"მე მკვდარი ვარ, ჩემმა შვილმა მომკლა!"
"მე მკვდარი ვარ, ჩემმა შვილმა მომკლა!"
"არ ვიცი, როგორ აღვიქვა ჩემი შვილი: როგორც კრიმინალი, თუ როგორც ავადმყოფი..."

ეს ლუდომანი შვილისა და აზარტულ თამაშებთან მებრძოლი დედის ისტორიაა. ქალბატონის სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ ვწერთ. არადა, ოდესღაც ისიც გაზეთის, ოღონდ სხვა გაზეთის ფურცლებიდან გესაუბრებოდათ და ლუდომანიაზე თვითონ წერდა. ინტერვიუ არა გულის მოოხებას, არამედ სხვა მსხვერპლთა გადარჩენას ისახავს მიზნად... ის ჩემი კოლეგა და მწერალთა კავშირის წევრია. ახლობლებისგან გარიყული"შეუერთდა მოძრაობას "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ". თავის მდგომარეობაში მყოფ ქალებს მამა
ლევან ალადაშვილის დახმარებით დაუკავშირდა.

ლუდომანია, უპირველესად, ფინანსურ დანაკარგსა და ვალებს გულისხმობს, მაგრამ ჩემი რესპონდენტი ყველაზე მეტად დედაშვილობის დაკარგვაზე­ წუხს... მას სულ სხვანაირად წარმოედგინა ერთადერთი შვილისთვის მიძღვნილი მარტოხელა ცხოვრება... "კვირის პალიტრაში" ბევრი დაწერილა ამ პრობლემაზე, ახლა კი თქვენამდე მოსატან სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს, თუმცა მინდა მჯეროდეს,
რომ 24 წლის ბიჭი დაამარცხებს ამ სენს და გაიმარჯვებს თავისთვის, დედისთვის, ქვეყნისთვის...

"არ ვიცი, ახლა სად არის ჩემი შვილი­. მხოლოდ ტელეფონით ვახერხებ მასთან დაკავშირებას. ამბობს, რაიონში ვარო. იქ ახლობლები არ გვყავს და ვისთან არის, სად სძინავს, რას ჭამს, არაფერი ვიცი... აღარაფერი შემრჩა, რომ ჩემი შვილისგან­ დაზარალებულ უაღრესად კეთილშობილ კაცს დანაკარგი ავუნაზღაურო. ჩემთვის ასტრონომიული თანხა - 20.000 დოლარია ჩვენი ვალი, ჩემი შემოსავალი კი მხოლ­ოდ 90 ლარია. ერთი მოწაფე მყავს და თავშესაფარს ვეძებ, თუმცა, ისიც არ ვიცი, როგორ უნდა დავიძინო საწოლში, ან როგორ უნდა გადავყლაპო ლუკმა, როცა არ ვიცი, სად გაათევს ღამეს ჩემი შვილი. გაორება მკლავს. გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემთვის მიუღებელი წესით მცხოვრები ჩემი შვილი, მეორე ნაწილს კი ისევ დედაშვილური დამოკიდებულება აქვს... ისიც ასეა. ხან ისე დამელაპარაკება, მოკლული გული მინათდება, ხანაც ისე იქცევა, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, უიარაღოდ მკლავს. ჩვენ ონლაინთამაშებმა დაგვღუპა...

ოჯახი ადრე დამენგრა. მაშინ ჩემი შვილი ათი თვის იყო. ყოფილი მეუღლე, აზარტულ თამაშებთან ერთად, ალკოჰოლმა გაიტაცა და ეს გახდა განქორწინების მიზეზი. როცა შვილის მიღწევებით ვხარობდი, სწორედ მაშინ დავიღუპე...

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ეზოში ინტერნეტკაფე გახსნეს. მაშინ სკოლის მოსწავლე იყო, მეხუთეკლასელი. ამ დაწესებულებაში ერთმა შესვლამ კალაპოტიდან ამოაგდო. პირველად შევნიშნე ღამე შფოთვა, ძილში ბოდვა, მერე ჭამა აღარ უნდოდა...

ფსიქოლოგებსაც მივმართე დახმარებისთვის, ნევროლოგებსაც. მათი რეკომენდაცია იყო, გამერიდებინა კომპიუტერისთვის. ლეჩხუმში წავიყვანე ბებია-ბაბუასთან. იქ არ იყო ინტერნეტი და ბავშვიც ისევ ისეთი გამორჩეული გახდა... მონაწილეობდა ოლიმპიადებში, აჯილდოებდნენ სხვადასხვა პრიზით. მეცხრე კლასში იყო, ჩემს მშობლებთან ერთად თბილისში რომ დაბრუნდა".

"ბავშვის გაუბედურებაში ბებია მონაწილეობდა..."

კომპიუტერით და ონლაინთამაშებით გატაცებულს, ბებია-ბაბუა, დედისგან მალულად, ვალებს უხდიდნენ და სჯეროდათ, რომ ეს თამაში ბოლო იყო...
"ლუდომანები ცდილობენ, მეტი ადამიანი ჩაითრიონ ჭაობში. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ერთმა ბიჭმა "აზიარა" თამაშს. რა თქმა უნდა, წააგო. მე დამიმალა,­ დედაჩემს კი გაუმხილა.

ნათესავებისა და მეზ­ო­ბლისგან გავიგე, რომ დედაჩემი ფულს სესხულობდა და ჩემს შვილს აძლევდა. ოჯახიდან ჩუმად ყიდდა ჭურჭელს, ჭაღებს, თეთრეულს. როცა გავიგე, ძალიან გავბრაზდი დედაზე. ვთხოვდი პასუხს, რატომ მონაწილეობდა ჩემი შვილის გაუბედურებაში. მისი პასუხი ერთი და იგივე იყო - გვერდით ვუდგავარ ჩემს შვილიშვილსო.

მინდა, ვთხოვო ყველა ბებიასა და ბაბუას, სიყვარულის სახელით ნუ გაუწევთ დათვურ სამსახურს შვილებსა და შვილიშვილებს. "

დრო გადიოდა და ჩემი შვილი უფრო ღრ­მად ეშვებ­ოდა ჭაობში. კომპი­უტერთან ვითომ გასართობად მჯდომი სახლიდან თამაშობდა... გავიგე, რა იყო"ხელზე გამაზვა, წაგება, ვალები. მისი თანამოაზრეები იყვნენ მეზობელი ბიჭები, თუმცა ასეთ უკიდურესობამდე არც ერთი არ მისულა. ამის გამო ჩემმა შვილმა საყვარელი ადამიანიც დაკარგა... ის არ არის ადეკვატური. ბევრჯერ მინახავს ატირებული, სიმწრის ცრემლებით. რამდენჯერ მომისმენია, საკუთარ თავს როგორ ლანძღავდა"."

"თავანი ჩემი ხელით მივიტანე"

"ერთ დღესაც იძულებული გავხდი ბანკიდან სესხი ამეღო. ხელზე მაზიანი ნიშნავს, რომ კონკრეტულ ადამიანს ენაძლევები. ქუჩური წესებით, თუ წაგებულ თანხას არ მიიტან, მოგკლავენ. ამიტომ მე თვითონ გადავიხადე და გავაფრთხილე ჩემი შვილი, თუ კიდევ წააგებდა, აღარ დავეხმარებოდი. ამის შემდეგ წაგების გამო, ე.წ. თავანისთვის, ისე სცემეს, საავადმყოფოში მოხვდა. მერე გავიგე, რომ მოგებული ჩემი ყოფილი აბიტურიენტი იყო. წავედი, დედ­ამისს მუხლებში ჩავუვარდი და შველა ვთხოვე. თურმე, ქუჩის კოდექსით, ეს წაგებულის დროულად არმიტანაზე უარესია. ამის გამო მეორედ სცემეს...

მერე ფულს მპარავდა. ერთხელ მითხრა, თავი მტკივაო. ერთ ხელში წამალი მეჭირა, მეორეში - ფინჯანი. სანამ ორივე ხელი დაკავებული მქონდა, კაბის ჯიბიდან საფულე ამომაცალა და სახლიდან გავარდა".

"დედაჩემი ფაშისტს მეძახდა - რა დედა ხარ, შვილისთვის ბინაც­ კი უნდა ჩადო ბანკშიო"


"როცა ვერაფერს გავხდი, თავშესაფარში წავედი და სახლში ბებია-შვილიშვილი დავტოვე. დედაჩემი მაინც სესხულობდა ფულს... თავშესაფარში ბევრი ბენეფიციარი იყო: ზოგს ქმარი ჩAაგრავდა, ზოგს - მამამთილი ან დედამთილი, მხოლოდ მე ვიყავი შვილისგან დაჩაგრული. მაშინ ბევრი მოსწავლე მყავდა და შემოსავალიც მქონდა. ვიხდიდი კომუნალურ გადასახადებს, კვირაში ერთხელ პროდუქტებით დატვირთული­ მივდიოდი.
თავშესაფრის ფსიქოლოგები შეხვდნენ ჩემს შვილს. მათ სთხოვა, დედა დაბრუნდეს და არც ერთ დაწესებულებაში აღარ შევდგამ ფეხსო. სამი თვის შემდეგ დავბრუნდი და იმავე საღამოს ინტერნეტკაფეში წავიდა სათამაშოდ...

