"დაბრუნებული ბავშვები საშინლად დათრგუნულები არიან" - მოზარდთა "სეზონური ტრეფიკინგი" თურქეთში - კვირის პალიტრა

"დაბრუნებული ბავშვები საშინლად დათრგუნულები არიან" - მოზარდთა "სეზონური ტრეფიკინგი" თურქეთში

"მშობლები ლამის საცემრად იწევდნენ, რას ჰქვია ლუკმაპურის ფულის შოვნაში ხელს გვიშლიო!"

სარფის საბაჟოზე თურქეთისკენ დაძრული ქართველების რიგები განსაკუთრებით მაისში დგება. ეს ის პერიოდია, როცა თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება, რასაც აგვისტოში თხილის კრეფის სეზონი მოსდევს. თურქეთის სეზონურ სამუშაოებზე იაფი მუშახელი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან, განსაკუთრებით კი აჭარა-გურიის სოფლებიდან მიემგზავრება. თურქ ფერმერებს ქართველი მუშახელის სიიაფე უკვე დიდი ხანია მხსნელად ევლინებათ, განსაკუთრებით ბავშვების, რომლებიც უკიდურესად მწირ გასამრჯელოს სჯერდებიან. ბოლო წლებში თურქეთის სეზონურ სამუშაოებზე 11-12 წლის ქართველებსაც ნახავთ.

ლანჩხუთის სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგმა ლადო აფხაზავამ…პირველად 3 წლის წინ აღმოაჩინა, რომ მისი 12 წლის მოსწავლე, რომელიც გაკვეთილებს ვითომ ავადმყოფობის მიზეზით აცდენდა, სინამდვილეში მშობლებს თურქეთში ჩაის საკრეფად წაუყვანიათ, რამაც თავზარი დასცა. - ჩაის კრეფა ბავშვისთვის კი არა, ქალისთვისაც უმძიმესი სამუშაოა, მაგრამ სიდუხჭირის გამო ოჯახებისთვის მცირეოდენი თანხაც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე აღარ ფიქრობენ. იმ ბავშვის მშობლებს იმდენმა მიჰბაძა და იმდენი ბავშვი გაემგზავრა სეზონურ სამუშაოებზე, რომ ეს უკვე საგანგაშოა. ერთხანს თავადაც მქონდა მატერიალური პრობლემები, რის გამოც ანკარაში მეც ვმუშაობდი. იქ ბევრჯერ მინახავს, როგორ უდიერად ექცეოდნენ დამქირავებლები ქართველ ახალგაზრდებს. ეს ის ასაკია, როცა საკუთარი თავის დაცვა არ შეგიძლია და დამქირავებლის კეთილ ნებაზე ხარ დამოკიდებული. არასოდეს დამავიწყდება, როგორ შემომხვდა ერთხელ ქუჩაში სამი ბიჭი, ერთს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. ეს ისეთი სურათი იყო, უნებურად წამომცდა, ვაიმე, დედა-მეთქი და მომცვივდნენ, ქართველი თუ ხარ, ბიძია, დაგვეხმარეო. ზემო იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან აღმოჩნდნენ. მითხრეს, მე-9 და მე-11კლასელები ვართ, ხალიჩების რეცხვაზე ვმუშაობთ, მეპატრონეს ფული მოვთხოვეთ, რომ სოფელში გაგვეგზავნა, ის კი აგვიყვირდა და არ მოგვცა, ალბათ, აღარ მოგვცემსო.

ანკარელი დამქირავებლების, ასე ვთქვათ, სისუსტეს ძალიან კარგად ვიცნობ - ქალაქში წყლის დეფიციტია, რის გამოც თითქმის ყველა წყალს იპარავს. ბიჭებს ვუთხარი, თქვენს დამქირავებელთან წამიყვანეთ, იქნებ რაიმე გამომივიდეს-მეთქი.

იმ კაცმა რომ დამინახა, აღრიალდა, მაგ ბიჭების მუშაობა არ მომწონს, შევცდი, რომ ავიყვანეო. მივხვდი, ფულის მიცემა აზრადაც არ ჰქონდა. ამიტომაც დავემუქრე, თუ ბიჭებს გასამრჯელოს არ გადაუხდი, ახლავე პოლიციას შევატყობინებ, წყალს რომ იპარავ-მეთქი, და იმ წუთში წამოხტა ფულის მოსატანად. ასე დამთავრდა ეს ამბავი თითქოსდა მშვიდობიანად, მაგრამ ყოველთვის ასე როდია.

ოზურგეთში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევაც კი ჩაატარა ამ საკითხზე და აღმოჩნდა, რომ სამუშაოდ წასული ბავშვების ნაწილი დამქირავებლისგან თითქმის ყველა სახის ძალადობას განიცდის. ერთმა ჩემმა მოსწავლემ მიამბო, როგორ დაარტყა დამქირავებელმა, რადგან მან პაპანაქება სიცხეში ჩაის კრეფა ვეღარ შეძლო, მერე კი გასამრჯელოც არ მისცა. ამის მიუხედავად, ფულის შოვნის სურვილი იმდენად დიდია, რომ თურქეთში წამსვლელთა ნაკადი არ მცირდება. ამას ისიც აძლიერებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებული ბავშვები მძიმე ხვედრის გადასაფარად თანატოლებთან ახალი ჯინსებით ან ბოტასებით ტრაბახობენ, რაც დანარჩენებშიც აძლიერებს ფულის შოვნის სურვილს.

- ვინ რა მოიმოქმედა ამის საპასუხოდ?

- მე ვერ ვხედავ, რომ ვინმე მოქმედებდეს. მით უფრო, რომ შვილის ასეთ მძიმე შრომაზე თავად მშობელია თანახმა. მათი თქმით, ყველაფერი სახელმწიფოს ბრალია, რომელიც მათ ოჯახებს სიდუხჭირეში აცხოვრებს. ჩემთვის მცირეწლოვნის ექსპლუატაციას გამართლება არა აქვს. გადავწყვიტე ყველანაირი ხერხით მებრძოლა, მართალია, ხმის ამაღლება ძვირად დამიჯდა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ.

- ვინ გებრძვით?

- უპირველესად მშობლები. მათი ლანძღვა-გინება არ მომკლებია. ზოგი მეუბნება, რას გადაგვეკიდე, შვილებს მუშაობას ვაჩვევთო, ზოგი კიდევ, თუ ბიჭი ხარ, ის გამოასწორე, ღატაკ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, აქ დაგვასაქმონ და მაშინ არ გავუშვებთ შვილებს სამუშაოდო. ამის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ამ სისაძაგლეს ვერ შევეგუები.

ვისაც თურქეთიდან დაბრუნებული ბავშვები არ უნახავს, ვერ წარმოიდგენს, რა დათგრუნვილები არიან. ერთხელ სკოლაში ისეთი სურათის შემსწრე გავხდი, გული გამიხდა ცუდად - ერთი ჩვენი თურქეთიდან დაბრუნებული 12 წლის ბიჭი ფიზკულტურის გაკვეთილზე მესამეკლასელებთან ერთად ხტუნავდა. ბავშვს იმდენად ჰქონდა ბავშვობა წართმეული ამ მონური შრომით, რომ მასზე ბევრად პატარა ბავშვებთან ხტუნვა-თამაშით ცდილობდა მის დაბრუნებას.

იქმნება თურქეთში სამუშაოდ წამსვლელთა ჯგუფები, რომელთა ხელმძღვანელებს მშობლები არასრულწლოვან შვილებს ნოტარიუსთან დამოწმებული მინდობილობით ატანენ სამუშაოდ. როცა ეს გავიგე, მაშინვე ნოტარიუსთან მივედი, ამას როგორ აკეთებ, როგორ ადასტურებ არასრულწლოვნების საზღვარზე გადაყვანის ნებართვას, ხომ იცი, რატომაც მიდიან-მეთქი. მითხრა, მე კანონით მევალება, ბავშვი ორივე მშობლის მინდობილობის თანახმად მინდობილ პირს გავატანო, ეს რომ არ გავაკეთო, სამსახურს დავკარგავო.

შემდეგ სარფის საბაჟოზე დავიწყე სიარული: მესაზღვრეებს ვთხოვდი, ჩემი ამა და ამ გვარის მოსწავლე მიჰყავთ სამუშაოდ და ბეჭედი არ ჩაურტყათ-მეთქი და წარმოიდგინეთ, ბევრჯერ გამიწიეს ანგარიში.

- როგორ იგებდით, როდის მიდიოდნენ?

- სოფლებში და მათ შორის ჩემს სოფელში გამოკრული განცხადებებით, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ წამსვლელებს აგროვებდნენ. ვეკითხებოდი, საზღვარზე ჯგუფი როდის გადაგყავთ, მე იქ მოვალ-მეთქი და მპასუხობდნენ. მაგრამ მერე ამას დიდი შეურაცხყოფა მოჰყვა, მშობლები ლამის საცემრად იწევდნენ, რას ჰქვია ლუკმაპურის ფულის შოვნაში ხელს გვიშლიო! ამის შემდეგ ის მოვიფიქრე, რომ თურქეთში სამუშაოდ ნამყოფ ბავშვებს ჩამოვუარე და ვთხოვე, დამეხმარეთ, თანატოლებს სიმართლე მოუყევით, რამდენად მძიმეა იქ შრომა-მეთქი. ბევრი არ დამთანხმდა, ზოგი იმდენად არის დათრგუნვილი, რომ ლაპარაკის სურვილი არა აქვს, ზოგი კი დავითანხმე. ახლა ვიკრიბებით ერთმანეთთან ან სკოლის ეზოში და ბავშვებს ვუყვებით, რა ხდება სინამდვილეში იქ, სადაც ისინი ფულის შოვნისა თუ ახალი ბოტასების გამო მიდიან. ამ დროს შევყურებ ბავშვების გაოგნებულ სახეებს და მგონია, რომ ეს საუბრები პატარა ნაყოფს მაინც გამოიღებს.

მხოლოდ ჩემი სოფლის ბავშვების გადარჩენა არა მგონია გამოსავალი იყოს. ჩვენ ქვეყნის მომავალს ვკარგავთ და მთავრობამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს, კანონი უნდა გაამკაცროს, რათა ეს უბედურება არ გაგრძელდეს. განსაკუთრებით დიდი სამუშაოა სკოლებში - ყოველმა მასწავლებელმა იცის, როდის და რისთვის აცდენს გაკვეთილს მისი მოსწავლე, ამიტომ მასწავლებლებმა სოციალურ მუშაკებს უნდა მიმართონ, მან კი სახელმწიფოს, რომელმაც კანონით არ უნდა დაუშვას მცირეწლოვანთა უცხოეთში გადინება მძიმე შრომისათვის. თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენს მომავალს ნამდვილად დავკარგავთ.

ეთერ ერაძე