მართვის მოწმობა საიქიოსთვის - კვირის პალიტრა

მართვის მოწმობა საიქიოსთვის

"განათლების სამინისტროს ისეთი პოზიცია უჭირავს, რომ მძღოლობა პროფესია არ არის და მას სწავლა არ სჭირდება. მთელ მსოფლიოში მძღოლობა რეგულირებადი პროფესიების ნუსხაშია შეტანილი, ჩვენ კი კომპიუტერული თამაშების დონეზე დავიყვანეთ"

მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის გამოცდის ახალი, რეალურ სივრცეში გამოცდის წესი ასოცირების ხელშეკრულებით"ნაკისრი ვალდებულებაა და ამოქმედების ბოლო ვადა 2018 წლის 1-ლი სექტემბერია. კანონში ხარვეზები, საგამოცდო ტესტებში შეცდომები და ბაზარზე ქაოსი აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი გახდება, რაც სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს", - აცხადებს ჩვენთან საუბრისას საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის"თავმჯდომარე ილია მეკოკიშვილი.

- ამბობთ, რომ საკანონმდებლო სივრცე არ არის მზად, მართვის მოწმობის პრაქტიკული მხარე რეალურ სივრცეში ჩაბარდეს და თუნდაც დაიწყოს პროცესი, ეს პრობლემებს შექმნის. რას გულისხმობთ?

- ჩვენ არ ვიცით, რა მოდელით ვაპირებთ ცვლილებების ამოქმედებას, არ ვიცით საკვალიფიკაციო მოთხოვნები და არც შეფასების კრიტერიუმია დადგენილი. ამას დაუმატეთ კანონმდებლობაში არასწორად განმარტებული ტერმინები და ცალკეულ მუხლებში ტექნიკური ხარვეზები, რაც ბაზარზე ქაოსს ქმნის. ვითომ მუშაობა მიდის, მაგრამ პროცესი ჩიხშია. მომსახურების სააგენტოს არა აქვს მომზადებული ნორმატიული აქტი, მაშინ რეალურ სივრცეში გამოცდის ჩაბარებას როგორღა ვიწყებთ?

- ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 1-ლი სექტემბერი დაკისრებული ვალდებულების ამოქმედების ბოლო ვადაა. შემდგომ არ შეგვიძლია გადავადება. როგორც ამბობთ, პროცესი ჩიხშია. ამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს?

- ჩვენი მართვის მოწმობის ცნობადობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ გერმანიაში ჩვენი მართვის მოწმობით შეგეძლო გემოძრავა 6 თვე, ეს ვადა 2 თვემდე დაიყვანეს. ამასთან, თუ ევროკავშირის ქვეყნებში თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას ვერ ჩააბარებთ, თქვენი მოწმობა გაუქმდება. ნიდერლანდებმა, ავსტრიამ, ფინეთმა და საფრანგეთმა მხოლოდ ავტობანზე შესვლის უფლება მოგვცეს, მაგრამ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ არ უნდა გადავუხვიოთ, რადგან არ გვთვლიან კვალიფიციურ მძღოლებად. ჩვენი სტანდარტი ვერ უთანაბრდება ევროპულს. იქ მილიონებს ხარჯავენ გზების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ავარიების მინიმალიზაციისთვის. ჰოლანდია ჩვენხელა ქვეყანაა და წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევით სულ 7 კაცია მკვდარი. ჩვენ წელიწადში 700 კაცი გვეღუპება, 10 000 კი გვისახიჩრდება. ეს 100-ქულიანი სისტემა თავის დროზე გავაკრიტიკეთ, ვთქვით, რომ უშედეგო იქნებოდა და ასეც არის. პრობლემაა პროფესიის უცოდინარობა, დაბალი კვალიფიკაცია.

ჩვენს გზებზე ბევრგან საგზაო ნიშნები არასწორად დგას. მათ რომ დაუჯეროთ, მით უფრო ღამის საათებში, კისერს მოიტეხთ. ჩვენი მძღოლები ნიშნებს არც უყურებენ. გადიხარ საზღვრებს გარეთ და დგას ნიშნები, რომელთაც შენი კანონმდებლობა არ ცნობს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის მე-17 მუხლში არის ხარვეზი და შეცდომა. ამ უზუსტობებმა ასახვა პოვა საგამოცდო ტესტებშიც, 30-მდე შეცდომაა, რომელთა გამოსწორებას სამი წელია ვიხვეწებით. დასამატებელია ძალიან საჭირო საგზაო ნიშნები და აუცილებელია მისი უნიფიცირება ჩვენს მოსაზღვრე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების კანონმდებლობასთან.

ზოგჯერ მოქალაქეს უთქვამს, რომ ტექსტში შეცდომაა და ვერც ერთი რეპეტიტორი განმარტებას ვერ აძლევს. როგორ შეიძლება ადამიანმა ტესტები შეცდომით ჩააბაროს?

- ამბობთ, რომ აქცენტი საგანმანათლებლო სისტემის დანერგვაზე უნდა გაკეთდეს და რომ დღეს მოქმედი ყველა ავტოსკოლა უკანონოა.

- 2007 წლის 31 ივლისის ბრძანებით გაუქმდა სასწავლო სკოლები და პროგრამები ისე, რომ არც ახალი და არც უკეთესი არ შექმნილა. შემდეგ გვქონდა ვადა - 2014 წლის 1-ლ ივლისამდე უნდა გამოცემულიყო დადგენილება, რომელიც სკოლების საქმეს მოაგვარებდა. 4 წელია ველოდებით და დადგენილება არ ჩანს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დღეს მოქმედი ყველა ავტოსკოლა კანონგარეშე და არალეგიტიმურია. რეპეტიტორებს დახვეწილი მეთოდიკა აქვთ, 3-4 დღეში, შინ მისვლით, გარანტიით... კარგად აქვთ ეს საქმე აწყობილი, რადგან შემოსავლის წყაროა. ეს არის მცდარი ტესტების დაზეპირება და არა გააზრებულად სწავლა. მერე გამოდის ადამიანი გზაზე და იღუპება. თუ მომზადების დონეს არ მივუახლოებთ საერთაშორისო სტანდარტებს, მალე კატასტროფა გვექნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისეთი პოზიცია უჭირავს, რომ მძღოლობა პროფესია არ არის და მას სწავლა არ სჭირდება. მთელ მსოფლიოში მძღოლობა რეგულირებადი პროფესიების ნუსხაშია შეტანილი. ჩვენ კი ასეთი სერიოზული საკითხი კომპიუტერული თამაშების დონეზე დავიყვანეთ. გზების ინფრასტრუქტურის საკითხი რამდენიმე უწყებაშია დაქსაქსული და არავინ არაფერზე აგებს პასუხს. ვთქვათ, დაიღუპა ადამიანი და მის ჭირისუფალს უნდა, რომ სამართალი იპოვოს, ჩივის, მაგრამ მოსამართლესაც ის ხარვეზებიანი კანონი არ უდევს წინ? მომსახურების სააგენტოს ყურადღება გადატანილია შემოსავლების ზრდაზე და არა ადამიანის უსაფრთხოებაზე. რატომ არ სწევენ საკვალიფიკაციო ზღვარს ყოველ წელს? რატომ დაიყვანეს სკოლები რეპეტიტორების ინსტიტუტამდე? შვილები გვეზრდება, მათ მაინც იცხოვრონ სისტემაზე მორგებულ ქვეყანაში. ჩვენი ორგანიზაცია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო ინიციატივებით შედის. ვნახოთ, თუ რამეზე შეიბერტყავენ ყურს.

ნინო ცხვარაშვილი