შსს-ს მინისტრი აქციაზე პროტესტანტების წინაშე - უპრეცედენტო ნაბიჯი უახლეს ქართულ ისტორიაში - კვირის პალიტრა

შსს-ს მინისტრი აქციაზე პროტესტანტების წინაშე - უპრეცედენტო ნაბიჯი უახლეს ქართულ ისტორიაში

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, უმაღლესი თანამდებობის პირი ვითარების განსამუხტად, არა მხოლოდ შეხვდა საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, არამედ გაბედა და უშუალოდ აქციაზე მივიდა და მიმართა პროტესტანტებს. არ შეუშინდა არც კრიტიკას და არც უსიამოვნო შეძახილებს.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ნაბიჯი აუცილებლად შევა ისტორიაში, როგორც სახელმწიფოებრივი ინტრესებიდან გადადგმული ნაბიჯი.

რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას მერე დაიძაბა, რაც "თეთრი ხმაურის" მიერ მოწყობილ აქციას ულტრანაციონალისტებმა კონტრაქცია დაუპირისპირეს.

სწორედ ამის მერე გადაწყვიტა შინაგან საქმეთა მინისსტრმა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა. მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე "თეთრი ხმაურის" ერთ-ერთმა ლიდრემა ბექა წიქარიშვილმა აქციაზე ისაუბრა.

"ჩემი მეგობრებო, ჩემო თანამებრძოლებო, ალბათ ყველა ხვდებით, რომ ესკალაციის რისკი რეალურად არის დიდი. ეს გვაკისრებს ერთგვარ პასუხისმგებლობას, რომ ბუნებრივია ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება, რომ ჩვენ ვართ პრობლემეის მშვიდობიანად გადაჭრის მომხრეები. მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ სიტუაცია და ვიმოქმედოთ ადეკვატურად.

ხვალ 10 საათიდან გახარიასთან ერთად განვიხილავთ პარასკევის ღამის მოვლენებს და ის მზად არის, რომ ვინც ჩაიდინა გადაცდომები პასუხი აგოს ყველა იმ პირმა. საუბარია არა დაბალ თანამდებობაზე, არამედ იმაზე, ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება. შემდგომ, მივიღეთ დაპირება, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონზე მუშაობა და იქნება უკვე უახლოეს დღეებში კონკრეტული პროგრესი და მალე მივალთ შედეგამდე. მინისტრმა გვითხრა, რომ მზადაა ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადოს.

ეს არის ის, რაც შემოგვთავაზეს. ერთი რამ მინდა გავიაზროთ ყველამ, ამ რისკების პირობებში ვფიქრობთ, რომ ამ შემოთავაზების მიღება ჩვენ მოძრაობას არაფერს ვნებს და აკლებს, პირიქით უფრო ძლიერები ვართ. შესაძლო დაპირისპირებები მემგონი საფრთხეს უქმნის ყველას, ჩვენ ვთქვით, რომ თავს დავიცავთ, მაგრამ არ გვსურს დაპირისპირება და არ გვსურს ესკალაცია, არ გვსურდ საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა, არ ვგულისხმობ ღია დაპირისრებებს და ყველაფერს ვიზამთ, რომ ის ადამიანები ვინც გვეწინააღმდეგებიან, პირიქით დავარწმუნოთ და ამაში თქვენი დახმარებაც გვჭირდება", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

თუმცა ამას მოჰყვა აქციის მონაწილეებისგან უკმაყოფილება, მათ განაცხადეს, რომ არ დაიშლებოდნენ და სწორედ ამ დროს გამოჩნდა აქციაზე გახარია.

მას ახალგაზრდები შეხვდნენ შეძახილით "ბოდიში!" და გახარიამაც ბოდიშით დაიწყო:

"რადგან ბოდის ითხოვთ, ბოდიში...

"თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ თქვენ ბოდიში", - განაცხადა გახარიამ.

მან დაადასტურა ის შეთანხმება, რაც მოლაპარაკებისას იქნა მიღწეული და პროტესტანტებს სთხოვა დამორჩილებოდნენ სამართალდამცავებს.

საბოლოო ჯამში, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ წავა პროცესები, შაბათს კი გაიმართება ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია.