაუნას.
ბ) არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით.

თორნიკე ყაჯრიშვილი
?!?!?!
02 მაისი 2018 08:54
მაგარია, გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა ინსპექტორმა "საშიში მინდვრის" შესახებ "კვირის პალიტრისაგან" შეიტყო, "კვირის პალიტრამ" კი ინფორმაცია ტოქსიკოლოგი პროფესორისაგან მიიღო, ესენი ერთმანეთთან "კვირის პალიტრის" მეშვეობით უნდა ურთიერთობდნენ?!

რედაქტორის რჩევით