"ექიმებმა მითხრეს, ეს აფრიკის ქვეყნებშიც არ ხდება, საიდან ჩამოხვედითო" - კვირის პალიტრა

"ექიმებმა მითხრეს, ეს აფრიკის ქვეყნებშიც არ ხდება, საიდან ჩამოხვედითო"

რა მოხდა იაშვილის კლინიკაში, ამის გასარკვევად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. იაშვილის კლინიკაში გვიპასუხეს, რომ რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა რა სამედიცინო მანიპულაციები ჩაუტარდა ნენე მოდებაძეს, არ გაგვიმხილეს...

ორი წლის ნენე მოდებაძის ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა. ბავშვის დედა ლია ალიბეგაშვილი ჰყვება, რომ ნენე ორი თვის იყო, როცა ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, მაგრამ ამ ოპერაციის ჩატარება საქართველოში ვერ შეძლეს და ე.წ. მოსამზადებელი ქირურგიული ჩარევა იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. რვა თვეში ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, მუცელი გაეზარდა და სითხით გაევსო. გოგონას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, იაშვილის კლინიკის ექიმები კი მისი შეუძლოდ ყოფნის მიზეზს ვერ ადგენდნენ, ამიტომ ოჯახმა ბავშვის საფრანგეთში წაყვანა გადაწყვიტა.

ლია ალიბეგაშვილი:

- თავდაპირველად ფრანგ ექიმებსაც გაუჭირდათ დიაგნოზის დასმა. ერთ-ერთი პროფესორი დაუკავშირდა ქართველ ქირურგს, რომელმაც ნენეს ოპერაცია თბილისში გაუკეთა, თუმცა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. როდესაც ნენე ერთი წლისა და ორი თვის გახდა, ფრანგმა ექიმებმა ოპერაცია გადაწყვიტეს. ხუთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, სინჯარით ტამპონი გამომიტანა და მითხრა, აი, ნახე, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა ტანჯავდაო. სასიკვდილოდ გაწირეს ბავშვი! რაც თქვენ დაგემართათ, აფრიკის ქვეყნებშიც არ ხდება, საიდან ჩამოხვედითო - ზუსტად ასე მითხრა! ბავშვი საფრანგეთში რომ არ წაგვეყვანა, დღეს შვილი აღარ მეყოლებოდა.

ნენე მოდებაძის ბიძა გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ დოლბანდი ბავშვს ღვიძლზე ჰქონდა მიკრული. ამის გამო ორგანო მთლიანად იყო დაზიანებული და ბავშვს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

რა მოხდა იაშვილის კლინიკაში, ამის გასარკვევად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. "კვირის პალიტრა" იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა რა სამედიცინო მანიპულაციები ჩაუტარდა ნენე მოდებაძეს, არ გაგვიმხილეს...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპერაციის შემდეგ პაციენტს მუცლის ღრუში "ექიმის საჩუქარი" აღმოუჩინეს. ცოტა ხნის წინ ონკოქირურგმა ირაკლი თოდუამ პაციენტის მუცლის ღრუში სამედიცინო პინცეტი აღმოაჩინა. 25 წლის წინ პაციენტს ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს და ექიმს მაშინ დარჩა. აღსანიშნავია, რომ მას წლების განმავლობაში არაფერი აწუხებდა და სულ სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პაციენტს უცხო სხეული ამოუღეს...

კიდევ ერთი დაზარალებული მალხაზ შავგულიძეა, რომელმაც შარდის ბუშტის ოპერაცია 2013 წელს გაიკეთა, თუმცა არასწორი მანიპულაციებს გამო რამდენჯერმე დააბრუნეს კლინიკაში:

- როგორც მითხრეს, თავდაპირველად ჭრილობა გაიხსნა და ხელახლა გამიკერეს. 12 კათეტერი მედგა. მოგვიანებით ერთ-ერთი გაიჭედა და ისევ საოპერაციოში შემაბრუნეს. ერთ კვირაში გაირკვა, რომ თურმე შარდი მთელ ორგანიზმში იღვრებოდა და კვლავ საოპერაციოში აღმოვჩნდი. მაღალი ტემპერატურა მქონდა. ჩემი შვილი გერმანიაში ცხოვრობს. მითხრა, რამდენ ხანს უნდა გაწვალონ, ჩამოდი და აქ გიმკურნალებო. პირველივე გამოკვლევისას გერმანელმა ექიმებმა მითხრეს, ოპერაცია არასწორად არის ჩატარებული, მარჯვენა სადინარი მარცხნივ არის მიკერებული, მარცხენა კი საერთოდ არ არის შარდის ბუშტთან მიერთებულიო. მუცლის გაჭრის შემდეგ გამაოგნებელი სანახაობა დახვდათ - მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი. მთელი კლინიკა გაიძახოდა,"კატასტროფიკ, კატასტროფიკო.

რა ზომებს მიმართავს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო? "კვირის პალიტრა" რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო ხუციშვილს ესაუბრა:

- ნენე მოდებაძის საქმეზე იაშვილის კლინიკაში დავიწყეთ დოკუმენტაციის შესწავლა. თუ სამედიცინო გადაცდომა დადასტურდა, კანონმდებლობა სერტიფიკატისა და პროფესიული საქმიანობის შეჩერებას ითვალისწინებს. პასუხს ველოდებით ფრანგული კლინიკიდანაც.

- ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმაც გაგაკრიტიკათ იმის გამო, რომ რეგულირების სააგენტო სამედიცინო დარღვევების ადეკვატურ ზომებს არ იღებს და საეჭვო კვალიფიკაციის ექიმები ისევ მუშაობენ...

- ნინო ლომჯარიას ანგარიშში მითითებულია, რომ ხალხს აქვს განწყობა, თითქოს კანონმდებლობა და ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების მიმართ სათანადოდ მკაცრი არ არის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, არ არსებობს სტატისტიკა, ოპერაციის დროს პაციენტების სხეულში დარჩა თუ არა რაიმე ნივთი. ასეთი საჩივრებით პაციენტები ხშირად არ მოგვმართავენ.

- ხშირად რას ნიშნავს? ერთეული შემთხვევები არ არის საკმარისი, რომ ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

- თუ ფაქტი დასტურდება, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ადეკვატურად მოქმედებს.

რუსუდან შელია