"რაღა დაგვრჩენია ამ "კუნძულზე" - კვირის პალიტრა

"რაღა დაგვრჩენია ამ "კუნძულზე"

სოფელში 20-მდე ახალგაზრდა დარჩა... წელს, ალბათ, ისინიც გაიქცევიან. აქაურები მხოლოდ ქორწილებსა და გასვენებაში თუ ჩამოდიან და ზაფხულობით, როდესაც მოსავლის აღება იწყება... შარშან არაფერი იყო ასაღები, წელს უარესს ველით...

"90-იანებში როგორ გაძელით, მაშინ უფრო არ გიჭირდათო? - გვეკითხებიან. დიახ, ძალიან გვიჭირდა - ომი, შიმშილი, გატაცებები... მთელ გალის რაიონში პურიც კი არსად ცხვებოდა, მაგრამ როგორღაც გავუძელით. ამ წლებმა და კვლავ "ომში" ცხოვრებამ კი ისე გაგვტეხა, ვეღარ ვუძლებთ - იმედი, რომ ოდესმე ყველაფერი შეიცვლება, თანდათან ქრება. უკვე წლებია, სახლ-კარის, მიწის შესანარჩუნებლად ყოველდღიურად ბრძოლა გვიწევს... შარშანდელივით, მავნე მწერმა წელსაც თუ ისევ შიმშილის ზღვარზე დაგვტოვა, გალში დაკეტილი სახლების რაოდენობა გაიზრდება", - ამბობს სოფელ საბერიოში მცხოვრები 41 წლის გელა.

რაიონში უმძიმესი ვითარების შესახებ გალელებმა "კვირის პალიტრის" ინტერნეტგვერდზეც მოგვწერეს. რეგიონში, სადაც წლებია აღარავინ იღიმება და არაფერი უხარიათ, ყოფითი პრობლემები სულ უფრო მწვავდება.

დათა, გალის რაიონის მცხოვრები: - აზიურმა ფაროსანამ და მცენარეების სოკოვანმა დაავადებებმა შარშან თხილი და ციტრუსი გაგვინადგურა, არც ხილი და ბოსტნეული დაინდო. ძლივს გავიტანეთ თავი... წელსაც თუ იგივე განმეორდა, აქაურობა დაიცლება. ჩვენი საძვალე აქ არის, ჩვენი წინაპრები აქ განისვენებენ, აქაური მიწა გვაჭმევდა პურს, ვამუშავებდით და ნოყიერი ნიადაგის წყალობით საკვებზე მაინც არ გვიწევდა ნერვიულობა, მაგრამ წელს შარშანდელზე უარესი პირი უჩანს მოსავალს... რა აზრი აქვს შრომას, წვალებას, მოყვანას? უკვე კულტურულ ნათესებს შეესია მავნე მწერი. სიმინდს, კიტრს, პამიდორს, წიწაკას უკვე ეტყობა კოპლებივით... შარშან სოხუმელი აფხაზები აღშფოთდნენ, დამსვენებელს ვეღარ ვაჩერებთ, ფაროსანა საჭმელსა და საწოლში უძვრებათო... ქალაქს ვერტმფრენით გადაუფრინა და შეწამლა აფხაზეთის ე. წ. ხელმძღვანელობამ, მაგრამ არაფერმა უშველა, ამ მავნებელთან ვერაფერს გახდნენ. ჩვენი დარდი არავის აქვს, მათ უფრო უწევენ ანგარიშს... თუმცა კარგად იციან, რომ გალის რაიონი მათი ეკონომიკის ხერხემალია, რუსეთიდან ყველაფერს ვერ შემოიტანენ სიძვირის გამო.

წელს უარესი გველოდება. ზოგი ამბობს, აქ თხილისა და ციტრუსის გამო ვრჩებოდით და თუ ესეც აღარ იქნება, როგორ ვიცხოვროთო? ერთი სული აქვთ, შვილები წამოზარდონ და ენგურს აქეთ გამოუშვან განათლების მისაღებად. გალის სკოლებში ქართული ენაც კი ამოიღეს პროგრამიდან და რაღა დაგვრჩენია ამ "კუნძულზე"?!

- საქართველოს ხელისუფლებისგან რას ითხოვთ?

- არ ვიცი, მთავრობაში ისინი არიან და როგორღაც დაგვეხმარონ. მოლაპარაკება იქნება თუ გარიგება, ხომ შეიძლება აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან რაღაც გადაკვეთის წერტილი იპოვონ... გვიშველეთ, რომ აქ ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ. საფლავებს არ დავტოვებთო, გავიძახოდით და ამან გაგვაძლებინა...

ლუიზა, სოფელ საბერიოს მკვიდრი: - სოფელში 20-მდე ახალგაზრდა დარჩა... წელს, ალბათ, ისინიც გაიქცევიან. აქაურები მხოლოდ ქორწილებსა და გასვენებაში თუ ჩამოდიან და ზაფხულობით, როდესაც მოსავლის აღება იწყება... შარშან არაფერი იყო ასაღები, წელს უარესს ველით. ზუგდიდში ვიღებდით ფაროსანას შესაწამლ ხსნარს, გალში გადმოგვქონდა და ვენახის შესაწამლი აპარატით ვწამლავდით. არც აფხაზი "მესაზღვრეები" გვიშლიდნენ, ოღონდ იმას რამე ეშველოს და რაც გინდათ, ის ქენითო... ვერ ვუშველეთ. მთელი ზამთარი სახლში გვყავდა ფაროსანას ჯარი. ლეღვიც კი არ შეატოვა ხეს, თხილზე რომ არაფერი ვთქვათ. ჯერ ლიმონისა და მანდარინის ფოთლები ჩამოყარა, შემდეგ ნაყოფი, ყველა ხის ძირში ყვითელი, წვენგამოცლილი ნაყოფის გროვა ქვებივით ეყარა. გმირები ხართო, გვეუბნებიან, მაგრამ ამის თქმა რას გვიშველის, გაქცევის პირას ვართ. რამდენიმე დღის წინ ორმა მეზობელმა უკვე გამოკეტა სახლის კარი. ჩვენ ხომ მოსავალზე ვართ დამოკიდებული? ერთმანეთთან ქიშპობას, იქნებ სჯობს, საშველი გამოგვინახონ...

ლენა, 53 წლის: - ვერტმფრენით შეწამვლა ფაროსანას ვერაფერს აკლებს, მიწაზე უნდა შეიწამლოს, რადგან ყველგან იმალება. აგრონომი ვარ და ვხედავ, რომ გალის რაიონში მიწაა დაავადებული. აფხაზები ენგურს იქით იშვერენ ხელს, მათგან წამოვიდაო, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, აფხაზეთიდან გავრცელდაო. აქ ითქვა, შარშან ზაფხულში მეთევზეებმა დაინახეს, თურქული გემი შემოვიდა და იქიდან მწერების გუნდი შავი ნისლივით ამოვარდაო... საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვთ, დაგვეხმაროს, რომ ომს შეჩვეულმა თქვენმა მოქალაქეებმა ეს მიწა-წყალი არ დავტოვოთ.

ლალი პაპასკირი