"ივანიშვილი რეალურად არსადაც არ წასულა, ყოველთვის აქ იყო, ჩვენთან, ლენინივით" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი რეალურად არსადაც არ წასულა, ყოველთვის აქ იყო, ჩვენთან, ლენინივით"

"ბიძინას დაბრუნება მაშველი რგოლივით არის აბობოქრებულ ზღვაში"

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ჩვენში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა... ვინ რას ფიქრობს ექსპრემიერის გადაწყვეტილებაზე? - გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას:

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:

- ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება აბობოქრებულ ზღვაში მაშველი რგოლივით არის. ამბობენ არც არსად ყოფილა წასულიო, მაგრამ კარგ რჩევებს თუ იძლეოდა ამაში ცუდი რა არის?! გამოცდილი კაცია!

- გამოცდილია პოლიტიკაში?

- გამოცდილია ეკონომიკაში. არ დაეტყო ჩვენს ქვეყანას ეკონომიური წინსვლაო და ჩვენ ისეთი დანგრეული ქვეყანა გვაქვს, დიდი დრო დაგვჭირდება, სამწუხაროდ, ვითარების გამოსასწორებლად! ჩვენ ქვეყანას არაპროფესიონალიზმი ღუპავს!

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გაკეთებული საქმე ურჩხულის დამარცხებაა! თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია ადამიანისთვის! დღეს მთელი საქართველო თავისუფალია და ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის აკრიტიკებენ, თითქოს სახლში მიჰქონდეს. დენდროპარკი კეთდება და იმას არ აფასებს ის ხალხი, ვინც ხეებს თვითონ ანადგურებდა. უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა! ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი და იმედით შევხედოთ ბატონი ბიძინას ისევ პოლიტიკაში დაბრუნებას!

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:

- საერთოდ აღარ ვლაპარაკობ პოლიტიკაზე, დავასრულე, რა აზრი აქვს საერთოდ რამეს. მომავალი უკვე დიდი ხანია აღარ აქვს საქართველოს და ეს თქვენ ჩემზე უკეთესად იცით!

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი:

- ვფიქრობ, რომ ძალიან დროული იყო ივანიშვილის დაბრუნება, იმიტომ, რომ მთავარი გასაკეთებელი, რაც უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდა. დროა ლუსტრაცია მოხდეს ექსპერტებიდან და მათი არასწორი და მცდარი დასკვნებიდან დაწყებული, იმ ზოგიერთი მაღალჩინოსნით დამთავრებული, რომლებიც უადგილო ადგილას მოხვდნენ და ძალიან კარგად იყენებდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს. შესაბამისად, რეალური წმენდა ახლა დაიწყება.

ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო "ოცნებას", თუმცა 6 წელი საკმარისი იყო, რომ პრობლემებთან გამკლავება დაეწყოთ, კარგია, რომ მათ მიეცათ საშუალება, ბიძინა ივანიშვილის გარეშე გამოჩენილიყო ვის რისი შნო აქვს და ვინ როგორი რანგის პროფესიონალია. ვფიქრობ, ძალიან მალე დაიწყება დალაგების ეტაპი. პირველი ეტაპი იყო რეჟიმის სტრუქტურების გაწმენდა და ეს ბოლომდე ვერ მოხერხდა, სამწუხაროდ, კოჰაბიტაციამ და პორტირებულებმა საქართველო უმძიმეს მდგომაროებამდე მიიყვანეს. იმედია, ის მთავარი შეცდომა, რომელიც დაშვებული იყო პირისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, გამოსწორდება.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- საიდან დაბრუნდა ივანიშვილი, სად იყო წასული? ის ყოველთვის პოლიტიკაში იყო. რეალურად არსადაც არ წასულა, ყოველთვის აქ იყო ჩვენთან, ლენინივით. გინდ ჩირგვებში ყოფილა, გინდ პარტიაში და გინდ მერე პრეზიდენტიც გამხდარა, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება.

მანანა გაბრიჭიძე

თეა ბეჟიტაშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)