წელს აქტუალურია 80-იანების ქანთრის სტილი - კვირის პალიტრა

წელს აქტუალურია 80-იანების ქანთრის სტილი

რაც უფრო უმჯობესდება ამინდი, მით მეტად გვიპყრობს სურვილი, რომ უფრო მოხდენილად გვეცვას. რა არის მოდური ამ სეზონზე, ავთანდილ ცქვიტინიძისგან შევიტყობთ.

- გაზაფხული მაცდური, რთული პერიოდია ქალებისთვის... ზამთრის სამოსის გახდის შემდეგ ზედმეტი წონის დაფარვას ვეღარ ახერხებენ. ამ პერიოდში ქალების 90%-ს არ მოსწონს თავი და ვერ გადაუწყვეტია, რა სტილის სამოსის ჩაცმა ჯობს.

- რა არის ამ სეზონზე მოდური?

- შიფონის ან აბრეშუმის ხალვათი კაბები. შეგიძლიათ წელი ბრტყელი დიდი ქამრით გამოკვეთოთ და სპორტულ ფეხსაცმელსაც თუ მოირგებთ, არაჩვეულებრივ შეხამებას მიიღებთ. ამ სეზონზე ძალიან მოდურია საღამოს კაბის მსგავსი სამოსი, მხრებზე მოგდებულ ჯინსის ქურთუკებთან ერთად, რომელსაც უხდება სპორტული ფეხსაცმელი და დიდი ჩანთები. ასეთ ჩაცმულობას უხდება კეპებიც და ბენდენებიც.

ამ სეზონზე მოდურია თეთრი პერანგებიც მაღალსათავიან ჯინსებზე. აქტუალურია თეთრი ბოტასები, რაც შეიძლება დიდი და მასიური. თხელ კაბაზე კრემისფერი, წითელი ან თეთრი უსარჩულო ლაბადები ძალიან ლამაზია. გრძელი ჟილეტებიც მოდურია, თავისივე ფერის შარვლებთან, მაგალითად, ყვითელი შარვალი და ჟილეტი თეთრ მაისურთან, ან ცისფერი - შავ მაისურთან, ან ვარდისფერი - შავთან. სასურველია, ზედატანისა და ქვედაკაბის ფერთა გამა იდენტური იყოს. ეს სილუეტს აგრძელებს. რაც უნდა მაღალი იყოს, ქალს სიამოვნებს, კიდევ უფრო მაღალი თუ ჩანს.

წელს ძალიან დაგრძელებელი, თითქმის კოჭამდე, მარგალიტის ღილებით გაწყობილი ჟილეტებია მოდაში.

- კიდევ რა ტიპის ფეხსაცმელებია მოდაში?

- ფერადი ზამშის კაზაკურები იპყრობენ მსოფლიო მოდას, რაც ძალიან უხდება შიფონისა და აბრეშუმის კაბებს. 80-იანებიდან დაბრუნებული ქანთრის სტილი წელს აქტუალურია, კვლავ მოდურია ცხვირწვეტიანი ფეხსაცმელი წვრილ ქუსლზე.

რაც შეეხება ქვედაკაბებს, მოდურია მუხლამდე ვიწრო, "ფანქარი" ქვედაკაბები. ზემოთ ხალვათ მაისურს გირჩევთ. თუ შრიალა ქვედაკაბა გაცვიათ, ტანზე მომდგარი ბლუზა ან მაისური უნდა მოირგოთ, ან პირიქით.

წელს აქსესუარები მოდური არ არის. თანამედროვე მოდა ჯანმრთელი ცხოვრების წესს ირჩევს. არც ხელოვნური ჩარევა აღარ არის მისაღები - თმის გასწორება, მუქი მაკიაჟი, მკვეთრი პომადა, ფრჩხილის ლაქი აღარ არის მოდური.

რაც შეეხება ჩანთებს - წელს მოდურია წელზე მოსარგები ქამარი-ჩანთები, ან ძალიან დიდი ჩანა, ისეთი, რომელშიც თითქმის მთელი სახლი ჩაგეტევათ.

- რომელი ფერები ვარჩიოთ?

- წითელი, ცისფერი, ვარდისფერი, კოპლებიანი ან კუბოკრულ ქსოვილთან მორგებული ბევრწარწერებიანი ქსოვილი. რაც შეიძლება ბევრი სარისკო შეხამებები გამოიყენეთ, ამ სეზონზე ამის გამო ვერავინ გაგკიცხავთ.

ყველა ქალს ვუსურვებ გაპრანჭვის ხალისსა და განწყობას. მამაკაცებს ასეთი ქალები ძალიან მოსწონთ.

ეკა სალაღაია