ხელფასები გაიზრდება, პედაგოგები კი შემცირდებიან(?!) - კვირის პალიტრა

ხელფასები გაიზრდება, პედაგოგები კი შემცირდებიან(?!)

"თუ ვინმე მინისტრის სახელით არის გათავისუფლებული, მიმართეთ გენერალურ ინსპექციას"

"დირექტორმა გვითხრა, მინისტრის ინტერვიუს არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.  როგორც გვაცნობეს, დირექტორებმა  შემთხვევით ისარგებლეს და არასასურველი თანამშრომლებისაგან გათავისუფლება გადაწყვიტეს.

სამსახურის დაკარგვის მოლოდინით დაზაფრული საჯარო სკოლების თანამშრომლები საიდან აღარ გვირეკავდნენ, - დირექტორები განათლების სამინისტროს სახელით სამსახურის დატოვებას გვთხოვენ, ხელი უკვე ჩაქნეული გვქონდა, მაგრამ თქვენს გაზეთში დაბეჭდილმა ინტერვიუმ იმედი გაგვიჩინა და უკვე "კვირის პალიტრით" შეიარაღებულები ვაგრძელებთ ჩვენი უფლებებისათვის ბრძოლასო.

ლუიზა ჭელიძე, ხაშურის # 9 საჯარო სკოლა: "30 წელი მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი, მერე კი ავადმყოფობის გამო ბიბლიოთეკაში გადავედი. დირექტორი ყოველ წელს ხელშეკრულებას მიფორმებდა, მაგრამ ახლა სასწავლო ნაწილის გამგე მომიგზავნა, ჯერჯერობით იარე სკოლაში, სექტემბრიდან კი თავისუფალი ხარ.

მინისტრის ბრძანების თანახმად, შემიძლია ბიბლიოთეკარის შტატი არ მქონდეს და ხელშეკრულებას აღარ გაგიფორმებო. როგორ, სკოლას ბიბლიოთეკარი არ სჭირდება? არადა, ხაშურის სხვა სკოლებში დაუტოვებიათ. გამოდის, არ ყოფილა მითითება, ბიბლიოთეკარები გაუშვითო. ეტყობა, დირექტორი იმიტომ მათავისუფლებს, რომ თვალში არ მოვუდივარ, რადგან ძველი დირექტორის მომხრე ვიყავი. ახალმა დირექტორმა ის პედაგოგებიც დაითხოვა, ვინც ძველი დირექტორის მხარდამჭერები იყვნენ".

სურამიდან ერთ-ერთი სკოლის ექიმმა გვაცნობა, - დირექტორი ექიმის შტატს აუქმებს. უნდა, რომ ექიმის ფუნქცია მანდატურმა შეითავსოს. როდესაც თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული მინისტრის ინტერვიუ მოვიშველიეთ, დირექტორმა განგვიცხადა, მინისტრის ინტერვიუს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, უფლება მაქვს, სკოლაში ის დავტოვო, ვინც მინდაო.

მ. მ. ქართულის მასწავლებელი: "სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის 10 მასწავლებელი ვიყავით, მაგრამ დირექტორმა განაცხადა, ჩემი შეხედულებისამებრ დავტოვებ მას, ვინც მსურსო. როგორც აღმოჩნდა, 4 პედაგოგს ტოვებს. დანარჩენები გასათავისუფლებელთა სიაში ვართ.

თათბირი მოუწვევია, ვინც დაწერს განცხადებას, კიდევ ექნება უკან მობრუნების შანსი, ვინც არა, სკოლიდან წავაო. თან მოუთხოვია, განცხადების დაწერის თარიღი არ მიუთითოთ და სამსახურიდან წასვლის მიზეზად კი ოჯახური პირობები დაასახელეთო(!). სასწავლო ნაწილის გამგეს დავუტოვე "კვირის პალიტრა" და დავუბარე, დირექტორმა ამით იხელმძღვანელოს და მეც ამ ინტერვიუს თანახმად ვიმოქმედებ-მეთქი".

ასეთივე ჩივილით სკოლის არაერთმა თანამშრომელმა მოგვაკითხა და  დავპირდით, რომ მათ გულისტკივილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრამდე მივიტანდით, ასეც მოვიქეცით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ასეთი კომენტარი მივიღეთ:

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა შემცირებაზე არ გაუცია და არც გასცემს ბრძანებას, ხოლო, თუ ვინმე მინისტრის სახელით ცდილობს გაათავისუფლოს პედაგოგი, ამით ზნეობრივ ნორმებს არღვევს. ამიტომ, თუ რომელიმე პედაგოგი მინისტრის სახელით არის გათავისუფლებული, გთხოვთ, მიმართოთ გენერალურ ინსპექციას, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.

კანონით, სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მას აქვს ავტონომია და სამინისტრო ვერ ჩაერევა, ვერ მისცემს მითითებას, სამსახურში ვინმეს აყვანა-გათავისუფლებაზე. სამართლებრივი ურთიერთობა პედაგოგსა და დირექტორს შორის მათი პრეროგატივაა და არა სამინისტროსი. თუ მათ შორის ხელშეკრულებით დადებული კონტრაქტი ამოიწურა, ანდა მასწავლებელმა შინაგანაწესი დაარღვია, ეს არ არის სამინისტროს კომპეტენცია. ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ, თუ ეს მინისტრის სახელით ხდება".

P.S. რამდენიმე წლის წინ სკოლაში ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას და კარგად ვიცი, საკუთარი საქმის რაოდენი სიყვარული და ძალისხმევა სჭირდება პედაგოგს, რომ სწავლის წადილი გაუღვიძოს მოსწავლეს. ძნელია, მშვიდად უყურო, მენეჯერი-დირექტორები ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და სკოლისთვის ესოდენ საჭირო თანამშრომლებს კარისკენ უბოდიშოდ რომ უთითებენ.

თუ პედაგოგებისა და სკოლის სხვა თანამშრომლებისადმი დამოკიდებულება არ შეიცვალა, არ არის გამორიცხული, ასობით შეურაცხყოფილი ადამიანის  გულში დაგროვილმა უკმაყოფილებამ ერთ დღეს ძალუმად იფეთქოს.