"ჩვენ არ გვინდა ქვეყნის გადატრიალება, ჩვენ ქართველობას არ გართმევთ" - რა განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა აქციაზე? - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ გვინდა ქვეყნის გადატრიალება, ჩვენ ქართველობას არ გართმევთ" - რა განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა აქციაზე?

"თქვენ - ის ადამიანები, რომლებიც გვწერთ და გვლანძღავთ, ამ დროს სად ხართ?! ერთადერთი რასაც აკეთებთ სხედხართ სახლებში"

"ჩვენ არ გვინდა ქვეყნის გადატრიალება, არ გვინდა რევოლუცია, გადატრიალება გვინდა ტვინში", - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა. მან აქციის მონაწილეებსა და ასევე კონტრაქციის მონაწილეებს მიმართა.

"საოცარი კომენტარები წავიკითხე, რომ აქ უნდა ჩაიხოცოს ეს ახალგაზრდობა და გვეშველება, მე არ მჯერა ამ ზიზღის, ზოგადად როგორ გროვდება ეს ენერგია ადამიანებში, როგორ შეიძლება ჩვენ დაგვაბრალონ, რომ სამოქალაქო ომის დაწყება გვინდა, როცა ვდგევართ ხელებაწეული და ერთი სული გავქვს რომ რაღაც დავაბალანსოთ.

პირიქით, დიალოგის მომხრეები ვართ, მუსიკა ჩავრთეთ, მშვიდობიანი აქცია იყო, რომ გვეცეკვა და ცეკვაზეც კი სხვა პასუხი მივიღეთ. კლუბშიც ამისთვის დავდივართ... ერთი კვირა ვმუშაობთ და მერე მივდივართ, რომ ცეკვით დავიხარჯოთ, მეტს კი არაფერს ვაკეთებთ ამ კლუბში.

ძალიან მიკვირს იმ ქალების, განსაკუთრებით კი დედების, რომლებიც საოცრებებს წერენ იმიტომ, რომ დღეს ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ, ხვალ გექნებათ სხვა პრობლემა თქვენ...

ყოვლად წარმოუდგენელია, როცა გვეკითხებიან, რატომ არ გამოდიხართ და არ აპროტესტებთ სხვა საკითხებსო... თითო ხეს დავსდევთ ამ ქალაქში რომ გადავარჩინოთ, ყველა პრობლემას ვაშუქებთ, და თქვენ -  ის ადამიანები, რომლებიც გვწერთ და გვლანძღავთ, ამ დროს სად ხართ?! ერთადერთი რასაც აკეთებთ სხედხართ სახლებში, კარგია სახლში ჯდომა, ჩემ შვილს ჩავურთე ეს კადრები და ვუთხარი, რომ მე იქ უნდა ვიყო, მაპატიე, შენთან ვერ ვიქნები, მაგრამ შენ რომ უკეთესი მომავალი გქონდეს, მე იქ უნდა ვიყო - მეთქი, ახლა ზის 5 წლის ბავშვი და მიყურებს ეკრანზე.

დეკრიმინალიზაცია, ლიბერალიზაცია ერთმანეთთან ტვინში მოვახდინოთ და მერე უკვე კანონებში გადავიტანოთ. უფროს თაობას მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ", - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.