"მთავარია, არ შევჩერდე"
14-05-2018
"მთავარია, არ შევჩერდე"
როცა მაია წინამძღვრიშვილის ნამუშევრების გამოფენაზე მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ გიამბობდით მხატვარზე, რომელმაც ახლახან ტექსტილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გამართა, მაგრამ უნიკალურ ფენომენს წავაწყდი.

- აბრეშუმის ქსოვილზე კომპოზიციას აბრეშუმისვე ფთილებითა და ჭუპრებით ვაკეთებ. ზოგჯერ ერთ ფენად, ზოგჯერ კი, პერსპექტივის შესაქმნელად, რამდენიმე ფენას ვიყენებ.

- სიტყვა "აბრეშუმი" სამოსთან ასოცირდება, შეიძლება, ეს ტექნიკა სამოსის შესამკობად გამოდგეს?

- არა, ეს ტექნიკა მხოლოდ მხატვრული ნამუშევრების შესაქმნელად გამოიყენება. რაც შეეხება სამოსს, გამოფენაზე ამის ნიმუშებად შარფები წარმოვადგინე. გაზი მერინოსით,
შიფონი მოხატული ცივი ბატიკის ტექნიკით, მერინოსი და აბრეშუმი, რომელიც ჯერ მოიხატა, შემდეგ კი მოითელა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია გობელენი და გუაში, ცხელი ბატიკის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები.

90-იანი წლების ბოლოს თბილისში ქართული ტექსტილის ჯგუფის, GთG-ის ორგანიზებით ტექსტილის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. სხვა მხატვრებთან ერთად, თბილისს მაშინ ნიდერლანდელი მხატვარი,
ინგე ევერსი ეწვია, რომელმაც ღია ცის ქვეშ მუზეუმში ჩაატარა მასტერკლასი - "ხელნაკეთი აბრეშუმის ქაღალდი." მაშინ მივხვდი, რომ რაც აკადემიიდან ვიცოდი, იმის შერწყმა ამ სიახლესთან შეიძლებოდა.

- მასალად რომელი ქვეყნის აბრეშუმს იყენებთ?

- სხვადასხვას, მათ შორის ქართულსაც. სადაც მივდივარ, ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს ჩემთვის საინტერესო მასალა.

- პირველად როდის გადაკვეთა საზღვარი თქვენმა ნამუშევრებმა?

- 2000 წელს პირველად ჩემს ქართველ კოლეგებთან ერთად ისრაელში გამართულ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. მეორე უმნიშვნელოვანესი პერსონალური გამოფენა საქართველოში 2002 წელს გაეროს ეგიდით გაიმართა. იმავე წელს გრანტი მოვიპოვე და მხატვრების საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით ხუთი თვე შვეიცარიაში ვიცხოვრე, გერმანიასა და საფრანგეთში ვიმოგზაურე. საოცარი მუზეუმები ვნახე. ამ მუზეუმებში ისეთ ქსოვილზე შეიძლებოდა გენახათ შედევრი, რომ მივხვდი - მთავარი ხედვა, შესრულება, ფანტაზიის სიფაქიზე, მასალის მრავალფეროვნება, ტექნიკური შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, აზროვნებაა, რომელსაც ნებისმიერი ფორმით აწვდი მნახველს. მეორე პერსონალური გამოფენა 2005 წელს, ნიდერლანდებში, გრონინგენში გაიმართა. ორგანიზატორი ელსკე ბრაუერი გახლდათ. როდესაც გამოფენის გახსნა მახსენდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის - მათ დიდი ზეიმი მომიწყვეს ქართული მუსიკის თანხლებით.

- ამერიკული გამოფენების შესახებაც ვისაუბროთ...

- 2013 წელს ფლორიდის შტატში, კუნძულ სენიბალზე, BIG ARTS Founders Gallery-ში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართა და მასტერკლასიც ჩაAვატარე. მასტერკლასების ჩატარებამ მეინის შტატშიც მომიწია. გამოფენაზე გავიცანი მაურინ ვატსონი - გალერისტი, რომელიც საკუთარ ბიოგრაფიას ასე აღწერს: "ჩემი ბიოგრაფია არის მუშაობა პროგრესისთვის". მისი საყვარელი გამოთქმაა: "ხელოვნება კურნავს". მან ნახა ჩემი ნამუშევრები და მას შემდეგ ყოველ წელიწადს ვიღებ მონაწილეობას მის გალერეაში მოწყობილ გამოფენებში.

- წინ რა გეგმებია?
- წინ თბილისის საერთაშორისო ART-ფესტივალია. სხვა გეგმა ჯერ არ მაქვს. ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიმუშაო და არ შევჩერდე.

დეა ცუცქირიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები