"ცივილიზებულ ქვეყნებში "ნარკობარიგებს" საკუთარ ბუნაგში იჭერენ და არა კლუბებში!" - კვირის პალიტრა

"ცივილიზებულ ქვეყნებში "ნარკობარიგებს" საკუთარ ბუნაგში იჭერენ და არა კლუბებში!"

რას ფიქრობენ ჩვენში 12 მაისს, გვიან ღამით ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბურ სპეცოპერაციაზე?

ნოე სულაბერიძე, ტელეპროდუსერი:

- "ბარიგების" დაჭერის და ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდის მომხრე მეც ვარ, მაგრამ ასეთი ფორმით შევარდნა, ძალიან არასწორია! დარწმუნებული ვარ, სხვა გზითაც შეიძლებოდა ნარკორეალიზატორების დაკავება!  აქვე გეტყვით, რომ კლუბების მოყვარული არ ვარ და დიდი დოზით მანდ ყოფნა სწორიც არ მგონია...

- ამბობენ, რომ თბილისის საკლუბლო ცხოვრება საკმაოდ პიპულარულია ტურისტებში და მომხდარი მათ დააფრხთობს...

- რა თქმა უნდა! ცივილიზებულ ქვეყნებში "ნარკობარიგებს" პირდაპირ საკუთარ ბუნაგში იჭერენ და არა კლუბებში!

მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი ტენორი, გია ონიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე კლუბ "ბასიანის" შესახებ შემდეგს წერდა:

"ამას წინათ მოვიდა ჩემი შვილი დუსელდორფიდან აღფრთოვანებული. ვიღაც გერმანელი გაუცვნია, რომელმაც როცა გაიგო რომ ქართველი იყო, უთქვამს ძალიან მაგარი ქვეყნიდან ხარ, ელექტრონული მუსიკის მექააო თბილისი და მსოფლიოდან ყველა დადის ამ ჟანრის და კლუბური მუსიკის ფანები სპეციალურად ამისთვის კლუბ "ბასიანშიო". ამ დროს ჩვენ იქვე გვაქვს ბინა სტადიონთან და არც გაგვეგო "ბასიანის" არსებობა... ეს არის ერთ - ერთი ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალება. არაფრით არ შეიძლება მისი დაკეტვა. გააკონტროლონ ნარკოტიკების გასაღება და მოხმარება მკაცრად. კლუბის დახურვა ძალიან ცუდი რეკლამა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის..."

გია ონიანი kvirispalitra.ge-ის გერმანიიდან ესაუბრა:

- ჩემი რამდენიმე დღის წინანდელი სტატუსი გამოდგება, რომ გადმოგცეთ უცხოელების პოზიცია... რაც შეეხება დარბევას, ყველანაირი დარბევა ჩემთვის მიუღებელია "ბასიანში" იქნება, თუ - სადმე  სხვაგან.

ზოგადად "ნარგობარიგების" დაკავებას და მათი საქმიანობის აღკევთას მივესალმები, მაგრამ კლუბი უნდა დარჩეს! უამრავ ტურისტს და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთ-ერთი წარატებული ქართული ბრენდია და სახელმწიფომ, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს, რა თქმა უნდა, ნარკოტიკების გაყიდვა-მოხმარებაზე მკაცრი კონტროლის თანხლებით!

კლუბების დახურვით ეგ პრობლემა არ მოგვარდება! სიცოცხლის ქალაქიო კახი კალაძე რომ იძახდა, თუ ღამის ცხოვრება შეწყდა და კლუბები დაიხურება, თბილისი ვერანაირად ვერ იქნება სიცოცხლის ქალაქი...

ნარკოპოლიტიკა გაამკაცრონ და დაარეგულირონ, ეს იქნება კარგი! ყველანაირ დარბევას და ძალადობას ვეწინააღმდეგები! უნდა ითანამშრომლონ კლუბების ხემძღვანელებთან და თუ ვინმე ყიდის ჩუმად ნარკოტიკს, ერთად უნდა გამოავლინონ! თუ სუფთები არიან, სიამოვნებით უნდა აითანამშრომლონ შსს-სთან! რაღაცა მთავრობამაც უნდა იმოქმედოს, თორემ ხელიდან გვეცლებიან ახალგაზრდები..

