პაემანი მზესთან - კვირის პალიტრა

პაემანი მზესთან

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს კოსმოსის თემაზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ESA/ESTEC/Space Expo-ს თანამშრომელთან დალი უბილავა დე გრააფთან

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი Parker Solar Probe-ს ოდისეის თანამონაწილეა - სპეციალურ ჩიპზე დატანილ დედამიწელთა სახელებს შორის ნინო წიფურიაც მოხვდა

40 წლის წინ NASA-მ სატელიტთა წყვილი ვოიაჟერი კოსმოსში გაუშვა. ეს პირველი ობიექტი იყო, რომელიც მზის სისტემიდან გავიდა. მასზე მოთავსებულ დედამიწიდან გაგზავნილ ინფორმაციას შორის იყო დაახლოებით 30 სმ დიამეტრის ოქროს ფირფიტა კაცობრიობის ცივილიზაციის ამსახველი მასალებით და ჩვენი პლანეტის კოორდინატებით სამყაროში. მოგეხსენებათ, მაშინ კოსმოსში ჩვენი "ჩაკრულოც" გაუშვეს და ამას NASA-ს თანამშრომელს, ქალბატონ ენ დრუიენის უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ ენმა და მისმა მეგობარმა არჩიეს რუსულ "პოდმოსკოვნიე ვეჩერას" ქართული "ჩაკრულო" და ოქროს ფირფიტაზე 26 სხვა სიმღერასთან ერთად დაიტანეს.

40 წლის შემდეგ NASA ახალი, უაღრესად ამბიციური პროექტის განსახორციელებლად ემზადება. ამ ზაფხულს მზის შემსწავლელი თანამგზავრი პარკერ სოლარ პრობი დაიწყებს შვიდწლიან ოდისეას ჩვენი მნათობისკენ. ევროპის კოსმოსურ სააგენტო ESA/ESTEC/Space Expo-ში ერთადერთი ქართველი თანამშრომელია - დალი უბილავა დე გრააფი, რომელიც კოსმოსური პროგრამებით დაინტერესებულ ქართველ საზოგადოებას პერიოდულად აწვდის კოსმოსთან დაკავშირებულ უახლეს ინფორმაციას. რა სიახლეებია კოსმოსში და როგორ მოხვდა ქართული სახელები და გვარები ევროპის კოსმოსური სააგენტოდან მზისკენ მიმავალ სატელიტზე, დალი უბილავა დე გრააფი ექსკლუზიურად გვიამბობს.

"ქართველები კოსმოსში"

2018 წლის ზაფხულში NASA ახალი ისტორიული პროექტისთვის ემზადება. ეს გამორჩეულად ამბიციური და ექსტრემალური პროექტი იქნება. სატელიტი, ანუ ხელოვნური თანამგზავრი Parker Solar Probe გადამზიდი რაკეტის დელტა IV ჰევის მეშვეობით შეუდგება მზისკენ შვიდწლიან მოგზაურობას. კაცობრიობის პირველი ვიზიტი ვარსკვლავზე - ასე აფასებენ მას ამერიკელი ავტორები. კაცობრიობისა და მეცნიერების ისტორიაში სწორედ ეს თანამგზავრი იქნება პირველი, რომელიც უპრეცედენტოდ ახლო მანძილით მიუახლოვდება მზეს. საბოლოოდ ის იმოძრავებს მზის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე და თითო შემოვლას 88 დღეს მოანდომებს, 2024 წლის 19 დეკემბერს კი დაახლოებით 6 მლნ კმ-ით მიუახლოვდება მზეს და უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ხელსაწყოებით, ექსტრემალური ტემპერატურისა და რადიაციის მიუხედავად, შეისწავლის მზის ატმოსფეროს (კორონას), მაგნიტურ ველს, უნიკალურ ელექტრომაგნიტურ მოვლენებს.

Parker Solar Probe -ს მაქსიმალური სიჩქარე იქნება დაახლოებით 700 ათასი კმ/სთ-ში, რაც თბილისიდან მეხიკომდე მანძილის დაახლოებით 1 წთ-ში დაფარვას ნიშნავს. კოსმოსური საზომებით უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენთვის სასიამოვნო დეტალზე მინდა მოგითხროთ: Parker Solar Probe-ს ოდისეის თანამონაწილე იქნება მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მათი სახელები განთავსებულია ამ უძლიერესი სატელიტის სპეციალურ ჩიპზე. ამ ადამიანებს შორის არის ჩემი რამდენიმე მეგობარი და კეთილმოსურნე, ვისთან შეხვედრებიც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ამა წლის მარტში თბილისში ყოფნისას და რომლებიც ამ მისიაში მონაწილეობისთვის, ფაქტობრივად, ბოლო წუთს დავარეგისტრირე. სიურპრიზი გამოგვივიდა... მათ უკვე მიიღეს ამერიკიდან დადასტურებული VIP-pass-ი, ანუ ბილეთი მისიაში მონაწილეობის სპეციალური რეგისტრაციის ნომრით, თუმცა ყველა ახლობლისა და სასურველი ადამიანისთვის ასეთი სიურპრიზის მომზადება ვერ მოვასწარი. იმედია, არ მიწყენენ.

ასე რომ, დედამიწის მკვიდრთა (სულ 1 137 202 ადამიანის), მათ შორის, რამდენიმე ქართველის, პირველი და უახლოესი პაემანი მზესთან 2024 წლის 19 დეკემბერს შედგება.

ESA -ს 2018 წლის პროექტები

2018 წლის 25 აპრილს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ სატელიტი sentinel-3b გაუშვა კოსმოსში. რუსულმა "როკოტ" რაკეტამ პლესეცკიდან (რუსეთი) ის დედამიწის გარშემო დაახლოებით 800 კმ სიმაღლის ორბიტაზე გაიყვანა (მოგეხსენებათ, მსოფლიოს დიდი კოსმოსური ორგანიზაციები კომერციულ რეისებსაც ახორციელებენ).

Sentinel-3b sentinelის სერიის მეშვიდე სატელიტია ESA-ს დედამიწის შემსწავლელი კოპერნიკის პროგრამის ფარგლებში. sentinelის სატელიტთა ოჯახის ყველა წევრ სატელიტს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა სეგმენტის კვლევა ევალება, მაგალითად, sentinel-2 ხმელეთის მონიტორინგს ეწევა, sentinel-3-ისა და sentinel-6-ის ფუნქცია დედამიწის წყლების და ყინულოვანი საფრის მონიტორინგი და შესწავლაა, Sentinel-4b და Sentinel-5b დედამიწის ატმოსფეროს სწავლობს....

ახლა უფრო დაწვრილებით გიამბობთ Sentinel-3b-სა და მის მნიშვნელობაზე. ის 814 კმ სიმაღლის ორბიტაზე "ტყუპისცალ" Sentinel-3A-სთან ერთად იფრენს ჩვენი პლანეტის გარშემო. sentinel-3b-ს მთავარი მიზანია: დეტალურად შეისწავლოს ჩვენი პლანეტის წყლის და ყინულის საფარი; ოკეანეებისა და ზღვების დონის ცვლილება და სხვადასხვა დონეზე წყლის ტემპერატურა; ეკოსისტემის, ყინულოვანი საფრისა და წყლის რესურსების მონიტორინგი; სხვადასხვა წერტილში ხანძრების საშიშროების აღმოჩენა; ოკეანეების მიმოქცევის, მათგან გამოწვეული ქარბუქებისა და ამინდის პროგნოზირება.

Sentinel-3b-ს, ისევე, როგორც მთელი კოპერნიკის პროგრამის მონაცემები, სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისთვის. კარგი იქნება, თუ საქართველოს შესაბამისი ორგანიზაციებიც გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გამოყენების სპექტრი დიდია: მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების პრევენცია, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, ჩვენი წყლებისა და ხმელეთის უკეთ შესწავლა და ა.შ.

ბეპი კოლომბო

ჩვილი ბავშვის ცოდნა პროფესორის ცოდნას რომ შეადაროთ, დაახლოებით ისეთია ჩვენი ცოდნა სამყაროზე იმასთან შედარებით, რაც კიდევ უნდა შევისწავლოთ და აღმოვაჩინოთ, თუმცა ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა და ინტერესიც, რომ უკეთ შეიცნოს სამყარო, ძალიან დიდია.

