სოხუმის ომის არაადამიანური ფრაგმენტები
სოხუმის ომის არაადამიანური ფრაგმენტები
"იმ დღეებმა, როგორც ყველა ომგამოვლილს, მეც საშინელი დაღი დამასვა. ის სურათი გონებიდან არ ამომდის - ძაღლი, რომელსაც ცხოველს ვეძახით, სიკვდილის შემდეგად არ ტოვებდა პატრონის ცხედარს. ადამიანებმა კი ერთმანეთი არ დაინდვეს..."

"სოხუმში, სურსათის მაღაზიასთან ძაღლები ერთმანეთს უღრენდნენ. შიდა წრეზე განლაგებულები გარშემო შემოსეულ მაწანწალა ძაღლებს ალყის გარღვევის უფლებას­ არ აძლევდნენ - თითქოს რაღაცას იცავ­დნენ... მაღაზიიდან კაცმა გამომხედა და რუსულად მითხრა, ეზოს ძაღლები დახოცილი ადამიანების გვამებს მაწანწალა ძაღლებისგან იცავენ... წუხელ ჯერ ერთი ძაღლი
ყმუოდა, შემდეგ სხვებიც შეუერთდნენ. მალევე მაწანწალა ძაღლებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ეზოს ძაღლები ცხედრებამდე არ უშვებენ... მას შემდეგ ვდარაჯობ... როგორც კი გავრეკავ მაწანწალებს, ორი იმდენი მოდის. რომ არა ეზოს ძაღლები, ვერ მოვერეოდიო", - ასე იხსენებს სოხუმის დაც­ემის მეორე დღეს სოხუმელი ნიკოლ­ოზ კვარაცხელია, რომელიც საკუთარ და ქართველი ახლობლების
სახლებს მეთვალყურეობდა და რამდენიმე თვე აფხაზი ახლობლის სახლში იმალებოდა...

ნიკოლოზ კვარაცხელია სოხუმის დაკარგვის მეორე დღეს იხსენებს: - რა დამაძინებდა წინაღამეს... სოხუმის ცას ტყვიების ზუზუნი გლეჯდა. შუაღამის სიჩუმეში ცეცხლმოკიდებული სახურავების ტკაცატკუცი და სახლის კედლების ჩამოქცევის ხმა ისმოდა. ამ ტკივილს ვერ აღწერ, თითქოს სამყარო გენგრევა თავზე. ძაღლების ყმუილი იქაურობას აყრუებდა... რუსულ, აფხაზურ და სხვა კავკასიურ ენაზე გადაძახილებით, ქართველებს სარდაფებში, სხვენსა და მიტოვებულ სახლებში ეძებდნენ... 28 სექტემბერი თენდებოდა... აფხაზური და რუსული კარგად ვიცოდი. გავბედე და ქუჩაში გამოვედი. რამდენიმე სახლს იქით, ჩემს სახლს რომ შევავლე თვალი, ამოვისუნთქე, ჯერაც მთელი იყო. ცენტრისკენ წავედი, იქნებ ვინმე ჩვენიანს შველა სჭირდება-მეთქი.­ მთელი ღამის ნაზეიმარი აფხაზები ამ დროს ისვენებდნენ... უცებ ძაღლის ღრენა შემომესმა. ეზოს ძაღლებიდან ერთი ვიცანი,­ ქართველი პატრონის იყო. ლეკვობაში ბავშვებმა ტირის თოფი ესროლეს და კუდი უცნაურად ჰქონდა დაგრეხილი. გაბურძგნილი და გაძვალტყავებული ბოროტი თვალებით მიყურებდა და საზარლად მიღრენდა. მისი პატრონი ოჯახთან ერთად ადრევე წავიდა და სახლი ახლობელ აფხაზს ჩააბარა, ძაღლიც დატოვა­ - მისთვის ვიღას ეცალა ცეცხლმოკიდებულ სოხუმში. ყველგან ცხედრები ეყარა, არ ვიცი, ვინ იყვნენ, მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო. მათ შორის, რამდენიმე ჩრდილოკავკასიელიც იყო. "ეტი რებიატა ვოენნიე, ნამ პამაგალიო", - მითხრა ერთმა აფხაზმა... ხმა ვერ ამოვიღე...

ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სოხუმი დავტოვე. იმ დღეებმა, როგორც ყველა ომგამოვლილს, მეც საშინელი დაღი დამასვა. ის სურათი გონებიდან არ ამომდის - ძაღლი, რომელსაც ცხოველს ვეძახით, სიკვდილის შემდეგად არ ტოვებდა პატრონის ცხედარს. ადამიანებმა კი ერთმანეთი არ დაინდვეს...

შუადღისთვის მანქანა მოვიდა, ცხედრები ძარაზე ავიტანეთ და სადღაც წაასვენეს, თუმცა სად დამარხეს, არ ვიცი...

"ერთი ვერსიით, მამა ნათლულმა მოკლა"

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით, რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან, სოხუმთან ახლოს, სოფელ იაშტუხას სამარხის გახსნის შემდეგ, ენგურს აქეთ გადმოსვენებული კიდევ 22 პირის იდენტიფიკაცია დასრულდა. ისინი­ აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ... 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 400-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება... მათ შორის ერთ-ერთია გაგრის ტყე-პარკის მაშინდელი დირექტორი კონსტანტინე გუგავა.

ელენე გუგავა, გაგრის მკვიდრი: - მამას 48 ნათლული ჰყავდა, მათ შორის, აფხაზები და სომხები. ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვფიქრ­ობდით, სამშვიდობოს უსაფრთხოდ გადმო­იყვანდნენ, მაგრამ... ერთი ვერსიით, მამა სწორედ ნათლულმა მოკლა, თუკი რამე გაქვს­ გადანახული, წამოიღე და გადაგაპარებო. შემდეგ მისი კვალი გაქრა. გაგრასთან ახლოს ისევ მამას ნაცნობ აფხაზს ტყვიით მოკლული უპოვია და ჩუმად დაუმარხავს... მე და ჩემი ძმა დღემდე ველოდებით მის ადგილსამყოფელზე ინფორმაციას. დნმ-ის ანალიზიც ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ პასუხი ჯერ ვერ მივიღეთ...

ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები