"დაუმტკიცებ ვინმეს რამეს თუ რა?!" - კვირის პალიტრა

"დაუმტკიცებ ვინმეს რამეს თუ რა?!"

ბოლო დროს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს პრეტენზიას საჯარიმო სადგომების გამო. როგორც ამბობენ, საჯარიმო სადგომებზე გადაყვანილი ავტომანქანები იძარცვება. ძარცვა და ქურდობა რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, ყველამ იცის, მაგრამ მაკვარანცხობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საჯარიმო სადგომზე ქურდობის (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) დამტკიცება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ხათუნა ერემეიშვილი: "იმ ავადსახსენებელ დღეს ორი შვილი დამეღუპა. მანქანა ხეს შეეჯახა, ორად გაიპო და უკანა ნაწილი მტკვარში გადავარდა. ირაკლი იქვე დაიღუპა, ნუკრის კი ორ კვირას მტკვარში ეძებდნენ მაშველები. მოგეხსენებათ, ავარიის შემდეგ ავტომანქანა საჯარიმო სადგომებზე გადაჰყავთ. ჩვენი მანქანაც დიღმის სადგომზე გადაიყვანა საპატრულო პოლიციამ.

მანქანის დათვალიერება გვინდოდა და შვილების დაკრძალვის შემდეგ სადგომზე მივედით. მართალია, მანქანა ძალზე დაზიანებული იყო, მაგრამ გადარჩა სიჩქარეების გადამცემი კოლოფი, კომპიუტერი, ფარები და ბადეები. ეს ფირზე აღვბეჭდეთ. ვფიქრობდით, რომ ამ ნაწილებს (რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია) გავყიდდით და შვილების საფლავს მოვახმარდით, მაგრამ სადგომზე მეორედ მისულებს აღარც გადამცემი კოლოფი, აღარც კომპიუტერი და აღარც ფარი დაგვხვდა.

ემბლემებიც კი მოუხსნიათ. როდესაც პრეტენზია გამოვთქვი, საჯარიმო სადგომის უფროსმა მითხრა, - სადაც გინდა, იქ მიჩივლე, რასაც სასამართლო დამაკისრებს, იმას გადავიხდიო. ამ ქვეყანაში ხომ განუკითხაობაა და სამართლის პოვნა ძნელია. ჯერ ვიღაცამ დამღუპა და მერე კი დამტვრეული მანქანა გაძარცვეს. სადა აქვთ ან ადამიანობა, ან სინდისი?"

თამარ აბესაძე, ადვოკატი: - "ფირზე აშკარად ჩანს, რომ სიჩქარეების კოლოფი და კომპიუტერი ადგილზეა. როცა მანქანა დაღუპული ბიჭების მშობლებმა მოიკითხეს, უკვე გაძარცული იყო. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ საჯარიმო სადგომის მომსახურებაში მოქალაქეები ფულს იხდიან. ამ ოჯახმაც 150 ლარი გადაიხადა. რომ არა ეს ფირი, ვერაფერს დავამტკიცებდით. ამჯერად ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

- სადგომს ხომ დარაჯი ჰყავს და ვიდეოთვალიც აქვს დაყენებული.

- ვიდეოთვალს ღამის ხედვა არა აქვს და, ფაქტობრივად, ბრმაა. სადგომზე რომ შემთხვევითი პირი ვერ მოხვდება და ვერ გაძარცვავს ავტომანქანას, ცხადია. როცა მანქანის დასათვალიერებლად მივედი, დარაჯებმა არაფრით არ შემიშვეს. ავუხსენი, ადვოკატი ვარ, მანქანა უნდა დავათვალიერო-მეთქი და დარაჯი გამომყვა, გვერდიდან არ მომშორებია. ვეჭვობ, რომ მანქანებს სადგომებისავე თანამშრომლები ძარცვავენ. სანამ ფირი არ ვაჩვენეთ, რომ მანქანას სადგომზე კომპიუტერიც ჰქონდა და სიჩქარეების გადამცემი კოლოფიც, გაიძახოდნენ, იქნებ არ ყოფილა და რას გვედავებითო.

ერთ მოქალაქეს ავტოავარია მოუხდა. როგორც ამტკიცებს, მანქანაში დიდი თანხა ედო, მაგრამ  შოკში მყოფს გადაავიწყდა. როცა მანქანას მიაკითხა, ფული აღარ დახვდა. ამ საქმესაც ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს განყოფილება იძიებს.

