ნაღმის ნამსხვრევებმა დაგლიჯა ერთმანეთზე ჩახვეული მეგობრების სხეულები - კვირის პალიტრა

ნაღმის ნამსხვრევებმა დაგლიჯა ერთმანეთზე ჩახვეული მეგობრების სხეულები

ბავშვობიდან ლექსებს წერდა, უყვარდა მთები და მონადირე ბიძას ადევნებული ცდილობდა, ალგეთელი ლეკვივით ყოფილიყო. ისრებს თლიდა, იარაღს შლიდა და აწყობდა, მეომრის საქმეს სწავლობდა, რომ სიჭაბუკეში სამშობლოსთვის გამგელებულიყო. ამას ლექსში ამხელდა, ისე კი სიტყვაძუნწი ყოფილა ხვაშიადის გამხელაში.

ფათერაკიც ბედისწერასავით დასდევდა, თითქოს აქეზებდა, შენ სხვა გზა არა გაქვს, სამშობლოსთვის უნდა დაიფერფლოო. ერთხელ, დედისთვის უთქვამს, წინაპართა სისხლი არ მასვენებსო.

მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის ერთ-ერთი ოცეულის მეთაური ალექსანდრე თანდაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირულად დაიღუპა. 19 აგვისტოს, ფერისცვალებას, 37 წლის გახდებოდა.

საბრძოლო ნათლობა

1989 წლის 8 აპრილის საღამოს ვარჯიშიდან ბრუნდებოდა. მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციაზე შეჩერებულა. მოგვიანებით  დედისთვის ტელეფონში უთქვამს, ცოტა დამაგვიანდებაო. ბეწვზე გადარჩა, რუსის ნიჩბისგან ძლიერმა მკლავმა იხსნა, მაგრამ მოიწამლა. მოერია საწამლავს, თუმცა ამ ამბის მერე ერთი სურვილით მოიწამლა, - კიდევ მეტად მოუნდა სამშობლოსთვის მგლობა. "ფალავანთა კლუბიდან" პირდაპირ სპეცრაზმში წავიდა.

19 წლისა სამშობლოს დამცველის მძიმე გზას დაადგა. სპეცრაზმში სამსახურის დაწყებას მშობლების ნებართვა სჭირდებოდა. მამას ენანებოდა ვაჟკაცი შვილი ბეწვის ხიდზე გასაშვებად, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა. დედამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არა ვარ მე ხერხეულიძეების დედაო. ალექსანდრე დაღვრემილი მისულა მომავალ უფროსთან, მხოლოდ მამის ხელმოწერა მაქვსო. ვაჟკაცი ყოფილხარ, ტყუილი არ შეგძლებიაო. მალე აფხაზეთის ომი დაიწყო.

ჩვეულებრივად მშვიდს ბრძოლის ველზე თითქოს ომის ღმერთი უსახლდებოდა სხეულში. ერთ დღესაც მძიმედ დაიჭრა, ფეხზე არტერია გაუგლიჯა ტყვიამ, მარცხენა ხელი კი საცერივით დაუხვრიტა. სანამ სისხლდენამ არ მიასუსტა, ბრძოლის ველზე დაბრუნებაზე ფიქრობდა. გონს გვიან მოეგო, უფრო გვიან დაკარგული ჯანმრთელობა დაიბრუნა. საავადმყოფოში თვენახევრიანი წოლის შემდეგ თითებს ვეღარ შლიდა, ჯარისთვისაც უვარგისი იყო და თავისთვისაც. ოჯახმა გაყიდა თუ რამ ებადა, ოპერაცია ოპერაციას ენაცვლებოდა, ჯარისკაცი თავიდან დაიბადა.

"მოტომანი"

უკვე სასაზღვრო ჯარისკაცი ერთ დღეს შემთხვევით საბჭოთა ჯარის "ნაქალაქარზე" მოხვდა, აეროპორტთან ახლოს, ზემო ალექსეევკაში. მეთაურ ვალერი ჩხეიძეს შესთავაზა, იქ გადავსახლდეთო. ასე შექმნა შვიდმა ოფიცერმა სწრაფი რეაგირების რაზმი "მოტომანი".

