სლოვაკეთის რაჭა ქართველი ჟურნალისტების სიყვარულია - კვირის პალიტრა

სლოვაკეთის რაჭა ქართველი ჟურნალისტების სიყვარულია

სლოვაკეთში ერთ გოჯ მიწასაც არ ტოვებენ დაუმუშავებელს. პატარა, ყვავილებით მორთულ სახლებსა და ეზოებში ცხოვრობენ...

სლოვაკეთში მივემგზავრებით "პალიტრამედიის" სამი თანამშრომელი. თვითმფრინავში ვსხდებით. ნახვამდის, თბილისო! გამარჯობა, ბრატისლავა! ბრატისლავის აეროპორტი თბილისის აეროპორტზე პატარაა. გასასვლელში გიდი გვხვდება - ინეზი რუსია და უნგრეთში გათხოვილა 25 წლის წინათ. ჩვენი ბიჭები რატომღაც ზინას ეძახიან. ინეზი არ აპროტესტებს.

ბრატისლავა სუფთა, ფერადი, ისტორიული ნაგებობებით მდიდარი ქალაქია, აქ ორგანულად ერწყმის ერთმანეთს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა. იასამნების ყვავილობის პერიოდში მომიწია აქ ყოფნამ. აქაურობა (მთელი სლოვაკეთიც) ამ სეზონზე იასამნისფრად ყვავის.

"ამ პატარა ქალაქში, ნახევარ მილიონამდე მცხოვრებით, 30-40 წუთია საჭირო, რომ ერთი ბოლოდან მეორეში გახვიდეთ. ასე რომ, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერ დაიკარგებით", - გვეუბნება ინეზი.

მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. აქ მეტრო არა აქვთ და ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ტრამვაია. პარკინგი აქაც ჭირს... სლოვაკური ენა ახლოსაა სლავურთან. ჟღერადობით შესაძლოა ბევრი სიტყვა გეცნოთ მათი საუბრის მოსმენისას, მაგრამ დასკვნებისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან, მაგალითად, "პოზორ" ნიშნავს "ფრთხილად", "ზაკაზ" - "აკრძალულია", ხოლო სიტყვა "როდინას" მნიშვნელობა სლოვაკურში "ოჯახი" ყოფილა.

ქალაქის ტერიტორიაზე გრაფ გრასალკოვიჩების სასახლეს ჩავუარეთ - ახლა აქ პრეზიდენტის სასახლეა. წელიწადში ერთხელ ის მოსახლეობისთვისაც იღება, მიდიან და ათვალიერებენ.

მალე ბრატისლავის გარეუბანი - რაჩა გამოჩნდა. აქაური ღვინო "ფრანკოვკა" ისე მოსწონებია იმპერატრიცა მარია-ტერეზიას, რომ მისი მწარმოებლები გადასახადისგან გაუთავისუფლებია. ამ უბანში ისევ შეხვდებით ქუჩას, რომელზეც ფილმში "რაჭა, ჩემო სიყვარულო" აღლუმზე დარინამ ჩაიარა. ამ ქუჩაზე შეუყვარდა ის რაჭველ ზაურს...

ბრატისლავის ციხე სლოვაკური კულტურის სიმბოლოა. 1783 წელს, მას შემდეგ, რაც ბრატისლავა უნგრეთის დედაქალაქს აღარ წარმოადგენდა, ის კათოლიკურ ეკლესიას გადაეცა, შემდეგ აქ სამხედრო ყაზარმები იყო, მერე კი დაიწვა. ციხის აღდგენა 2000 წელს დასრულდა...

ნასადილევს ქვეითად სასეირნო ქუჩას მივუყვებით. ყოველდღიურ ხმაურს ვიოლინოს ხმა გამოეყოფა. შუახნის მამაკაცი უკრავს და ფეხებთან გაშლილ ინსტრუმენტის ბუდეში ხურდას უყრიან მსმენელები. შუადღეა, ბარების ფერად მაგიდებთან სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტებს მოუყრიათ თავი - სვამენ ჩაის, ყავას, აქაურად "კავას", და ფერად-ფერად ნაყინს მიირთმევენ. ამ ქუჩაზე მდებარეობს საქართველოს საელჩოც. ჩვენი საუბრის გაგონებაზე მამაკაცი მომიახლოვდა. "ქართველები ხართ?" - "კი", - ვპასუხობ. "ჟურნალისტები?" - "კი ბატონო". "ელჩს უკვე შეხვდით?" - "ჯერ არა", - ვეუბნები გაკვირვებული. "მაშინ გავიქეცი და მალე შევხვდებით", - მშორდება ღიმილით. რამდენიმე წუთში ჩვენს ელჩთან სლოვაკეთში, ბატონ რევაზ გაჩეჩილაძესთან ვიმყოფებით. სტუმრებს გვაცნობს: ლუდმილა ნოვაცკა - ჟურნალისტი, მწერალი გუსტავ მურინი - ის კაცი, რამდენიმე წუთის წინ რომ მითხრა, მალე შევხვდებითო. ძალიან უყვარს საქართველო და კონკრეტულად, რაჭა...

