"აი იას" ნაცვლად,Welcome to Windows - კვირის პალიტრა

"აი იას" ნაცვლად,Welcome to Windows

მე რომ პირველ კლასში შევედი, "დედაენა" მაჩუქეს: პატარებს შეიძლება არც ახსოვთ. აი, ის წიგნია, ყდაზე რომ ლამაზი იები ახატია და პატარა წარწერა აქვს: "აი ია". ჩემზე ბედნიერი იმ დღეს, ალბათ, დედამიწის ზურგზე არავინ დადიოდა. საკუთარი წიგნი მქონდა, წარმოგიდგენიათ? საკუთარი წიგნი! მეც ავდექი და სანატრელი წიგნი, "იადან" "ჰამაკის" ჩათვლით პირველკლასელური ცნობისმოყვარეობით გადავაბულბულე.

მეტი რა საქმე მქონდა? გაგანია 1998 წელი იდგა, კომპიუტერი მე არ მქონდა და ტელევიზორშიც "ბასტი-ბუბუს" ყურება მარტო მაშინ შემეძლო, როცა მისი უდიდებულესობა შუქი ამის საშუალებას მაძლევდა. ჰოდა, მეც გულმოდგინედ ვიმეორებდი: "თითი, თათი, თითა, ათი... ასო-ბგერა თ". არ მახსოვს, ასო-ბგერა "კ"-ზე რა ეწერა (მგონი, მოთხრობა "კატო და კატა"), მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ იქ სიტყვა "კომპიუტერი" ნამდვილად არ იყო.

ეს დალოცვილი ნივთი ჩვენი თაობისთვის შედარებით ახალი ხილია. შეიძლება ამიტომაც შეგვიყვარდა ასე ძალიან და უმისოდ, ფაქტობრივად, კაპიკია ჩვენი ფასი. აბა, იმ დღეს დღე ჰქვია, თუ "ოდნოკლასნიკში", Facebook-სა და Skype-ში ერთხელ მაინც არ შევიჭვრიტებით? ახლაც ვზივარ კომპიუტერთან და ვბეჭდავ. რა, რვეული არა მაქვს თუ საწერ-კალამი? მაგრამ მაინც კლავიატურაზე ვაჩხაკუნებ.

რატომ? კარგი კითხვაა. ალბათ, იმიტომ, რომ მინდა მეც განვითარებულ დასავლეთს მივბაძო, იქ ხომ, როგორც ამბობენ, ელექტროპროცესორები მართავენ ქვეყანას! ჰმ, ნეტავ მართლა ეგრეა? თუ ჩვენ, როგორც ევროპასა და აზიას შორის გაჭედილ, ცივილიზაციას რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩენილი ქვეყნის შვილებს, ასეთი წარმოდგენა გვაქვს განვითარებაზე? არც  ეს უნდა იყოს ურიგო კითხვა, არა?

ასეა თუ ისე, ჩვენ მაინც უფრო და უფრო წინ მივიწევთ სანატრელი დასავლეთისაკენ. მომავალი წლიდან უკვე გაევროპელებული პირველკლასელებიც გვეყოლება. მათ არ მოუწევთ სკოლაში მძიმე წიგნების თრევა. რატომ იწვალოს ბავშვმა, როცა არის წიგნზე ბევრად უფრო კომპაქტური ნივთი. მოკლედ, ეს უნიკალური კომპიუტერია, რომელიც შეიქმნა OLPC (One laptop per child - ყველა ბავშვს თითო ლეპტოპი) პროგრამით, მსოფლიოს უღარიბეს, ჩამორჩენილ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისათვის, რომლებსაც განათლების მისაღებად ელემენტარული პირობები არა აქვთ. ესეც შენი ევროპა!

KvirisPalitra.Geისე კი, რომ დაფიქრდე, მშვენიერი წამოწყებაა, - მშობლები ფულს აღარ დახარჯავენ ბავშვებისათვის ქაღალდის დასტების საყიდლად და პატარებიც ძალიან კარგად გაერთობიან. მათ ამიერიდან "აი იას" ნაცვლად, Welcome to Windows-ის კითხვა მოუწევთ: ან გადმოქართულებულ ოპერაციულ სისტემაში ამ ფრაზას უკვე მშობლიურ ენაზე წაიკითხავენ. მაგრამ, ვაი! სულ დამავიწყდა.

პირველკლასელმა ბავშვმა რომ ჯერ კითხვა არ იცის? ო... ეს უკვე პრობლემაა... მაგრამ მაგასაც მალე მოევლება: მომავალი წლიდან ხომ ყველა სკოლაში პირველ კლასებშივე შევა ინგლისურენოვანი მასწავლებელი. ჰოდა, ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ, არ გაგვიჭირდება უცხო ენის სწავლა და ახალ ლეპტოპებსაც უმალ ავუღებთ ალღოს.

მუხრან მაჭავარიანი გამახსენდა, ჩვენი ეგზომ დაფასებული პოეტი: "რუსულის ცოდნა, იცოცხლე, სახარბიელო რამ არი, მაგრამ ეს უნდა იცოდე, მშობლიურია მთავარი", - კარგად უთქვამს. ოღონდ მაშინ რუსული იყო, ახლა ინგლისურია. რას გადაეკიდე ამ ინგლისურსა და კომპიუტერს, დღეს ხომ უმაგისოდ ცხოვრებაში გზას ვერ იპოვიო, - მკითხავთ, მე კი გიპასუხებთ: მართალი ხართ, ამ ორმა დღეს მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ ისევ ბატონ მუხრანს დავესესხები: "ენა არ გაწყენს არც ერთი, უნდა იცოდე რამდენიც; ოღონდ არ უნდა დაჰკარგო ქართული სიტყვის ნათელი!"

P.S. და მაინც,„"ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!"

გიორგი გოგუა