"აბა, სვანებმა ეს ფილმი როგორ მოვიწონოთ?!"
"აბა, სვანებმა ეს ფილმი როგორ მოვიწონოთ?!"
მარიამ ხაჭვანის ფილმს, "დედეს", საერთაშორისი აღიარება მოჰყვა. ფილმი რეჟისორმა თავისივე მოკლემეტრაჟიანი ფილმის "დინოლას" საფუძველზე გადაიღო, სადაც მიტოვებული ობოლი გოგონა ტირილით მისდევს იძულებით გათხოვილ დედას. ამ კადრებმა მაყურებელი შეძრა. მარიამს ფილმის გადაღება ბებიის მონაყოლმა გადააწყვეტინა - მისი დედაც დაქვრივების შემდეგ, იძულებით გათხოვილა. მან ფილმის ნახვის შემდეგ მარიამს უთხრა, ამ ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, მე კი დედას თოვლზე ფეხშიშველა მივდევდიო...

უშგულელი გოგონას ფილმმა ყველაზე­ მეტად მისი მშობლიური სვანეთი დააფიქრა - უამრავმა ადამიანმა მოგვწერა,
არავინ იფიქროს, სვანეთში მართლაც იძულებით ათხოვებდნენ ქალებს და თანაც შვილებს ართმევდნენ, არავინ იფიქროს, რომ უძველესი ცივილიზაციის ხალხი ველურები ვართო.

ირაკლი არღვლიანი, ისტორიკოსი:
- მარიამმა აღიარებული ფილმი გადაიღო, მაგრამ გაგვიხარდებოდა, ეთქვა, მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია აღვწერე და არა - მთელი სვანეთისო. სვანები როგორ იზამდნენ, დაქვრივებული ქალი
ჯერ ძალად­ გაეთხოვებინათ, მერე გულიდან შვილი მოეგლიჯათ! ახალგაზრდა ქალი, დიახაც­ უნდა გათხოვილიყო, ოღონდ მხოლოდ საკუ­თარი ნებით და შვილიც თან უნდა წაეყვანა. სვანეთში დღესაც უამრავ ჭარმაგ­ ადამიანს ნახავთ, მამინაცვლებმა საკუთარი­ შვილებივით რომ გამოზარდეს, მაგრამ თუკი ქვრივი შვილის წაყვანაზე თვითონვე­ "დაიდგამდა ფეხს უკან", ბავშვს ვინღა გადააგდებდა! არც ახალგარდაცვლილი კაცის ქვრივის დანიშვნა გვქონია წესად, არადა, ჩვენმა მარიამმა ისე აღწერა, თითქოს კაცი სახლიდან გამოსვენებული არ არის და მის ცოლს ღობიდან ნიშნობის ბეჭედს ესვრიან - უკვე ჩემი ცოლი ხარო! სვანებს­ რომ კაცი მოგვიკვდებოდა, სანადიროდაც არ მივდიოდით, არათუ მის ქვრივს ვინმე­ რამეს შებედავდა! ქვრივები ოქრო-ვერცხლის სამკაულებს იხსნიდნენ, ნაწნავებს იჭრიდნენ და ქმრის საფლავზე აწყობდნენ, მარიამმა კი ეს საწყალი ქვრივი ოქრო-ვერცხლით მორთო!.. ჩვენ ის გვადარდებს, რომ მას უცხოეთში სვანური ტრადიციების ამსახველ ფილმად აჩვენებენ! მსგავსი არაფერი გვქონია და როგორ მოვიწონოთ! პირიქით,

ჩვენთან ქალებს ისეთი უფლებები ჰქონდათ, კაცები კი უკან იხევდნენ. ვინ იცის, რამდენი ქალის სიტყვა ყოფილა გადამწყვეტი ხანგრძლივი დავისას. სოფლის თავების გვერდით ქალს თანასწორი სიტყვა ეთქმოდა.

სხვათა შორის, სწორედ ამ დროს ევროპ­აში ქალს არჩევნებზე არ უშვებდნენ. მეტიც, სვანეთში ქალი მედიატორებიც იყვნენ - გვარებს შორის სიკვდილ-სიცოცხლის დავას ისევე წყვეტდნენ, როგორც კაცები. მაგალითად, ქვარა გერლიანმა XIX საუკუნეში იმდენი ქნა, დადეშქელიანების ორი დაპირისპირებული შტო შეარიგა.