საელჩოდან წამოსულები დუნაის სანაპიროს მივადექით. ეს ვოლგის შემდეგ ევროპაში ყველაზე გრძელი მდინარეა, რომელიც 10 ქვეყანას კვეთს. სლოვაკეთის ტერიტორიაზე 172 კილომეტრზე მიედინება. მის სანაპიროზე აგებულ უფო-ს სადამკვირვებლო ბორტზე ავდივართ. ლიფტში ჩავსხედით და 45 წამში 95 მეტრ= სიმაღლეზე ამოვყავით თავი. აქედან მთელი ბრატისლავა ხელისგულივით მოჩანს...

მეორე დილა დევინის ციხის დათვალიერებით იწყება. დუნაისა და მორავას შესართავთან, ციცაბო კლდეზე აღმართული ეს ციხე 212 მეტრს აღწევს. აქედან მოჩანს სლოვაკეთის დაცული ტერიტორიები და ავსტრიის ტერიტორია, რომელთანაც ამ ადგილიდან მხოლოდ 20 მეტრი გვაშორებს. დღეს ეს ციხესიმაგრე ქვეყნის კულტურის ეროვნული ძეგლების სიაში შედის.

ბრატისლავის სამხრეთით, დაახლოებით 20 კილომეტრში, მდებარეობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი "დანუბიანა". მისი დამფუძნებელი ჰოლანდიელი კოლექციონერი და მეცენატი გერარდ მიულენსტინია.

"ჩემს ოჯახს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ამაყ ქართველებთან. თქვენი ქვეყანა ცნობილია ისეთი მხატვრებით, როგორიც არიან ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი, ზურაბ წერეთელი, რომელიც მოსკოვშიც მოღვაწეობს. მიყვარს ქართული ფილმები. ყველაზე შთამბეჭდავი იყო, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ქართულ ფილმში ("მონანიებას" გულისხმობდა - ე.ს.) რევოლუციური დილოგი:

"- ეს გზა ტაძართან მიმიყვანს?..."

ბაბუაჩემის საყვარელი სიმღერა იყო "სულიკო". მამაჩემი არაერთხელ ყოფილა თქვენს ქვეყანაში. მეც ვგეგმავ. მიხარია, რომ ჩვენი მუზეუმის სტუმრები ხართ", - სიყვარულით შეგვეგება მუზეუმის დირექტორი, ჩვენ კი პასუხად "სულიკო" წამოვიწყეთ...

ჟილინის რეგიონში მივდივართ, გზად სოფლებს გავცქერი. აქ ერთ გოჯ მიწასაც არ ტოვებენ დაუმუშავებელს. პატარა, ყვავილებით მორთულ სახლებსა და ეზოებში ცხოვრობენ. სლოვაკეთში 9 ნაციონალური პარკია, აქედან 4 - ჟილინის რეგიონში.

გზად მოდრაში შევიარეთ, ციხესიმაგრე "კამენის" დასათვალიერებლად. მას ორჯერ დაესხნენ თავს თურქები და გაანადგურეს. ნანგრევებზე ბაროკოს სტილის სასახლე აშენდა. დღეს აქ საქორწინო ცერემონიებს მართავენ. ქალაქი მოდრა ცნობილია კერამიკული ნაწარმითაც.

"გამოთქმა "მდიდრები თავიანთ ქონებას ასხედან", აი, ამ სკამებიდან მოდის", - გვეუბნება ინეზი. სკამებს ასაწევი დასაჯდომი აქვს, ქვემოთ პატარა სათავსებით. თურმე მოლხენის წინ აქ ინახავდნენ ძვირფასეულობას დიდებულები. ჩვენი გიდი ქალისა და მამაკაცის ლუდის კათხებს გვაჩვენებს. ორივე მრგვალი და დიდრონია. "ამით ახსენებდნენ ლუდის მსმელს, თუ ბევრ ლუდს დალევ, ასეთი გახდებიო", - ღიმილით ამბობს ინეზი.

მოდრიდან სოფელ ჩიჩმანიში ჩავდივართ. 200-მდე თეთრად მოხატული ხის სახლი აქ XIX საუკუნიდან დგას. დანარჩენი ხანძარს შთაუნთქავს. "ბოლო ოლიმპიადაზე სლოვაკ სპორტსმენებს ჩიჩმანური ორნამენტებით მოხატული სპორტული ფორმები ეცვათ", - გვიამბობს ინეზი.

გზად სოფელ რაეცკე-ლესნაში ვჩერდებით, მას სხვაგვარად სლოვაკეთის ბეთლემს უწოდებენ, რადგან ცნობილია მონუმენტური ხის შედევრით - ის რაეცკე-ტეპლიცელი ოსტატის, იოზეფ პეკარას ქმნილებაა ბიბლიურ თემაზე და 300 მოძრავი ფიგურისგან შედგება. ოსტატმა მის შექმნას 15 წელი მოანდომა და 1990 წელს დაასრულა.