უშიში, ვითარცა უხორცო

ქართველ მესაზღვრეებს საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსული სომეხი ბრაკონიერები დაუჭერიათ, - ხეებს ჭრიდნენ და "კამაზებზე" ტვირთავდნენ. ორი "კამაზი" დაატყვევეს. ალეკო შტაბში წასულა მაშველის წამოსაყვანად. ამის მერე ბრაკონიერებსა და მესაზღვრეებს შორის სროლა ამტყდარა. მსხვერპლიც მოჰყოლია ორივე მხრიდან. მოსაზღვრე სომხური სოფლიდან დედაწულიანად გამოქცეულან, დასევიან ქართველ მესაზღვრეებს, 4 ბიჭი საზღვარზე გადაუთრევიათ, ხეზე მიუბამთ და დაწვა დაუპირებიათ.

სროლის ხმაზე უკან მობრუნებული ალექსანდრე გასდევნებია მომხდურებს, გახსნილი ხელყუმბარით შესულა სომხეთის სასაზღვრო მილიციის უფროსთან, სანამ გონზე მოვიდოდა, კისერში ჩაუვლია ხელი და დამუქრებია, ან ბიჭებს გაათავისუფლებ, ან ორივე ერთად ავფეთქდებითო. სომხებს ნაწამები ქართველი მესაზღვრეები მილიციის უფროსის ოთახში შეუყვანიათ იმ იმედით, ის ვიღაც გიჟი იარაღს დაყრიდა.

ამაოდ, ან ყველას უვნებლად გაგვატარებთ საზღვრამდე, ან ჩვენთან ერთად დაწყდებითო, ღიმილით უთქვამს და სიმშვიდით წაუხდენია მოწინააღმდეგე. ვის გაუგია, ვაჟკაცობის გამო კაცს საყვედურობდნენ, მაგრამ შენს ვაჟკაცობას შეიძლებოდა ომი მოჰყოლოდაო, უთქვამთ მეთაურებს. ამაყი ქიზიყელი მშვიდად ისმენდა საყვედურს, რომელშიც აღტაცება უფრო იგრძნობოდა.

მთელი ოჯახი ჯარში ჩაითრია

ქალბატონი ლენა იხსენებს: "ერთ დღეს მითხრა, დედა, ექთანი გვჭირდება რაზმში, იქნებ წამოხვიდეო. ჩემს მეუღლეს მშენებლობა ეხერხებოდა, საბჭოთა ჯარისგან მიტოვებულ კორპუსებს კი გარემონტება სჭირდებოდა. ასე რომ, მშობლებიც ჩაგვითრია ქართული ჯარის მშენებლობაში. 200-300 ჯარისკაცის დეიდად მაქცია"...

არც ალექსანდრეს დაუფასეს ამაგი და არც მის მშობლებს. 2004 წელს ქალბატონი ლენაც და ბატონი დიმიტრიც სამსახურიდან ასაკობრივი ცენზის გამო დაითხოვეს.

ალექსანდრე ამ დროს  ერაყში მსახურობდა ერთი მდიდარი შეიხის დაცვაში. იქ გაიცნო მასავით დუხჭირ ცხოვრებას გამოქცეული ერეკლე ყულოშვილი. ძმებივით შეეთვისნენ ბიჭები ერთმანეთს. მოგვიანებით ერეკლე მისი მეთაური გახდა ქართულ ჯარში. ქართულ ჯარს აშენებენო და დაბრუნდა სამშობლოში. ერეკლეს, მის საუკეთესო მეგობარს, მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონი, ალექსანდრეს კი ოცეული ჩააბარეს.

