შქმერიდან ფეხით კვაშხიეთში... - კვირის პალიტრა

შქმერიდან ფეხით კვაშხიეთში...

გაკნაჭული ვიყავი და მურმანის ჯინსი ჩემი ქამრით შემოვიჭირე წელზე, დავდიოდი და დავფართხუნობდი... დილით ჩემი ჯინსის შორტი კარგად მშრალი არ დამხვდა და კვლავ მურმანის შარვალი ჩავიცვი. ფოტოს გადაღება რომ დავაპირეთ, ასე ჩაფართხუნებული ხომ არ გადავიღებ-მეთქი, შევედი და ჩემი ჯერ კიდევ ნამიანი "შორტი" ჩავიცვი. ახლაც ვფიქრობ, ნეტავ არ გამომეცვალა! ეს ფოტო სწორედ იმ დაუვიწყარ, ლამაზ დღეს არის გადაღებული

პოეტ ია სულაბერიძეს ლიტერატურულ წრეებში კარგად იცნობენ. ქალბატონ იას საუკეთესო მოგონებები აკავშირებს ჩვენს სასიქადულო პოეტთან - მურმან ლებანიძესთან. როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ მეგობრობა არ იყო, ეს გახლდათ სულიერი სიახლოვე ორ მონათესავე არსებას შორის, რომელსაც პოეზიის სიყვარული აერთიანებდა. გთავაზობთ ისტორიას, რომელიც ია სულაბერიძემ "კვირის პალიტრას" უამბო:

- მურმან ლებანიძე 20 წლისამ გავიცანი, 1986 წელს. ავიღე ჩემი ლექსებით სავსე რვეული და სამსახურში ვეწვიე. იმ დღეს დაწყებული ნაცნობობა ფასდაუდებელი მეგობრობით გაგრძელდა და 16 წელიწადს გასტანა. მურმანის გაცნობიდან სამ წელიწადში რაჭველების რძალი გავხდი და აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლის სოფელი - შქმერი და ლებანიძეთა სოფელი - კვაშხიეთი, სულ რაღაც რვა კილომეტრით ყოფილა ერთმანეთს დაშორებული.

სტუმრად რაჭაში

1994 წლის აგვისტოში შქმერში ვიყავი, გავიგე, მურმანი კვაშხიეთშიაო. გზას მთავარი გზიდან მურმანის სოფლამდე კიდევ არა უშავდა, მაგრამ აი, მერე, შქმერამდე, ისეთი იყო, პოეტს რომ უთქვამს, გზას ვამბობ, თორემ რა გზააო. მეუღლის ბიძაშვილი ("ვილისი" ჰყავდა) შემპირდა, ონში რომ წავალ, წაგიყვან და გზად დაგტოვებ მურმანთან, უკან გზაზე კი წამოგიყვანო. დადგა ნანატრი დღე, მაგრამ არ დაიქოქა ეს დალოცვილი "ვილისი"... არადა, უნდა წავიდე! და "საბუდარელ ჭაბუკში" რომაა, ფეხით, ფეხით ჩავალ ქუთაისშიო, ზუსტად ისე გადავწყვიტე შქმერიდან ფეხით კვაშხიეთში ჩასვლა! რას მიქვია რაღაც რვა კილომეტრის გავლა, როცა მურმანთან მივდივარ! უფროსი ბიჭი ხუთი წლისა მყავდა, აიჩემა, უნდა წამოგყვეო. დიდხანს ვუმტკიცებდი, ვერ ივლი-მეთქი, მაგრამ დამითანხმა.

უჩვეულო "მგზავრობა"

გავუდექით გზას - ტყით დაფარულ მთაში გაჭრილ სერპანტინს. ალპურ ზონაში როგორ სცოდნია, იცით? - აი, ძალიან მოკრიალებული რომ არის ცა, ჩიბუხში ჩასადები ღრუბელიც" რომ არ ჭაჭანებს და რომ გგონია, დღეს კი არა, არასდროს აღარ იწვიმებსო, უცებ გაშავდება არემარე, შესქელდება ჰაერი, თვალის დახამხამებაში სწრაფად შედედდება ღრუბელი და დაიწყება... ჰოდა, მივდივართ მე და შაკო, დაბლა მივუყვებით ხეობას ლამის ხტუნვითა და სირბილით, ერთი საათის შემდეგ კი... ირგვლივ ყველაფერი გაშავდა - ცა, მთები, ხეები, ჰაერიც კი. ბუნების ამ მოვლენას "წვიმას" ვერ დავარქმევ: ზევიდან უწყვეტ ნაკადად მოდიოდა წყალი, ზუსტად ისე, როგორც რომელიმე უზარმაზარი მდინარის ჩანჩქერში. წამში დადგა გზაზე მუხლამდე წყალი, არადა, გასავლელი გზა ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე გავლილი, თუმცა უკან მიბრუნებაც სისულელეა: აღმართსაც უნდა ებრძოლო და წყალსაც. ისევ თავქვე სიარული ჯობს... ისე მაქვს შვილზე ხელი ჩაჭიდებული, თუ მომაჭრი, თორემ ვერ გამაშვებინებ. კერპია და არ იმჩნევს, მაგრამ ვგრძნობ, ეშინია; მეც მეშინია; გვეშინია და მივიჩქარით...

ცოტა ხანში განათდა და ზეციდან წყლის ნაკადმა იკლო, თუმცა ისევ კოკისპირულად წვიმდა. რაკი განათდა, ეს წვიმა უკვე შხაპუნა წვიმად მეჩვენება და ბედნიერი ვარ. ასეთ დროს გგონია, რომ საერთოდ არ გადის დრო და არც შენც გადიხარ მანძილს, მიუხედავად იმისა, რომ შეუჩერებლად მიდიხარ... და უცებ, არც ვიცი, რამდენი ხნის მერე, კვაშხიეთში აღმოვჩნდით! შევჭყლაპუნდით სახლში და დავაყენეთ გუბეები. არასდროს დამავიწყდება მურმანისა და მისი მეუღლის, ლენა დეიდას გაოცებული სახეები. ვერაფრით წარმოიდგინეს, რომ ფეხით მივედით. ორივე სართულზე ბუხრები ააგუგუნა მურმანმა, ლენა დეიდამ მშრალი ტანსაცმელი მოგვცა მე და შაკოს, მე - მურმანის ჯინსი, შაკოს - თეონასი, მათი შვილიშვილისა. გაკნაჭული ვიყავი და მურმანის ჯინსი ჩემი ქამრით შემოვიჭირე წელზე, დავდიოდი და დავფართხუნობდი, მეც მეცინებოდა, მურმანსაც და ლენასაც. ვივახშმეთ და ბავშვები დავაძინეთ. ლენა დეიდამ, მურმანმა და მე აივანზე გავიტანეთ სარწეველა სავარძლები და ვერც გავიგეთ, საუბარში როგორ დაგვათენდა... დილით ჩემი ჯინსის შორტი კარგად მშრალი არ დამხვდა და კვლავ მურმანის შარვალი ჩავიცვი. ფოტოს გადაღება რომ დავაპირეთ, ასე ჩაფართხუნებული ხომ არ გადავიღებ-მეთქი, შევედი და ჩემი ჯერ კიდევ ნამიანი"შორტი ჩავიცვი. ახლაც ვფიქრობ, ნეტავ არ გამომეცვალა! ეს ფოტო სწორედ იმ დაუვიწყარ, ლამაზ დღეს არის გადაღებული.

ჩემი გულისტკივილი

კიდევ მაქვს ერთი ფოტო, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ "ჩემი გულისტკივილი" - ამ ფოტოზე უკვე გარდაცვლილი, დიდუბის პანთეონში გაჭრილ საფლავთან დასვენებული მურმან ლებანიძის დაკრძალვაა ასახული. ვდგავართ მე, მისი ახლობლები და ოჯახის წევრები. ვფიქრობ, ამ ფოტოს ისტორია არ სჭირდება, რადგან თვითონაა ისტორია.

ხათუნა ჩიგოგიძე