"აბა, სვანებმა ეს ფილმი როგორ მოვიწონოთ?!" - კვირის პალიტრა

"აბა, სვანებმა ეს ფილმი როგორ მოვიწონოთ?!"

მარიამ ხაჭვანის ფილმს, "დედეს", საერთაშორისი აღიარება მოჰყვა. ფილმი რეჟისორმა თავისივე მოკლემეტრაჟიანი ფილმის "დინოლას" საფუძველზე გადაიღო, სადაც მიტოვებული ობოლი გოგონა ტირილით მისდევს იძულებით გათხოვილ დედას. ამ კადრებმა მაყურებელი შეძრა. მარიამს ფილმის გადაღება ბებიის მონაყოლმა გადააწყვეტინა - მისი დედაც დაქვრივების შემდეგ, იძულებით გათხოვილა. მან ფილმის ნახვის შემდეგ მარიამს უთხრა, ამ ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, მე კი დედას თოვლზე ფეხშიშველა მივდევდიო...

უშგულელი გოგონას ფილმმა ყველაზე მეტად მისი მშობლიური სვანეთი დააფიქრა - უამრავმა ადამიანმა მოგვწერა, არავინ იფიქროს, სვანეთში მართლაც იძულებით ათხოვებდნენ ქალებს და თანაც შვილებს ართმევდნენ, არავინ იფიქროს, რომ უძველესი ცივილიზაციის ხალხი ველურები ვართო.

ირაკლი არღვლიანი, ისტორიკოსი: - მარიამმა აღიარებული ფილმი გადაიღო, მაგრამ გაგვიხარდებოდა, ეთქვა, მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია აღვწერე და არა - მთელი სვანეთისო. სვანები როგორ იზამდნენ, დაქვრივებული ქალი ჯერ ძალად გაეთხოვებინათ, მერე გულიდან შვილი მოეგლიჯათ! ახალგაზრდა ქალი, დიახაც უნდა გათხოვილიყო, ოღონდ მხოლოდ საკუთარი ნებით და შვილიც თან უნდა წაეყვანა. სვანეთში დღესაც უამრავ ჭარმაგ ადამიანს ნახავთ, მამინაცვლებმა საკუთარი შვილებივით რომ გამოზარდეს, მაგრამ თუკი ქვრივი შვილის წაყვანაზე თვითონვე "დაიდგამდა ფეხს უკან", ბავშვს ვინღა გადააგდებდა! არც ახალგარდაცვლილი კაცის ქვრივის დანიშვნა გვქონია წესად, არადა, ჩვენმა მარიამმა ისე აღწერა, თითქოს კაცი სახლიდან გამოსვენებული არ არის და მის ცოლს ღობიდან ნიშნობის ბეჭედს ესვრიან - უკვე ჩემი ცოლი ხარო! სვანებს რომ კაცი მოგვიკვდებოდა, სანადიროდაც არ მივდიოდით, არათუ მის ქვრივს ვინმე რამეს შებედავდა! ქვრივები ოქრო-ვერცხლის სამკაულებს იხსნიდნენ, ნაწნავებს იჭრიდნენ და ქმრის საფლავზე აწყობდნენ, მარიამმა კი ეს საწყალი ქვრივი ოქრო-ვერცხლით მორთო!.. ჩვენ ის გვადარდებს, რომ მას უცხოეთში სვანური ტრადიციების ამსახველ ფილმად აჩვენებენ! მსგავსი არაფერი გვქონია და როგორ მოვიწონოთ! პირიქით,

ჩვენთან ქალებს ისეთი უფლებები ჰქონდათ, კაცები კი უკან იხევდნენ. ვინ იცის, რამდენი ქალის სიტყვა ყოფილა გადამწყვეტი ხანგრძლივი დავისას. სოფლის თავების გვერდით ქალს თანასწორი სიტყვა ეთქმოდა.

სხვათა შორის, სწორედ ამ დროს ევროპაში ქალს არჩევნებზე არ უშვებდნენ. მეტიც, სვანეთში ქალი მედიატორებიც იყვნენ - გვარებს შორის სიკვდილ-სიცოცხლის დავას ისევე წყვეტდნენ, როგორც კაცები. მაგალითად, ქვარა გერლიანმა XIX საუკუნეში იმდენი ქნა, დადეშქელიანების ორი დაპირისპირებული შტო შეარიგა.

სვანი მედიატორი ქალები ეკლესიაში სამართალზე ისევე იფიცებდნენ, როგორც კაცები, ოღონდ - შუახნის ასაკიდან. მანამდე ეკლესიაში დაფიცების უფლება ქალს არ ჰქონდა.

ასე რომ, სვანეთში ქალი დაჩაგრული კი არ ყოფილა, პირიქით, თავმაღალი დადიოდა - მხოლოდ ქმარი კი არა, მამისა და ძმის სახლშიც გათხოვილ ქალს ისეთ პატივს სცემდნენ, პირუტყვსაც კი უმრავლებდნენ.

სვანეთს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშიც ჰყავდა მედიატორი ქალი - ეკატერინე ჟორჟოლიანი. ისეთი ძლიერი ყოფილა, მისი დანახვისას კაცები უნებურად უკან იხევდნენ. სვანეთში ქალი არც ისეთი სუსტი და უუფლებო იყო, როგორც მარიამი ხატავს, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ. კარგი იქნება, თუ მშობლიური სვანეთის ტრადიციებსაც კარგად შეისწავლის.

მარიამ ხაჭვანი: "ირაკლი არღვლიანმა ჯერ კიდევ მაშინ მომწერა საყვედურით "დედეს" შესახებ, როდესაც ფილმი ნანახი არ ჰქონდა, შენი მონაყოლით გავიგე მოკლე შინაარსიო. კამათობდა იმაზე, რაც ჯერ ნანახი არ ჰქონდა. მე სვანეთი მიყვარს და გული შემტკივა... ერთხელ ბებიაჩემის დედას თავისი შვილი მეორე ქმრის ოჯახში წაუყვანია, მაგრამ სახლში შეყვანის მორიდებია და ჭიშკართან დაუტოვებია... რატომ უკვირთ, რომ ვაპროტესტებ იმ ტრადიციებს, რომელთა მიხედვით დედა-შვილს ერთად ცხოვრების უფლება არ ჰქონდა".

ეთერ ერაძე