"მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ" - შს სამინისტროში მინისტრისა და აქციის ორგანიზატორების შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ" - შს სამინისტროში მინისტრისა და აქციის ორგანიზატორების შეხვედრა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთაველზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას გიორგი გახარიას გარდა ესწრებიან: შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლადო ბორცვაძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრები დავით სუბელიანი და ბექა წიქარიშვილი, კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლები სოფო ვერძეული და გურამ იმნაძე.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა იქნება ტექნიკური ხასიათის, რათა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდეს.

"ჩვენ პირველ რიგში, ფორმატი უნდა შევათანხმოთ. უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არაა და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის. საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ. აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით. მე დაპირისპირებას ვერ დავუშვებდი", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.