აღსარება - კვირის პალიტრა

აღსარება

"...ორ ჭეშმარიტებას გამოვთქვამ, რომელიც, გთხოვთ, ყველამ კარგად ჩაინერგოთ გულში: 1. საზოგადო გაჭირვებას საზოგადო დახმარება უნდა. 2. მომავალი ყოველთვის ახალგაზრდობას ეკუთვნის“. სერგეი მესხი:

"ჩვენი მამები და შვილები"

საბჭოთა ჩექმის ქვეშ სამოცდაათწლიანი ტანჯვის შემდეგ, როცა, როგორც იქნა, ნანატრი თავისუფლება მოვიპოვეთ, ოთხმოცდაათიანების პირველ წელს, ახალი საქართველოს ახალი თაობა მოევლინა ქვეყანას.

ჩვენ პირველი შვილები ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყნისა, რომელმაც თავისუფლება ვერ შეირგო: წითელი დროშა რის ვაი-ვაგლახით მოიშორა და ცხოვრება შავი დროშით განაგრძო. ჩვენი მამები იბრძოდნენ. რისთვის? საკუთარი მიწისთვის. ვის წინააღმდეგ? საკუთარი მიწის. რატომ? ჰმ, რატომ?!

ჩვენ სიბნელეში ვიზრდებოდით. დიახ, სიბნელეში, პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ არსებობდა სამშობლო და, რომ ალბათ, ოდესმე კიდევ იარსებებს; ყველგან ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც „ ხის ჩრდილში წამოწოლილები "ძველ დროს" შენატროდნენ. ვისმენდით გრძელ-გრძელ სადღეგრძელოებს საქართველოს წარსულისა და მომავლისას, ვოცნებობდით ქვეყანაზე, რომელიც იქ, სადღაც შორს არსებობდა.

შემდეგ ჩვენ გავიზარდეთ და ვნახეთ, თუ რა იყო შუქი. შუქი, რომელიც ჩვენი ჭაღის ნათურებზე ერთხელ აინთო და ერთ საათში აღარ ჩამქრალა. დიახ, ჩვენ შუქი ვნახეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ სინათლე, მაგრამ ეს არ გვანაღვლებდა, რადგან არც ვიცოდით, რა იყო იგი. მივყვებოდით დინებას და ისევ გვესმოდა "ძველი დროის" ნატვრა. ისევ სუფრასთან ვისხედით სავსე ჭიქებით ხელში და დიდი ამბით ვსვამდით სადღეგრძელოებს საქართველოს წარსულისა და მომავლისას.

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენამდეც ასე იყო, ჰოდა, ჩვენც, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შვილები, მივყვებოდით გატკეპნილ გზას. ჩვენ ისევ ვოცნებობდით ქვეყანაზე, რომელიც სადღაც შორს არსებობდა, მაგრამ უკვე ვიცოდით, სად იყო და რა ერქვა: "ამერიკულმა ოცნებამ" ჩვენც დაგვრია ხელი.

ჩვენ ვიცოდით, რომ ოდესღაც, ჩვენს ბავშვობაში, იყო ომი, მაგრამ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ჩვენს დიდობაშიც განმეორდებოდა.

მაგრამ მაინც განმეორდა. ვინ იბრძოდნენ? ისევ ჩვენი მამები. რისთვის? ისევ ჩვენი მიწისთვის.

ჩვენ მივხვდით, რომ ხმლები, რომლებიც ჩვენმა მამებმა იქნიეს, უკვე გაცვდა და დრო იყო, გატკეპნილი გზიდან გადაგვეხვია.

აი, მაშინ კი მართლა გავიზარდეთ. გავიგეთ, რომ არსებობდა წარსული, მაგრამ მომავალი არ იარსებებდა, თუ აწმყოს არ შევქმნიდით. ხვალინდელი დღე კი სწორედ ისეთი იქნებოდა, როგორსაც დღეს დავხატავდით, მაგრამ ხატვა არ არის ადვილი - ყველას არ გამოსდის, ან არ უნდა, რომ გამოუვიდეს. ჰოდა, როცა ესკიზი შევქმენით, აღმოვაჩინეთ, რომ მას რაღაც აკლდა:

ხაზები ზოგან წყდებოდა, ზოგან დასაწყისი აკლდა, ზოგან ბოლო - ესკიზი არ იყო სრულყოფილი. ნახატი კი მანამ ვერ გაფერადდება, სანამ ხაზები არ შეივსება, სანამ მონახაზი არ დაიხვეწება და საბოლოო სახეს არ მიიღებს. აი, სწორედ ამას სჭირდება "საზოგადო დახმარება". ჩვენ ყველას გვიჭირავს ხელში ფანქრები, საჭიროა, მხოლოდ მონდომება, ხელის ერთი-ორი მოსმა და მერე უკვე შევძლებთ, დავხატოთ ხვალინდელი დღე: გამოვსახოთ იგი ფერებში და შევიგრძნოთ თავისუფლება.

ჩვენ ეს დამოუკიდებლად უნდა გავაკეთოთ!

ჩვენ ხომ თავისუფალ ადამიანებად დავიბადეთ!

ჩვენ თავისუფალი საქართველოს პირველი შვილები ვართ!

გიორგი გოგუა