თბილისის ზოოპარკის მინიატიურული ბინადარი - კვირის პალიტრა

თბილისის ზოოპარკის მინიატიურული ბინადარი

ფეიმოსსა და ფრიდას ვაჟი, კოკო შეეძინათ

თბილისის ზოოპარკს ახალი მკვიდრი ჰყავს: ფალაბელას ჯიშის ჯუჯა ცხენებს, ფეიმოსსა და ფრიდას ვაჟი, კოკო შეეძინათ. ფალაბელა პონი არ გეგონოთ - 1868 წელს არგენტინაში სახელგანთქმულმა მილიონერმა ხუან ფალაბელამ პატარა ცხენები გამოიყვანა - 70 სანტიმეტრამდე სიმაღლის მინიატიურული "რაში". ამ "რაშმა" მოგვიანებით პატარების გულები დაიპყრო და დღესაც მათი საყვარელი ცხოველია. ევროპელი ფერმერები ფალაბელას ხშირად ზრდიან თავიანთი პატარების გასართობად და გასაყიდადაც - ის არცთუ იაფი ღირს. ფალაბელები განსაკუთრებით უნარშეზღუდულ პატარებს ახალისებს.

ორი წლის წინ თბილისის ზოოპარკმაც ფრიდა და ფეიმოსი სწორედ ამიტომ შეიძინა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმხანად ზოოპარკი მათ შეძენას არ აპირებდა - ფალამელები ერთ ქართულ კინოჯგუფს გადაღებისთვის ჰყავდა გამოწერილი უცხოეთიდან. გადაღებისას ფეიმოსი და ფრიდა ისე დაუძლურდნენ, მათზე ზოოპარკს რომ არ ეზრუნა, დაიხოცებოდნენ. საბოლოოდ ჯუჯა ცხენები თბილისის ზღვაზე, საცხენოსნო კლუბის თავლაში გადაიყვანეს. აქ ფრიდასა და ფეიმოსს მხიარული, საყვარელი და ცოტა აბეზარი კოკო შეეძინათ, რომელიც თავლისა დ იქ მისული პატარების თვალისჩინად იქცა. კოკოს აქ წარსულში ცნობილი მოჯირითე მარიანა მათიაშვილი უვლის და ზრდის. მხიარული კვიცი დილით თავლის კარის გაღებისთანავე ცნობს მარიანას ფეხის ხმას და მის მოლოდინში ცქმუტავს.

- ჩვენს ფალაბელებს მანამდე მკვდარი კვიცი დაებადათ, კოკო კი ჯანმრთელი აღმოჩნდა. ოთხი კილოგრამიც არ იქნებოდა. ავიყვანე, ჩავიხუტე და მაშინვე მინდორში წავიყვანე სასეირნოდ. ფალაბელებმა ბევრი უნდა ირბინონ, რომ ჯანმრთელები იყვნენ. შვილივით მიყვარს. იმდენად პატარა და უმწეოა, რომ მისი მოვლა საოცრად მსიამოვნებს. მისთვის მუდამ მაქვს სტაფილო და შაქარი. უნდა ნახოთ, ამ ნუგბარს როგორი თავაწეული და ყურებდაცქვეტილი ელოდება. ისე, კომბოსტოსაც ჭამს, ბალახსაც და შვრიასაც.რომ შია, ფრუტუნით მანიშნებს, ჩქარა მოდიო.

- ეთამაშება სხვა ცხენებს?

- იშვიათად. ისინი უბრაზდებიან და კოკოს ეშინია. მივა კოკო, დაყნოსავს დრუნჩზე და როგორც კი ისინი აფრუტუნდებიან, თავქუდმოგლეჯილი გარბის.

- ბავშვების ხომ არ ეშინია?

- ბავშვები კოკოზე გიჟდებიან. ისე იხუტებენ, მათი ნახვა ერთი სიამოვნებაა.

ეთერ ერაძე