"ადვოკატი აყვანილი ჰყავს, თუმცა ვერ ვიგებთ სად არის" - რას ამბობს "კაბუს" დედა შვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"ადვოკატი აყვანილი ჰყავს, თუმცა ვერ ვიგებთ სად არის" - რას ამბობს "კაბუს" დედა შვილის მდგომარეობაზე?

საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახობი კახა აბუაშვილი იგივე "კაბუ" კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აბუაშვილის ოჯახისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად დაკავებული და როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა აბუაშვილის დედამ განუცხადა, ოჯახი თავად დაკავებულის ზარს ელოდება, რისი უფლებაც მას ადგილობრივი კანონმდებლობით აქვს. ცირა აბუაშვილის თქმით, მის შვილს საფრანგეთის სახელმწიფომ ადვოკატი აუყვანა, თუმცა მასთან კომუნიკაცია ოჯახს არ ჰქონია.

"ადვოკატი აყვანილი ჰყავს, თუმცა ვერ ვიგებთ სად არის. სხვა ქალაქშია გადაყვანილი და ვინც არიან იქ ადგილზე, ვერ ნახეს ჯერ. თვითონ სახელმწიფომ დაუნიშნა ადვოკატი. სხვა არაფერი არ ვიცით. ველოდებით ზარს მისგან ამ დღეებში. ვიცით, რომ აქვს ზარის განხორციელების უფლება და ველოდებით როდის დაგვიკავშირდება თვითონ", - განაცხადა ცირა აბუაშვილმა.

რაც შეეხება საქმეში საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობას, როგორც "ინტერპრესნიუსს" ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, კახა აბუაშვილს საელჩოსთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, ოფიციალური მიმართვის გარეშე საელჩო საქმეში ვერ ჩაერთვება.

მსახიობი კახა აბუაშვილის, იგივე "კაბუს" დაკავების შესახებ ინფორმაცია 18 აპრილს გახდა ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით, მსახიობი საფრანგეთში ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.

იხილეთ ასევე: "კაბუს" ჩემი საფულიდან 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა?"