"პრეზერვატივზე წმინდანის გამოსახვა მეტისმეტია, დაჯარიმება კი არა, თავზე უნდა დაახიონ!" - კვირის პალიტრა

"პრეზერვატივზე წმინდანის გამოსახვა მეტისმეტია, დაჯარიმება კი არა, თავზე უნდა დაახიონ!"

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თუ მკრეხელობის აღკვეთა?

"სასამართლოს გადაწყვეტილება სირცხვილია, რადგან არ შეიძლება იგი ისეთ საკითხებს წყვეტდეს, რომლებიც გრძნობების შეურაცხყოფას ეხება, მით უმეტეს, რელიგიურის"

"ადამიანი, რომელიც საკუთარ წარსულს პატივს არ სცემს, ის ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფს"

ე.წ. "პრეზერვატივების საქმეზე" საქალაქო სასამართლომ "აიისას" დირექტორი ანი გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სარჩელით, 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და პროდუქციის გაყიდვიდან ამოღებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა.

გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რადგან მას უსამართლოდ, ცენზურის თვალსაჩინო მაგალითად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიის მიერ გამოშვებული ის პროდუქცია გააპროტესტა, რომლის შეფუთვაზეც რელიგიური შინაარსის სურათებია დატანილი, მათ შორის თამარ მეფის გამოსახულებაც.

ამ თემაზე აზრის გამოთქმა საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს ვთხოვეთ.

თათა ვარდანაშვილი, დიზაინერი:

- არც ერთ ადამიანს აქვს უფლება თამარ მეფის სახელი შეურაცხყოს, მით უფრო პრეზერვატივზე გამოსახოს. გასაგებია, რომ პრეზერვატივი პირველადი მოხმარების საგანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, ისევე, როგორც კბილის ჯაგრისი და სხვა. გამოხატვის თავისუფლება და საკითხების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ვის უნდა მოუვიდეს თავში აზრად შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მორწმუნეებს, პრეზერვატივის გარეკანზე სიწმინდის გამოსახვით მხოლოდ იმის გამო, რომ გაიყიდოს და ხალხის ყურადღება ამით მიიქციოს.

ჩვენ ლოცვებში მოვიხსენიებთ ჩვენს მეფეებსა და დედოფლებს. ეს მდაბიოზე მდაბიო საქციელია - ადამიანის ცნობიერებას აკნინებს, თორემ მორალსა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი არაა. ადამიანი, რომელიც საკუთარ წარსულს პატივს არ სცემს, ის ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფს. ჩვენ დავიბადეთ, გავიზარდეთ და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ სწორედ ჩვენი წინაპრების უდიდეს სახსოვარზე.

- როგორ ფიქრობთ, 500 ლარიანი ჯარიმა საკმარისია?

- ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტაა, თუმცა ის, რომ ჯარიმა საერთოდ არსებობს და სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა, ეს უკვე კარგია.

- ერთ-ერთი ორგანიზაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის ინკვიზიციის დროში დაბრუნება...

- ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია იმიტომ კი არა, რომ ადამიანმა საკუთარი ბიზნესი არ უნდა აწარმოოს ან ვიღაც უნდა დაისაჯოს თავისი შეხედულებებისა და არასწორად გამოტანილი დასკვნების გამო, არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანმა საკუთარი, ნახმარი თეთრეული გარეთ გამოფინოს. ის, რითაც ჩვენი ერი ამაყობს, რითაც მდიდარია ჩვენი სულიერი სამყარო, ის, რაზეც "ვეფხისტყაოსანი" დაიწერა, არ შეიძლება ისეთი ყოფითი მოხმარების საგანზე იყოს დატანილი, როგორიც პრეზერვატივია!

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი:

- სასამართლოს გადაწყვეტილება სირცხვილია, რადგან არ შეიძლება იგი ისეთ საკითხებს წყვეტდეს, რომლებიც გრძნობების შეურაცხყოფას ეხება, მით უმეტეს, რელიგიურის. არავინ იცის, ეს ვისთვის რა არის, რადგან გრძნობა ძალიან სუბიექტური რამაა. ვფიქრობ, სასამართლომ ამით სახიფათო ნაბიჯი გადადგა, რადგან შესაძლოა ნებისმიერმა ადამიანმა იგრძნობს თავი შეურაცხყოფილად ბევრი სხვა რამის გამო და ასე ყველაფერს ხომ არ გავყვებით? როგორც წესი, ასეთ ბრძოლებში იმარჯვებს ის, ვისაც ძალაუფლება უპყრია ხელთ და ხმა უქრება მას, ვინც ეს ძალაუფლება უნდა დააბალანსოს.

ე.წ. "პრეზერვატივების საქმეზე" სასამართლოს დასკვნა საქართველოს რიგით მოქალაქეს "ურტყამს", მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობთ ჩვენ იმაზე, თუ რა ეხატა იმ პრეზერვატივზე. დემოკრატიისა და გამოხატვის ან სიტყვის თავისუფლების არსი იმაშია, რაც ძალიან არ მოგვწონს და აღგვაშფოთებს, ის ავიტანოთ, თორემ რაც მოგვწონს, ის ხომ ისედაც მისაღებია და იმის ატანას რა უნდა?

- ვინაიდან საუბარია ქართველ მეფეზე, წმინდანზე, ამიტომ მიიჩნევენ ამ ფაქტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად...

- მესმის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. "გირჩი" დარეგისტრირდა რელიგიურ ორგანიზაციად, ჰოლანდიაში "მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიაა" დარეგისტრირებული და რა ვქნათ, მაკარონი ვეღარ გამოვსახოთ ვერსად, რომ მათ შეურაცხყოფილად არ იგრძნონ თავი? ასე უაზრობაში შევდივართ. პირადად მე, შესაძლოა არ მომწონდეს, წმინდანი რომაა სადმე გამოსახული ან ბაბუაჩემი რომ გამოსახონ, ასევე ძალიან არ მომეწონოს ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობა", მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსი იმაშია, რომ ისიც კი, რაც აღგვაშფოთებს, ავიტანოთ, რადგან ამაზე დგას საზოგადოებისა და ხალხის კეთილდღეობა, თავისუფლებაზე დგას ეს!

ზალიკო ბერგერი, დიზაინერი:

- თანამედროვე ხელოვნებასა და პოსტმოდერნიზმში რომ მიმართავენ მსგავს რამეს, ეს სხვა თემაა და მოსულა, მაგრამ პრეზერვატივზე ქართველი წმინდანის გამოსახვა მეტისმეტია, ნამდვილად შეურაცხმყოფელია ყველა ქართველისთვის, დაჯარიმება კი არა, თავზე უნდა დაახიონ!

მე არავითარ შემთხვევაში არ ვიყიდდი, ძალიან მიკვირს, საქართველოში ამას რანაირად აწარმოებდა? ვაი, მაგის პატრონს! დიდი სისულელე გაუკეთებია მაგის მწარმოებელს, უწმინდურობაა და ნამდვილად დასასჯელია.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)