კალობნის მხედრები... - კვირის პალიტრა

კალობნის მხედრები...

"აი, ეს შოლტი უნდა, შვილო, უგვანო შინაურსაც და გარეულსაც, სოფლის თავში უქმად მჯდომსაც და სოფლის ბოლოში მხართეძოზე მწოლიარესაც"

კალობანი მანავისა და თოხლიაურის სალოცავია, ორივე სოფელს თავზე დაჰყურებს, თუმცა სალოცავის კარი ხომ ყველასთვის ღიაა, ჰოდა, მოაჭენებ-მოამტვერებენ არემარეს დაურახტავი რაშებით ახალგაზრდა, გულმამაცი მხედრები საგარეჯოდან, გიორგიწმინდიდან, ანთოკიდან, ჩაილურიდან, კაკაბეთიდან. დღეობას დედაქალაქიდან და უფრო შორეული მხარეებიდანაც ჰყავს სტუმრები. ახლომახლო სოფლებიდან ვინც მოკლე გზები იცის, ფეხით ტყე-ტყე მიუყვება ბილიკებს, ვინც არა და - მანქანით ეშურება სალოცავის გზას. კალობანში ცივგომბორის კალთაზე, შუაგულ ტყეში აქაურთა წინაპრებს ჯერ მტრისგან უმოწყალოდ დახოცილი ყრმების სულთა მოსახსენიებელი ნიშები, მერე კი ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები აღუმართავთ.

გზად იოსებ დიღმელაშვილს წამოვეწიეთ: - კალობნობას ქართლშიც აღნიშნავენ. კასპში, სოფელ ზემო ხანდაკს ჩვენსავით თავზე დაჰყურებს კალობნის სალოცავი. თბილისსა და მცხეთაშიც იყო კალობნის ეკლესიები, მაგრამ დაანგრიეს. ამბობენ, თითქოს ეკლესიის სახელწოდებები ყანებისთვის ვარგისი ადგილების სიახლოვით იყოს გამოწვეული. კალოს უბანიც ძველად ყველა ქალაქსა და სოფელში იყო. ხალხი კარგ მოსავალს ავედრებდა სალოცავს. ჩვენთან საზედაშე ქვევრებიცაა მიკვლეული ეკლესიის გარშემო.

კალობნის დღესასწაულზე დიდი ხნის უნახავი ნათესავ-მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან. ამ დღეს ყველა მასპინძელია, ყველას თავისი გასასტუმრებელი ჰყავს, თითო ჭიქით თუ ახერხებენ ოჯახის დალოცვას, თუმცა გული არ უთმენთ, რომ ერთმანეთის და ქვეყნის ამბები არ გამოიკითხონ:

- აბა, როგორა ხარ, ივანევ, - ეკითხება თოხლიაურელი სიმონ გაბრიელაშვილი ძველ რკინიგზელ მეგობარს.

- როგორცა მკითხულობ, - პასუხობს ის ენამოსწრებულად და დასძენს: - ეგე ჯოხითღა დავდივარ, დავბერდი, ძველი დროც წავიდა. ადრე ხალხით სავსე იყო რკინიგზა, ახლა კი წლებია, ერთი ხელის დასაქნევი მატარებელიც არსად ჩანს.

- რა გული გაგიტეხია! მალე ჯერ ავტობანს გაიყვანს ჩვენი მთავრობა ბაკურციხიდან თბილისამდე და მერე ჩქარი მატარებლისთვის მეორე ხაზსაც დაამატებენ რკინიგზას. დადექი და უქნიე ხელი, სანამ არ მოგეწყინება! - ტოლს არ უდებს ხუმრობაში მეგობარი მეგობარს.

მეგობრების საუბარს სხვებიც უერთდებიან და ვინაიდან სალოცავამდე კიდევ რამდენიმე კილომეტრია სავალი, სვენებ-სვენებით მიიწევენ წინ და კამათსაც აგრძელებენ.

- სიმონა ძია, ჩვენ პრეზიდენტს რაღას ერჩიან, ჰა? ძაან გააოგნეს კაცი! - უნაგირიდან უგდებს სიტყვას"თანასოფლელს ერთი ყმაწვილი და პასუხს არც ელოდება, გავაჭენოთო, გასძახის თანატოლს. მათრახის ტკაცუნი, ფლოქვების თქარუნი და მტვრის ბუღი ერთმანეთში ირევა.

- აი, ეს შოლტი უნდა, შვილო, უგვანო შინაურსაც და გარეულსაც, სოფლის თავში უქმად მჯდომსაც და სოფლის ბოლოში მხართეძოზე მწოლიარესაც,"- ღიმილით დაადევნა სიმონმა მხედარს.

ხეებს შორის ნელ-ნელა გამოიკვეთა საყდრის თაღი. ზოგს უკვე დაუნთია სანთელი, მოშორებით გაუშლიათ ლხინის სუფრა და ამვლელ-ჩამვლელს თავისთან იწვევენ.

ტყეში ზედაშეებშემომწკრივებული ეკლესიები ჩანს. კორდზე საჭიდაო მოედანია გამართული. ჯირითით დაღლილი მხედრები ჩრდილს აფარებენ თავს.

წელს გარემოვაჭრენი აქტიურობენ. ნაირგვარი სათამაშოებით სავსეა დახლები.

- მთავრობამ ქალაქებიდან გამოგვყარა და ჩვენც თავის დასარჩენად ყაჩაღებივით ტყე-ღრეებს შევეხიზნეთ. კალობნის სალოცავის კალთამ შეგვინდოს, თუ რამე დანაშაულს ჩავდივართ, - ამბობს ერთი მოვაჭრე.

- ბავშვები ხარობენ, მთავარია, რომ სალოცავის კარზე არიან და სანთლის ანთებას სწავლობენ... დაიზრდებიან და იმასაც მიხვდებიან, რა არის მთავარი ცხოვრებაში, - უმატებს მესანთლე ქალი.

...შუადღის შემდეგ კი ყველა შინისკენ ეშურება. ემშვიდობებიან ერთმანეთს. ქვემოთ კი ლხინი ელოდებათ - საერთო მამაპაპური ზეიმი.

კახა მჭედლიშვილი