"იატაკზე დაგვიდებდნენ თასს და 5-6 კაცი ძაღლებივით ვჭამდით" - რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელმაც ლიბიურ ციხეში 3 წელი გაატარა - კვირის პალიტრა

"იატაკზე დაგვიდებდნენ თასს და 5-6 კაცი ძაღლებივით ვჭამდით" - რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელმაც ლიბიურ ციხეში 3 წელი გაატარა

"მადლობა ყველას, იმ ჯოჯოხეთში რომ არ დამტოვეს"

"20 კვმ საკანში 30-34 კაცს რიგრიგობით გვეძინა. ღამეში 6 საათი ფეხზე უნდა ვმდგარიყავი და შემცვლელის გაღვიძებას დავლოდებოდი. საკნის კუთხეში იყო ღია აბაზანა და ტუალეტი, იქაური წყლით საპირფარეშოსაც ვასუფთავებდით და იმ თასებსაც, რომლითაც საჭმელს გვაწვდიდნენ..."

ლიბიის ციხეში გატარებული სამწლიანი ტყვეობის შემდეგ 56 წლის ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა. მეზღვაური ტოგოს დროშით მცურავ მალტის სანავთობე ტანკერ Sovereign M-ზე მზარეულად მუშაობდა. გემის ეკიპაჟს ოფიციალური ლიბია კონტრაბანდის გადაზიდვას ედავებოდა. სოსლან კაკაბაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- ლიბიის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემა-ცემით გადაგვიყვანეს... ფაქტობრივად, გომურში შეგვყარეს და ცხოველებივით გვროზგავდნენ. მერე პროკურატურაში წაგვიყვანეს, იქიდან კი ციხეში. წაგვართვეს ფული, ტანისამოსი, ტელეფონი, ყველაფერი, რაც გვებადა. ერთი წელი ველოდით სასამართლო პროცესის დანიშვნას. პოლიტიკური ვითარება იმდენად რთული იყო, რომ ჩვენთვის არავის ეცალა. ერთი წლის შემდეგ გადაგვიყვანეს ქალაქ სურმანში, რომელიც პირველი ციხიდან 120 კილომეტრით არის დაშორებული. გვითხრეს, სასამართლო აქ ჩატარდებაო, მაგრამ... იქ წელიწადი და 3 თვე დავყავი, საკანში 7-8 კაცს გვეძინა და ეს შეღავათი იყო... მერე ტრიპოლის იმ ციხეში გადამიყვანეს, რომელსაც ლიბიელები მძიმე პირობების გამო "გუანტანამოს" ეძახიან. იქ ურთულესი 5 თვე გავატარე, ჩემთან ერთად იყო ჩვენი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, ხორვატი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.

- რა ხდებოდა ასეთი იმ ციხეში?

- 20 კვმ საკანში 30-34 კაცს რიგრიგობით გვეძინა. ღამეში 6 საათი ფეხზე უნდა ვმდგარიყავი და შემცვლელის გაღვიძებას დავლოდებოდი. საკნის კუთხეში იყო ღია აბაზანა და ტუალეტი, სადაც თასებით წყალს ვისხამდით. იქაური წყლით საპირფარეშოსაც ვასუფთავებდით და იმ თასებსაც, რომლითაც საჭმელს გვაწვდიდნენ. შუადღისას გვირიგებდნენ მოხარშულ ბრინჯს ან მაკარონს 20 გრამი ყველითა და 20 გრამი ჯემით. საღამოს ბრინჯის ან მაკარონის წვნიანი გვქონდა. იატაკზე დაგვიდებდნენ თასს, რომლიდანაც 5-6 კაცი ძაღლებივით ვჭამდით.

- ალბათ, ხშირად უარსაც ამბობდით ასეთ პირობებში ჭამაზე...

- არა, უარს არ ვამბობდი. ეს თავის გადარჩენისთვის ბრძოლა იყო, უნდა მეჭამა, რომ ცოცხალი დავბრუნებულიყავი.

- რა ეროვნების ხალხთან გიწევდათ ყოფნა?

- იყვნენ ლიბიელები, ეგვიპტელები, ფილიპინელები და ა.შ. ლიბიელები განსაკუთრებულად გულკეთილი ხალხია, თუ ვინმე სარეცხ საშუალებას მოუტანდა, ჩვენც გვინაწილებდნენ. იქ ერთმანეთს ვეხმარებოდით. ფილიპინელები ჩვენსავით მეზღვაურები იყვნენ. დანარჩენების 50% მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ბევრი იყო გატაცებისთვის ბრალდებული. არცთუ ცოტა იყო ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და გასაღებისთვის გასამართლებული.

- თქვენი გათავისუფლება გაჭიანურდა.

- ეგვიპტეში საქართველოს საელჩო ლიბიაში უნგრეთის საკონსულოს დაუკავშირდა და ჩვენი დახმარება სთხოვა. სწორედ მათი წყალობით, როგორც იქნა, სასამართლო გაიმართა და დარბაზიდან გამათავისუფლეს. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმისთვის, რომ იმ ჯოჯოხეთში არ დამტოვეს. ასევე, დიდად მადლიერი ვარ ლიბიაში უნგრეთის ელჩის, რომელიც საქმეში უშუალოდ ჩაერთო.

- კიდევ ორი ქართველი მეზღვაურია ლიბიის ციხეში. მათ შესახებ რა იცით?

- როგორც ვიცი, ლიბიაში ანალოგიური ბრალდებით ბერძნული სანავთობე ტანკერ REX-ის კაპიტანი გენადი კომახიძე და მეზღვაური რომან კაკალაძე არიან დატყვევებული. მათი ახლობლები დავამშვიდე, რომ ისინი სხვა ციხეში, უკეთეს პირობებში არიან. ჩემი ინფორმაციით, ძალიან აქტიურობს უნგრეთის საელჩო, რომ ისინიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ.

- გემზე დასაქმებას და შორეულ ნაოსნობაში წასვლას ისევ აპირებთ?

- ეს გემზე მესამე წასვლა იყო, რაც ფათერაკით დამთავრდა, ადრე ბათუმის კაფეებსა და რესტორნებში ვმუშაობდი. ცხადია, ლიბიაში მიღებული სტრესის შემდეგ დამშვიდება მჭირდება.

ეკა ასათიანი