რაეცკე-ტეპლიცეში რეგიონის გუბერნატორი, სასტუმროს დირექტორი და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვხვდებიან და ტრადიციული არყით "გრუშოვიცეთი" გვიმასპინძლდებიან. გუბერნატორი საქართველოზე მისვამს კითხვებს. აინტერესებს ჩვენი დამწერლობა. უხარია, თბილისი-ბრატისლავის რეისი რომ დაინიშნა, ტურისტების მიმოსვლას შეუწყობს ხელსო.

სასტუმროს შენობას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ადრე, მეორე მსოფლიო ომამდე, ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ბანკის შენობა ყოფილა.

"შენობა გადაკეთდა, მაგრამ სეიფი კვლავ უცვლელად შემოვინახეთ, - გვიხსნის დირექტორი, - იშვიათად თუ ვინმეს ეძლევა ამ საცავში შესვლის უფლება. თქვენ გამონაკლისი ხართ. 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ედვარდ ბენეშს, რომელიც შიშობდა, რომ ფაშისტები დაბომბავდნენ პრაღას, გადაუწყვეტია საღვთო რომის იმპერიის იმპერატორისა და ჩეხეთის მეფე კარლ IV-ის საგანძური აქ გადაემალა. მხოლოდ 3-მა კაცმა იცოდა ამის შესახებ - ბენეშმა, ბანკის ხელმძღვანელმა და თანამშრომელმა, რომელსაც სეიფის გასაღები ჰქონდა. 1939 წელს ნაცისტებმა ჩეხეთი დაიკავეს და საგანძური კვლავ პრაღაში დაბრუნდა. ნაცისტ რაიხსპროტექტორ რაინჰარდ ჰაიდრიხს მეფის გვირგვინი დაუდგამს თავზე და უთქვამს, ახლა მე ვარ ჩეხეთის მეფეო. ეტყობა, არ იცოდა თქმულება იმპერატორის გვირგვინზე, ვინც დაიდგამს, სიკვდილი არ ასცდებაო. ჰაიდრიხსაც ეს ბედი სწევია. მალე მას თავს დაესხნენ ჩეხები, იოზეფ გაბჩიკი და იან კუბიში, და სასიკვდილოდ დაჭრეს. გაბჩიკი რაეცკეტეპლიცელი იყო. აქ ახლა მისი ძეგლი დგას", - გვიამბობს მასპინძელი.

კიდევ ერთი ემოციური ამბავი, რომელიც ამ სასტუმროს უკავშირდება - სანამ ნომრებში გავნაწილდებოდით, იქაური თანამშრომლები, ორი ახალგაზრდა ქართველი გავიცანით - ნიკოლოზი და ბესო. სასტუმროში თურმე კონტრაქტით მუშაობენ.

აკვაპარკში აუზები მინერალური წყლით ივსება. საქართველოსი არ იყოს, სლოვაკეთიც მდიდარია მინერალური წყლებითა და ბალნეოლოგიური კურორტებით.

იმ ღამეს ჩვენი ბიჭები სასტუმროდან გასულან სლოვაკური ლუდის დასალევად. აქ 6 საათზე მაღაზიები იკეტება. სასტუმროს თანამშრომელს გამოლაპარაკებიან, სადღეღამისო ლუდხანა მიგვასწავლეთო. სადაურები ხართო, უკითხავს მას. ჯორჯია? სტალინ? - "იეს", - უპასუხიათ. იმ კაცს უნიფორმა გაუხდია და საკუთარი მანქანით 10 წუთის სავალზე წაუყვანია ბიჭები ლუდხანაში. ქართველების მიმართ სიყვარული ასე გამოხატა. ვერაფერს იტყვი, სასიამოვნოა.

გათენდა. ქალაქ ჟილინაში მივდივართ. აქ იკვეთება ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გზები. აქედან ახლოსაა ციხესიმაგრე სტრეჩნო... შემდეგ გეზი ბუდატინის ციხესიმაგრისკენ ავიღეთ და ბორნით გადავდივართ მდინარის მეორე მხარეს...

6 დღე თვალის დახამხამებაში გავიდა. აეროპორტისკენ მივემართებით. ავიახაზების თანამშრომელი გამოგველაპარაკა. გვითხრა, რომ ძალიან მოსწონს ჩვენი ქვეყანა, ქართველები, ჩვენი ტრადიციები, ფოლკლორი, სამზარეულო. ტრაპზე ავდივართ. ჩვენთან ერთად ბევრი ტურისტი მოემგზავრება საქართველოში, რაც მახარებს.

ნახვამდის, ბრატისლავა! გამარჯობა, თბილისო!

ეკა სალაღაია