50%-იანი გრანტით მოეწყო უნივერსიტეტში. ცოტა ხანს იარა, მერე ისევ თამაშს­ მიჰყო ხელი. სახლში ისტერიკა მოაწყო, ფული რომ არ მივიტანო, მომკლავენო. დედაჩემი ფაშისტს მეძახდა - რა დედა ხარ, შვილისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, ბინაც­ კი უნდა ჩადო ბანკშიო. სახლი სწორედ ასე დავკარგეთ. მერე ორჯერ იხდიდა სასჯელს თაღლითობისთვის - სამი წელი იჯდა. რამდენჯერ წავქცეულვარ ციხისკენ მიმავალ გზაზე დაღლილობისგან...

როცა ბინაც დავკარგე და შვილიც ციხეში მყავდა, სორო ვიგირავე. დედა ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა...
მიცვალებული სახლში ჩავკეტე და გამგეობიდან გამგეობაში დავრბოდი,­ რომ მათი დახმარებით დამემარხა. საჯარო უწყებებმა და ჩემი შვილის ჯანსაღმა მეგობრებმა დამიკრძალეს დედა...

თან ციხის კართან ვიდექი - მას უნდა დავხვედროდი... ახლობლებმა გამრიყეს, მეგობრები დაიღალნენ, ბიჭმა ორჯერ თვითმკვლელობა სცადა.
სპექტაკლი იყო თუ მართლაც მცდე­ლობა, დღემდე არ ვიცი - ვენები გადაიჭრა და თვითონ დამიძახა საშველად. მეორედ წამლები დალია და თავისი ფეხით წავიდა კლინიკაში..." "

ოცნება...

"დედობა უმადური საქმეა. დედებს არაფერი გვინდა, გარდა ერთისა: შვილებო,­ თქვენ იყავით კარგად...
შენ კი, ჩემო ბიჭო, თუ წაიკითხავ ამ სტატიას, მინდა, კარგად იყო, მაგრამ ნუთუ სინდისი არასდროს შეგაწუხებს? მე სამაგიერო არ მით­ხოვია. არაფერს ვნანობ, არც მატერიალურ დანაკარგს, არც დანგრეულ ცხოვ­რებას. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ აზარტულმა თამაშებმა შენი თავი მომტაცა.

არ ვიცი, როგორ აღვიქვა ჩემი შვილი: როგორც კრიმინალი, თუ როგორც ავადმყოფი. ჩემმა შვილმა დიდი ხნის წინ მომკლა ტყვიის, საწამლავის, დანის გარეშე. მე მკვდარი ვარ!"

P.S. მინდა, მჯეროდეს, რომ ბიჭი დაამარცხებს აზარტს. ოდესმე ისევ შევხვდები ჩემს კოლეგას და ის სიხარულით გაბრწყინებული თვალებით შემომხედავს".

თორნიკე ყაჯრიშვილი
ნინო
07 ივნისი 2018 11:35
ამდენი გაუბედურებული ადამიანის ლუკმა როგორ ერგებათ. ერი ნამდვილად გადაგვარება ხალხო. ყოველი მეორე თამაშობს.ისეთებიც კი ვისზეც ვერასდროს წარმოიდგენენ.
sofo
15 მაისი 2018 15:09
სასწრაფო წესითაა ასაკრძალი, ამ ჩვენს ბიუჯეტგაუბედურებულ ოჯახებს კიდევ ეს უნდათ? რამდენმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი? რამდენმა ახალგაზრდამ გაიუბედურა სიცოცხლე და დაღუპა ოჯახი? რა გახდა ერთი ტილიანი კანონის მიღება, პროექტების დონეზე რჩება მართლაც უმნიშვნელოვანესი ეს თემა.... ყველგან ონლაინტოტალიზატორების და კაზინოების რეკლამებია, აკრძალეეეეეეთთთთთ!!!!!!!
სვანი
15 მაისი 2018 05:12
აი ეს ნარკოტიკი აკძალეთ თქვე არამზადებო, ეს აპროტესტეთ თქვე საცოდავებო, რადგან რეალურად ეს დაღუპავს საქართველოს და არა ერთი სიგარეტი პლანი...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები