"თუკი ისრაელში წყალი არ იყო, არხები რისთვის სჭირდებოდათ!"
30-04-2018
"თუკი ისრაელში წყალი არ იყო, არხები რისთვის სჭირდებოდათ!"
წყალმა იმდენი ქვა-ღორღი მოიტანა, რომ ლამით დაფარულ გარდაცვლილებს რამდენიმე დღე ეძებდნენ

ამ დღეებში ისრაელში დატრიალებულ ტრაგედიას მსოფლიო გამოეხმაურა - ნეგევის (ებრაულად: "მშრალი") უდაბნოში მოვარდნილმა წყალმა ცხრა ადამიანი დაახრჩო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები უდაბნოში სამხედრო სწავლებისთვის გაემგზავრნენ. ისრაელში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გოგონებიც იხდიან და უდაბნოს დამშრალი მდინარეების კალაპოტებში ხშირად ვარჯიშობენ.

ლაშა ჟვანია, ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი:

- ისრაელის უდაბნოში, დამშრალ ხევებში, წყალი სეზონური წვიმების დროს თუ გამოჩნდება რუებად, მერე ისევ შრება, ახლა
კი სეზონური წვიმების შედეგად წყალი იმდენად სწრაფად და იმ რაოდენობით მოვარდა, ბავშვებმა მშრალი ხევიდან ამოსვლა ვერ მოასწრეს. მდინარემ ხევი რომ ამოავსო, ნაპირიდან გადმოვიდა და ლოდები და კლდეების ნაშალი წამოიღო.

- კადრებში წყალი მოყვითალო-მოშავოა...

- სავსეა უდაბნოს კლდეების ნაშალით და იმიტომ. წყალმა იმდენი ქვა-ღორღი მოიტანა, რომ
ლამით დაფარულ გარდაცვლილებს რამდენიმე დღე ეძებდნენ.
ახლა ერთ ფაქტს ვიტყვი, რომელიც, ალბათ, 5-6 წლის შემდეგ გამოქვეყნდება, როცა მეცნიერული კვლევის შედეგებით დადასტურდება: ჩემმა მეგობარმა მეცნიერებმა ისრაელში მიმიწვიეს, სადაც იერუსალიმში ახლად აღმოჩენილი არხი მაჩვენეს. ამ არხს გვერდით მიუყვება გზა, რომლითაც იესო ტაძარში დადიოდა. სწორედ ამ გზით შევიდა ტაძარში იმ დღესაც, როცა იქიდან ვაჭრები და ცხოველები გამოყარა. ეს არხი დაახლოებით ძვ.წ. II-I საუკუნეებშია გაჭრილი და ორი მეტრი სიმაღლისაა. თუკი ისრაელში წყალი არ იყო, არხები რისთვის სჭირდებოდათ! ბიბლიის მიხედვით, მდინარე იორდანე იმხელა იყო, რომ მასში ებრაელებმა ქალაქში შესასვლელად თორმეტი ცალი 5-6-მეტრიანი ლოდი ჩააგდეს. ამ მდინარეში ვერც ვერავინ გადიოდა, ელია წინასწარმეტყველის გარდა - ხალენს დაჰკრავდა წყალს, მდინარე დადგებოდა და გადავიდოდა. როცა ელია ცად ამაღლდა, ხალენი მის მოწაფეს ელისეს ერგო. მერე ხალენი საქართველოში ჩამოიტანეს და დღესაც სვეტიცხოველშია. ასე რომ, ისრაელი მუდამ ჩვენს გულში იქნება, მისი ტრაგედია კი ჩვენი გულისტკივილია.

ეთერ ერაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით