სიკეთის ნამცეცები - კვირის პალიტრა

სიკეთის ნამცეცები

"ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა", - წერდა რეზო ინანიშვილი. მან მართლაც ნამცეცებად გაბნეული სიკეთეები შეაგროვა, ისეთები, როგორსაც ყურადღებას შეიძლება არც კი ვაქცევდით.

სიკეთეა, როცა მიდიხარ შენთვის გზაშარაზე და სადღაც მაღლა ხეზე ჩიტის ბუდეს ამჩნევ. გააფთრებული დაგწივის პატარა ჩიტი: - წი-წი-წი! სხვა რა შეუძლია, შენ დიდი ხარ და ძლიერი, გინდა ბუდეს დაუნგრევ, გინდა - კვერცხებს წაართმევ... შენ კი უღიმი და ხმამაღლა ეუბნები: - "ნუ გეშინია, ჩიტუნია, მე კეთილი კაცი ვარ, კვერცხებს რად დაგიმტვრევ. მე პატარა შვილიშვილები მყავს, შენც გამოჩეკე პატარა ბარტყები და ვიყოთ, შენ - შენს ბარტყებთან, მე - ჩემს შვილიშვილებთან".

სიკეთეა, როცა შეშის დასახერხად მოყვანილ სულ უცნობ კაცს წინასწარ მისცემ ფულს, რადგან კაცია და ენდობი... მერე კი, თუკი თავში მაინც აუგი ფიქრი გაგივლის ობიექტური მიზეზების გამო, ლამაზი ცრემლით დაიტირებ ადამიანურ სიკეთესა და პატიოსნებას.

ლამაზი ცრემლიც სიკეთის მარცვალია, რეზო ინანიშვილმა ცხოვრებიდან რომ ამოკენკა.

სიკეთე უცნაური რამ არის - ძალით ვერ გააკეთებ. რეზო ინანიშვილის მოთხრობაა ერთი - "შავი ალაყაფი". კაცს მძიმე დიაგნოზს დაუსვამენ. გამოდის იმ შავი ალაყაფიდან, სადაც ალბათ ისევ მალე უნდა მიბრუნდეს საოპერაციოდ, ან ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ გამოსამშვიდობებლად ამ ქვეყანასთან. გამოდის და ძალიან უნდა სიკეთე გააკეთოს, ყიდულობს კანფეტებს უცნობი ბავშვისათვის. ის პატარა კი უნდობლობით სავსე თვალებით უყურებს, პირს არ აკარებს ნაჩუქარს, თავს სამშვიდობოზე გრძნობს თუ არა, ძირს ყრის...

ჩვენც ხომ ასე ვართ, შავი ალაყაფის შიშით ერთმანეთს ხელსაც ვუწვდით, ნუგბარსაც ვაწვდით, მაგრამ მხოლოდ შიშით და არა სიყვარულით. მხოლოდ შიშით კი არ გამოდის...

რეზო ინანიშვილი სულ სხვანაირი იყო, სიკეთე მასთან ერთად ცხოვრობდა, ერთი ხელი ნიჭიერებისათვის ჩაეკიდა, მეორე - თავმდაბლობისათვის და მთლიანად ავსებდა სივრცეს, სადაც მწერალი დადიოდა, წერდა, შვილებსა და შვილიშვილებს ეფერებოდა და ალალ ლუკმას აწვდიდა ოჯახს. სწორედ სიკეთეს განედევნა მისი სახლიდან ყველაფერი, რასაც ჩვენ კეთილმოწყობას ვეძახით. განედევნა კი არა და, არ შემოეშვა, თორემ, არც არასოდეს ყოფილა უზრუნველყოფილი... სამაგიეროდ, სიმდიდრე, რომელსაც ვერაფერი გაანადგურებდა, თავად მისგან მომდინარეობდა.

სწორედ უზრუნველობისათვის არ ემეტებოდა თავიცა და საყვარელი ქართველებიც:

"ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას, ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა სხვა დაავადებათა შორის".

იქნებ ამიტომაც რეზო ინანიშვილის "ქართული პროზის საგანძურის" სერიით გამოსული კრებული ყველაზე საჭირო სალბუნად უნდა ვაქციოთ და წონასწორობადაკარგულ სამყაროში მისით გავიმაგროთ დაღლილი გულები. ამ წიგნში ხომ ნამცეცებად შეგროვებული სიკეთეები გელოდებათ.

უბრალოდ, მშრალი ბიოგრაფია...

რეზო ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, სოფელ ხაშმში. 1937 წელს ოჯახი თბილისში გადასახლდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საავიაციო ქარხანაში, შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წელს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მალე ოჯახური პირობების გამო სწავლა მიატოვა და სამგორის არხის მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა.

ნიკო კეცხოველის დაჟინებული თხოვნით ისევ უნივერსიტეტს დაუბრუნდა. გამოცემულია მისი ოცამდე წიგნი.

რეზო ინანიშვილის სცენარის მიხედვით გადაღებულია შვიდი ფილმი და დადგმულია ორი სპექტაკლი. გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.