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:

- გინახავთ, ადამიანი როცა ეწევა, სვამს თუ რაიმე სხვა უბედურებასაც სჩადის, რა სახე აქვს?

თვალებში შეხედეთ და მაშინვე მიხვდებით, რომ ნორმალური აღარ არის! მის ხელში ყველაფერი საშიშია!

მე ნარკომანების დაჭერის მომხრე სულაც არ ვარ, იმდენად მეცოდებიან, სხვა გზებით არის საჭირო მაგათ გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა! თუმცა, შე ოჯახაშენებულო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავათახსიროთ ახალგაზრდობა, მოვსპოთ და გადავაგვაროთ?!

რაც შეეხება ღამის კლუბებს, მოგეხსენებათ ახლა, ამხელა კაცი იქ არ დავდივარ, მაგრამ დაახლოებით ვიცი რა სურათიცაა. უცხოეთში ყოფნისას წამიყვანეს ერთი-ორჯერ და ასეთი საშინელება იქ არ მინახავს, რაც ჩვენთან ხდება. ნათქვამია, თუ გინდა ადამიანი მოსპო, ზედმეტი თავისუფლება უნდა მისცეო. თან თავისუფლება გიჟის ხელში?! მოგახსენეთ, ყველა გიჟი ხდება, ვინც ნარკოტიკს გაეკარება! მამა და დედა აღარ ახსოვთ! გურული ძმაკაცი მყავდა და თავის შეცდომაზე მიყვებოდა და რომ ვკითხე, რატომ დაგემართა-მეთქი, მაშინ ნარკოტიკებს მოვიხმარდი და რა მახსოვს, არცერთი ახლობელი აღარ მახსოვდაო... ეს კაცმა თავის პირით თქვა!

ნარკორეალიზატორები სამუდამოდ უნდა მოაშორონ საზოგადოებას! კაცის მოკვლის მომხრე არ ვარ, მაგრამ იზოლირებული უნდა იყვნენ ხალხისგან სამუდამოდ! იციან იმათ, რასაც აკეთებენ და კლავენ ხალხს. ისინიც უნდა გამოავლინონ და დასაჯონ, ვინც ამ ხალხს მფარველობს...

- ღამის კლუბების ასეთი დარბევა ტურისტებს არ დააფრთხობს?

- სულ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ტურისტი! ვინც ჩემს ქვეყანაში წინსვლას ხელს უშლის, არავინ მინდა!

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუკის" პირად გვერდზე  აი, რას წერს:

- ვუსმინე შსს-ს ბრიფინგს და მაინც ვერ მივიღე პასუხი კითხავზე: რატომ იყო აუცილებელი 8 გამსაღებლის დასაკავებლად კლუბებში შეავრდნა. მით უმეტეს, თუ მათ სამი თვე უთვალთვალებდნენ და ვიდეოზე გადაღებული მტკიცებულებიც უკვე ჰქონდათ, რატომ ვერ მოხდებოდა მათი სხვაგან წყნარად აყვვანა?

"ქოცებმა" კარგად რომ გაიგოთ, რაზეა ლაპარაკი დაგიკონკრეტებთ: დააახლოებით ის ვარიანტია, "ნაცებმა" ბასილ მკალავიშვილის ეკლესია რომ დაარბიეს და ყველა კითხულობდა, სახლში რატომ არ აიყვენას ეს კაცი, რა საჭირო იყო მთელი ეკლსიის დარბევაო.

პ.ს. ვისაც წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს, მათთვის წინასწარ განვმარტავ: ეკლესიას და ღამის კლუბს კი არ ვადარებ ერთმანეთს, არამედ პოლიციის ქმედებებს.

მოამზადა მანანა გაბრიჭიძემ