ცოტა ხნის წინ ჩემს უცხოელ კლიენტს გორის საჯარიმო სადგურზე მანქანიდან საწვავი მოჰპარეს. ჩემი კლიენტის, თურქული ტრაილერის მძღოლის მანქანა საგზაო წესების დარღვევის გამო საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. როცა მანქანის დაბრუნების დრო მოვიდა, მანქანის ავზში ერთი წვეთი დიზელიც აღარ ესხა! არა მგონია, ვინმემ დაიჯეროს, რომ თურქეთიდან მომავალ ტრაილერში საწვავი არ ესხა. სადგომის  მეპატრონესთან დიდი შეხლა-შემოხლა მოგვივიდა და საქმე იმით დასრულდა, რომ საჯარიმოს თანხა - 600 ლარი აღარ გადაახდევინეს".

ამ ამბების მოსმენის შემდეგ დიღმის საჯარიმო ავტოსადგომს მივაკითხე და უფროსთან გასაუბრება მოვითხოვე. უფროსმა როცა ჩემი ვიზიტის მიზანი შეიტყო, ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა. ისე კი მითხრა, ეგ ქალი ფულს მთხოვს, 3.800 დოლარი მომეციო და რაში უნდა გადავუხადო, თუ სასამართლო დამაკისრებს გადახდას, გადავიხდიო. როდესაც დავინტერესდი, როგორ დაიკარგა სიჩქარეების გადამცემი კოლოფი და კომპიუტერი-თქო, რა ვიცი, ეს მანქანა ისეა დაშლილი, იქნებ ვინმეს დალაგების(?!) დროს ჯართი ეგონა და ხელს გააყოლა.

ქურდობას საქართველოში მე ვერ მოვსპობ, ზოგი მთვრალი ზის საჭესთან, ზოგი კაიფში, ზოგს არც ახსოვს, რა ედო მანქანაში და პრეტენზია ჩვენთან აქვთ. რომ ვეუბნები, იჩივლეთ-მეთქი, აღარ ჩივიან, რადგან არც იციან ხეირიანად, სინამდვილეში რა ედოთ მანქანაში და რა არაო(?!).

ზურაბ თოდუა, იურისტი: "დაუმტკიცებ ვინმეს რამეს თუ რა?! მიღება-ჩაბარების აქტს ესენი არ ადგენენ, ხელში დოკუმენტი არ გიჭირავს და ამტკიცე, რა ჰქონდა შენს მანქანას და რა - არა. ამ საჯარიმო სადგომების მომსახურებაში მოქალაქეები არცთუ მცირე თანხას იხდიან, ცხადია, სადგომის მეპატრონეები პასუხისმგებლებიც უნდა იყვნენ დაკარგულ ნივთებზე, მაგრამ კანონი ისეთია, მოქალაქე სიმართლეს ვერაფრით ამტკიცებს, ამიტომ დავასაც აზრი არა აქვს.

საინტერესოა, როცა მიღება-ჩაბარების აქტს არ ადგენენ, როგორ უნდა დაამტკიცო, მანქანაში მაგნიტოფონი გედო თუ ფული? ორიოდე წლის წინ დარღვევის გამო "სი-თი პარკის" მუშაკებმა ჩემი მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. მანქანის ჩემი თანდასწრებით დალუქვა მოვითხოვე, მაგრამ მეორე დღეს წამოსაყვანად რომ მივედი, ლუქი დარღვეული იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ მანქანა შიგნიდან კარგად დაეთვალიერებინათ. ასეთი ფაქტები ძალიან გახშირდა და გამკითხავი კი არავინ არის".

როგორც გავარკვიეთ, საჯარიმო ავტოსადგომების მფლობელებს ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ხელშეკრულების გაფორმების უფლება კი ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა მიიღეს. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ სატენდერო კომისიები, მაშინ როცა საჯარიმო სადგომები მანქანების სასაფლაოს უფრო ჰგავს, ვიდრე სადგომს.

მაგალითად, დიღმის 23-ე სადგომი მოუწყობელი და ჭუჭყიანია, იქაურობა ტალახითა და სარეველებით არის სავსე, არც ვიდეოთვალი მუშაობს გამართულად, ტერიტორიას ვერც დღისით აკონტროლებს ხეირიანად და ვერც ღამით. ჩვენში ტენდერების სპეციფიკიდან გამომდინარე, ალბათ, ყველასათვის ნათელია, რატომ იმარჯვებენ ტენდერებში ასე "კეთილმოწყობილი" სადგომები.