2018 წლის ოქტომბერში ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ერთობლივი პროექტი, სატელიტი ბეპი კოლომბო (Bepi Colombo) კურუდან, საფრანგეთის გვიანა (Kourou, French Guiana), შვიდწლიან მოგზაურობას დაიწყებს მერკურისკენ. ცნობილია, რომ მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე და ამიტომაც მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა. ეს იდუმალებით მოცული პლანეტა ჩვენთვის ჯერაც ამოუცნობია განსაკუთრებული თავისებურებების გამო. მარტივი ენით აგიხსნით: მზის გარშემო დედამიწის ერთ შემოვლას ჩვენ წელიწადს ვეძახით, ხოლო საკუთარი ღერძის გარშემო შემობრუნებას დღეს. დედამიწის წელიწადში 365 დღეა, მერკური კი სრულიად სხვა პრინციპებით მოძრაობს. მერკურის ორი წელიწადი მისი სამი დღეა, ანუ მერკური ასწრებს მზის გარშემო ორჯერ შემოვლას, სანამ საკუთარი ღერძის გარშემო სამჯერ შემობრუნდება. მერკური თავისი სიმკვრივითაც გამორჩეული პლანეტაა. ის მოცულობით დაახლოებით მთვარისხელაა, ანუ დედამიწაზე გაცილებით პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს. მოკლედ, სატელიტი Bepi Colombo ამ პარადოქსებით სავსე პლანეტის შესასწავლად გაემგზავრება, შეისწავლის მის მაგნიტურ ველს, მაგნიტურ ქარებს, მერკურის ზედაპირს, მის შემცველობას და მასში ქიმიური ელემენტების პროპორციას, პლანეტის პოლუსებს, სადაც მზის სხივები ნაკლებად ხვდება. აქ, დედამიწაზე კი Bepi Colombo-ს მოწოდებულ ინფორმაციას მეცნიერთა არმია დაელოდება.

რამდენიმე დღის წინ Bepi Colombo უკვე გავამგზავრეთ ჩვენს კოსმოდრომ კურუზე, საიდანაც 5 ოქტომბერს რაკეტა აAრიანე-5 გაუდგება გზას მერკურისკენ. ბეპი კოლომბო გზადაგზა გამოიყენებს ე.წ. გრავიტაციულ მანევრებს. ამისთვის კი დედამიწის ორბიტაზე ერთხელ, ვენერას ორბიტაზე ორჯერ და თავად მერკურის ორბიტაზე, სასურველი სიმაღლის ორბიტის შერჩევამდე, ექვსჯერ მოუწევს მანევრირება. სწორედ ამ პლანეტების გრავიტაციის წყალობით და საკუთარი ორი იონური ძრავის მეშვეობით წლების განმავლობაში მას დასჭირდება დაახლოებით 100 კგ საწვავი (ქსენონის გაზი), რომელიც ძირითადად სატელიტის ტრაექტორიის და სიჩქარის კორექციისთვისაა საჭირო, ბეპი კოლომბოს მაქსიმალური სიჩქარე იქნება დაახლოებით 220 000კმ/სთ. სატელიტი Bepi Colombo მერკურის სასურველ ორბიტაზე 2025 წლის 5 დეკემბერს განთავსდება და თავის მისიას 2028 წლის მაისში ამოწურავს.

მოკლედ, წინ ახალი აღმოჩენები გველოდება, ახალი კოსმოსური პროექტები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები, მეცნიერები, ინდუსტრია თუ კერძო სექტორი მჭიდროდ თანამშრომლობენ. წინა საუკუნისგან განსხვავებით, დღეს კოსმოსური პროგრამები არათუ კონკურენციის, არამედ მჭიდრო თანამშრომლობის საგანია, სხვანაირად უკვე შეუძლებელია მილიარდიანი პროექტების დაფინანსება ერთი რომელიმე ქვეყნის მხრიდან. ეს სატელიტებიც და საერთოდ კოსმოსური სადგური, სადაც სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს, ქვეყნის წარმომადგენლები, ასტრონავტები, კოსმონავტები კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის, მეცნიერების განვითარებისთვის ერთად იღვწიან, ამის შესანიშნავი მაგალითია. ეს არის ერთადერთი ადგილი ამ სამყაროში, სადაც სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რწმენის ადამიანები არ საუბრობენ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ბიზნესზე. ისინი ერთად მუშაობენ დედამიწის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის.

ნინო წიფურია