მგელივით მოვარდა სიკვდილი

სავარაუდოდ, ცხინვალის დაბომბვის დროს დაიღუპნენ ერეკლე და ალექსანდრე. ამბობენ, ალექსანდრე სამშვიდობოს იყო, როდესაც მეგობარი მოისაკლისა. მგონი, ნაძვნარს შეაფარა დაჭრილმა თავიო, უთქვამს ვიღაცას. მერე დაინახეს, ერეკლეს ასაყვანად დახრილი ალექსანდრე როგორ აიტაცა ჰაერში ნაღმსატყორცნიდან გამოფრენილმა სიკვდილმა და მეგობრის უსულო გვამზე დააგდო. მალე დაბომბვა დაიწყო და ნაღმის ნამსხვრევებმა დაგლიჯა ერთმანეთზე ჩახვეული მეგობრების სხეულები. მოგვიანებით ამ კადრებს სიამოვნებით ატრიალებდნენ რუსული ტელეკომპანიები და ინტერნეტსაიტები. ახლობლებმა გვიან ამოიცნეს მეომრები.

ცხოვრება ტკივილსა და სიღატაკეში

თანდაშვილებმა ცოტა ხნის წინ ოჯახის უფროსი დაკრძალეს. დიმიტრის ოცნებად გაჰყოლია, ნეტავ ჩემს შვილთან ახლოს დამმარხაო. მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, ალექსანდრესთან ახლოს დაკრძალეს.

ოჯახში ისევ განახლდა ძაძა და მწუხარება. ისევ მეფობს სიღატაკე და მომავლის შიში. ქალბატონი ლენა უმუშევარია, ავად არის და სამკურნალო ფულიც არა აქვს. ორიოდე დღის წინ მიკროინფარქტით კინაღამ ხელში ჩააკვდა ერთადერთ შვილს, დავითს. ისიც უმუშევარია, წარსულში ნასამართლევს სახელმწიფო სამსახურებში არ იღებენ.

სოციალური აგენტები მის გაღატაკებულ ოჯახში "სიმდიდრეს" პოულობენ და დახმარებას ვერ იმეტებენ. როდესაც ალეკოს დაღუპვის ამბავი დადასტურდა, მისმა მეგობრებმა შპალერი და საღებავი მიიტანეს ბინის შესალამაზებლად. სწორედ მაშინ მისულან სოციალური აგენტები, შპალერი გიყიდიათ, საღებავიცო და თანდაშვილებს ისევ მაღალი ქულები დაუწერეს და...

"ჯარისკაცების მშობლებთან პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრაზე ფურცელზე დავწერე ჩემი გასაჭირი და ბატონ მიხეილს ხელში ჩავუდე. ორიოდე დღეში 4.000 ლარი გადმოგვირიცხა. ნუთუ ყველა სატკივარი პრეზიდენტს უნდა ვუთხრათ, რომ შედეგი მივიღოთ? რამ გახადა მისი გარემოცვა ასე უსულგულო? მე ხომ ერთადერთი არა ვარ, ვინც ამას ჩივის?!"

რა დარჩა?

დანაწევრებული სამშობლო, პატარა ანა და ქვრივი თამუნა, აუშენებელი სახლი... დარჩა უმცროსი ძმა, რომელიც გარეგნულადაც ჰგავს და ხასიათითაც, მაგრამ ვერ ვარ მისნაირიო, ამბობს. დარჩა მისი სახელობის ქუჩა და სკვერი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედალი სიკვდილის შემდეგ და დარჩა ძალიან ძვირფასი - დედა, რომელსაც პირველად უხმო გონსმოსულმა, აფხაზეთის ომში რომ დაიჭრა.

დედა, რომელიც ამბობდა, რომ არ არის ხერხეულიძეების დედა, არადა, არის. გორში ომის მერე ციხესთან ახლოს ძმები ხერხეულიძეების ქანდაკება დადგეს. სახე და სხეულდაჩეხილი რვა ბუმბერაზი საოცარი სანახავია, მეცხრე არ ჩანს. ავტორს, გოგი ოჩიაურს უთქვამს, მეცხრედ თითოეულმა ქართველმა უნდა წარმოიდგინოს თავიო. მე კი, როდესაც ეს ქანდაკებები ვნახე, ვიფიქრე, მეცხრე ყველა ის ბიჭია, ვინც თავი გასწირა საქართველოსთვის, ალექსანდრე თანდაშვილიც მეცხრეა!