სვანი მედიატორი ქალები ეკლესიაში სამართალზე ისევე იფიცებდნენ, როგორც კაცები, ოღონდ - შუახნის ასაკიდან. მანამდე ეკლესიაში დაფიცების უფლება ქალს არ ჰქონდა.

ასე რომ, სვანეთში ქალი დაჩაგრული კი არ ყოფილა, პირიქით, თავმაღალი დადიოდა - მხოლოდ ქმარი კი არა, მამისა და ძმის სახლშიც გათხოვილ ქალს ისეთ პატივს სცემდნენ, პირუტყვსაც კი უმრავლებდნენ.

სვანეთს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშიც ჰყავდა მედიატორი ქალი - ეკატერინე ჟორჟოლიანი. ისეთი ძლიერი ყოფილა, მისი დანახვისას კაცები უნებურად უკან იხევდნენ. სვანეთში ქალი არც ისეთი სუსტი და უუფლებო იყო, როგორც მარიამი ხატავს, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ. კარგი იქნება, თუ მშობლიური სვანეთის ტრადიციებსაც კარგად შეისწავლის.

მარიამ ხაჭვანი: "ირაკლი არღვლიანმა ჯერ კიდევ მაშინ მომწერა საყვედურით "დედეს" შესახებ, როდესაც ფილმი ნანახი არ ჰქონდა, შენი მონაყოლით გავიგე მოკლე შინაარსიო. კამათობდა იმაზე, რაც ჯერ ნანახი არ ჰქონდა. მე სვანეთი მიყვარს და გული შემტკივა... ერთხელ ბებიაჩემის დედას თავისი შვილი მეორე ქმრის ოჯახში წაუყვანია, მაგრამ სახლში შეყვანის მორი­დებია და ჭიშკართან­ დაუტოვებია... რატომ უკვირთ, რომ ვაპროტესტებ იმ ტრადიციებს, რომელთა მიხედვით დედა-შვილს ერთად ცხოვრების უფლება არ ჰქონდა".

ეთერ ერაძე
...
28 მაისი 2018 08:16
კარგით რა ისეთი ძალადობის საქმეები მაქვს სვანეთიდან გული მისკდება ქალს ვინმე პატივს სცემდეს განსაკუთრებულად
მუშვან მარე
27 მაისი 2018 22:45
შარშანაც ვაპროტესტებდი ამ გოგოს ინტერვიუში დაფრქვეულ ტყუილებს, თითქოს ეს სვანური ტრადიცია იყო, მაგრამ დაბლოკეთ და არ გამომიქვეყნეთ კომენტარი! ვიცი, რომ ახლაც დაბლოკავთ, მაგრამ თქვენ მაინც წაიკითხეთ: არ არსებობდა ასეთი ტრადიცია სვანეთში!!! ისე, მაინცდამაინც დაზუსტება უნდა ვინმეს, ავუხსნი: ამგვარი რამ შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვრივს უწესო საქციელს შეატყობდა ქმრისეული ოჯახი... მაშინ შეიძლება ეთქვათ, თავს ნუ გვჭრი და რადგან ასე გიჭირს, გათხოვდი, მაგრამ შვილები მამისეულ ოჯახში უნდა გაიზარდონ და არა უღირსი დედისა და უცხო მამინაცლის ხელშიო!
თუ ვინმეს ბებიას ასეთი ამბავი გადახდა, ეს არ იძლევა განზოგადების უფლებას!
გასაგებია?
ნატა
26 მაისი 2018 14:12
მეც ვიცი ერთი ოჯახის ისტორია, ბებიას თაობის ქვრივი, ორი შვილი დარჩა და რომ გათხოვდა, ქორწილი გადაუხდია მეორე ქმარს, ბავშვები ტირილით კვდებოდნენ, დედას გაეკიდნენ, დედამ უკან არც მოხედაო. თუმცა მერე მამინაცვალი ძალიან ეხმარებოდა გერებსო. ბებიას ისტორიაც მახსოვს, საკუთარმა მამამ, დედინაცვლის შვილებს, გერებს დაუტოვა მისი წილი ქონება...თუმცა ერთიც და მეორეც გამონაკლისი ისტორიაა და არა ტრადიცია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?