"არანორმალური მოვლენა~ ნორმალურ კალაპოტში ბრუნდება?! - კვირის პალიტრა

"არანორმალური მოვლენა~ ნორმალურ კალაპოტში ბრუნდება?!

თემის გაგრძელება

ერთმა გაუბედურებულმა და უსახლკაროდ დარჩენილმა კაცმა -ბორის გეგენავამ, რომელმაც ბინა წინაპრების საფლავზე დაიდო, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ამ "არანორმალურ მოვლენაზე" "კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ 26-ე ნომერში წერდა.

სტატიას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ჩვენ საზოგადოების ყურადღება იმაზეც გავამახვილეთ, რომ სოფელ გეჯეთის სასაფლაოზე მობინადრეს ელექტროენერგიის მრიცხველი დაუმონტაჟეს. თანაც გეგენავას მძიმე სოციალურ მდგომარეობას მისი ინვალიდობაც ამძიმებს.

www.kvirispalitra.ge

ლექსო: საწყალი კაცი! ეს სიუჟეტი უცხოელების ყურამდე მივა და, დარწმუნებული ვარ, ფილმს გადაიღებენ!

როგორც ამბობენ, სასაფლაოს მობინადრე ბორის გეგენავას ბედით ქვეყნის პრეზიდენტიც დაინტერესებულა. სენაკელებმა გვითხრეს, პრეზიდენტის ბაბუის, გივი ალასანიას ფესვები სოფელ გეჯეთიდან მოდისო.

ასეა თუ ისე, სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი სამეგრელოში ჩავიდა. უცნობია, რა დავალება მისცა მან ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ მთავარია შედეგი! როგორც შევიტყვეთ, ბორის გეგენავა აღარ ცხოვრობს სასაფლაოზე, საიდანაც მისი ფიცრული აიღეს. მალე მას გამოყოფილ მიწაზე ახალი საცხოვრებელი ექნება.

გარსევან ჩემია სოფელ გეჯეთის რწმუნებული: -ეზო უკვე შემოღობილია, ჭიშკარიც ჩამოვკიდეთ, გამგეობა 300 ლარითაც დაეხმარა ბორის გეგენავას. ის პენსიასა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირისთვის განკუთვნილ დახმარებასაც იღებს. პირადად მე ბორის გეგენავას "მაგთი ფიქსს" ვჩუქნი.

-გავიგეთ, უცხოელები მასზე ფილმის გადაღებას აპირებენო.

-კი, ოღონდ რომელი ორგანიზაციიდან იყვნენ, არ ვიცი.

გეგენავა ცოლთან გაყრილია, შვილები რუსეთში ცხოვრობენ. -არ მინდოდა, ვინმეს ტვირთად დავწოლოდიო, -ამბობს და საცხოვრებელი სასაფლაოზე ამიტომაც აირჩია. ხალხის ყურადღებამ ადამიანების ნდობა დაუბრუნა. მთავარი სწორედ ეს არის, -"არანორმალური მოვლენა" ნორმალურ კალაპოტში ბრუნდება! ამ კეთილი საქმისთვის ბიძგის მიცემაში ხომ მცირეოდენი წვლილი "კვირის პალიტრასაც" მიუძღვის.

P.S. როგორც ჩანს, ჩვენი საიტის მკითხველის "წინასწარმეტყველება" ახდა…და ბორის გეგენავა ფილმის მთავარი გმირი გახდება.