"მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი"

მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

გადაღებული იყო 50-მდე ფილმში. მისი დებიუტი კინოში მიხეილ კობახიძის ფილმში "ქორწილი" შედგა, რასაც მოჰყვა ფილმები "გიორგობისთვე", "ცისკრის ზარები", "არ დაიდარდო!", "ფერისცვალება", "ვერის უბნის მელოდიები", "პეპელა", "პირველი მერცხალი", "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი", "ფესვები" და ა.შ.

1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი "კინოშოკი", ანაპა (2005) - ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი".

გთავაზობთ ინტერვიუს ბაადურ წულაძესთან, რომელიც "კვირის პალიტრამ" 2016 წელს ჩაწერა.

- როდესაც სარეჟისოროზე ვაბარებდი, მეგონა, ეს ყველაზე ადვილი პროფესია იყო. მაშინ თბილისში არც ვიყავი ნამყოფი, ბათუმიდან პირდაპირ მოსკოვში ამოვყავი თავი. ბათუმში კულტურული დასვენებისთვის მხოლოდ კინო და ცირკი იყო. მეც ფელინივით ორივე მიყვარს და სულ დავდიოდი. სკოლა მედალზე დავამთავრე. მაშინ პრესტიჟულ პროფესიად ინჟინრობა ითვლებოდა და მეც მოსკოვში,

იმხანად ყველაზე პრესტიჟულ ბაუმანის სახელობის ტექნიკურ სასწავლებელს მივაშურე. საბუთები რომ წარვადგინე, მითხრეს, - კეთილი, ბატონო, მაგრამ ცნობა მოიტანეთ, რომ უბინაო არა ხართ, ჩვენს სასწავლებელს საერთო საცხოვრებელი არა აქვსო. ჩემი დიასახლისი საპასპორტო სამსახურის"თანამშრომელი იყო და დარწმუნებული ვიყავი, საჭირო ცნობას დამიწერდა, მაგრამ თითქოს თავში რაღაც გადამიტრიალდა და ვუთხარი, - მომეცით ჩემი საბუთები და ყველა დოკუმენტს ერთად წარმოგიდგენთ-მეთქი. წამოვედი და ვფიქრობ: ჯერ დრო მაქვს, მოდი, კინოინსტიტუტში წავალ-მეთქი. იქ გამოცდები ადრე იწყებოდა. გავეცანი ფაკულტეტებს... ვფიქრობ, მსახიობად მე არ გამოვდგები, თვითშემოქმედება არ მიტაცებდა, არც სცენარისტად, მით უფრო - მხატვრად... რეჟისურა მეადვილა, ვცდი და თუ არ გამიმართლა, აგერ არაა ბაუმანი-მეთქი? მახსოვს, ოცდამეშვიდე ნომერი ვიყავი. რა ვიცოდი, რომ რამდენიმე კვირაში მთელი საბჭოთა კავშირი ჩამოვიდოდა ამ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად. ხუთასზე მეტი მსურველი იყო და მხოლოდ 20 კაცს იღებდნენ. ოცეულში ვერ მოვხვდი.

დავბრუნდი ბათუმში. კლასელები რომ მოვიკითხე, ყველას სადღაც ჩაებარებინა, ცოტა ალმაცერად შემომხედეს - გარეთ დარჩიო?

ჩამოვედი თბილისში - პირველად. სიკო დოლიძე იღებდა ფილმს. დავდიოდი და ვუყურებდი, როგორ მუშაობდა. გამოცდების დრო რომ დადგა, მოსკოვში წავედი. ტურები გავიარე და დამჭირდა სარეკომენდაციო წერილი. სიკო დოლიძემ გამოგზავნა: ბაადურ წულაძე ჩემთან მუშაობდა და ეგ რომ არ ყოფილიყო, ამ ფილმს ვერც გადავიღებდი, ეგ იყო, რაც იყოო... მიმიღეს.

გულში ვთქვი, პირველი უნდა ვიყო-მეთქი. მკაცრი სისტემა იყო: თუ სწავლას ვერ შეძლებდი, კარისკენ მიგითითებდნენ, კარგად ბრძანდებოდეთო. ახლა ვერ გააგდებ სტუდენტს - ფულიო, კრედიტიო, თავგზა აგებნევა. კიდევ უნარების სავალდებულო გამოცდა მიმაჩნია უბედურებად. ვინც კარგად ჩააბარებს უნარ-ჩვევებს, ის არ უნდა გააკარო ხელოვნებას. ხელოვნებაში პასუხები უნდა ეძიო და ან მიაგნებ, ან - ვერა. თუ წინასწარ გაქვს ყველაფრის პასუხი, ამ დარგში რა გინდა?!

- სწორად მოიქეცით, ერთი წელი რომ დაკარგეთ და ისე აირჩიეთ პროფესია?

- ბედნიერი ვარ, რადგან მთელი სიცოცხლე ვემსახურებოდი იმ საქმეს, რომელიც მომწონდა. უსიამოვნებაც შემხვედრია, მიბრძოლია კიდეც, ხან გამმართლებია, ხან - არა, მაგრამ არაფერს ვნანობ. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ვიდეო - ბაადურ წულაძის ბლიცინტერვიუ