"კვერცხის შეწვა არ ვიცი" ფრაზის არ მწამს" - კვირის პალიტრა

"კვერცხის შეწვა არ ვიცი" ფრაზის არ მწამს"

მანიკა ასათიანი ქმარ-შვილს გემრიელი კერძებით ანებივრებსტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი ოჯახზე, შვილზე - პატარა გიოზე, მის ინტერესებსა და აღზრდის საკითხებში არსებულ პრიორიტეტებზე, მეგობრებსა და სხვა თემებზე გვესაუბრება.

- როგორი დიასახლისი ხართ?

- ამბობენ, რომ კარგი. მიყვარს სამზარეულო და კერძების მომზადება, სტუმრების გამასპინძლება და ა.შ. მეხერხება ეს ყველაფერი. საოჯახო საქმისა და სამსახურის შეთავსება, ჩემი აზრით, რთული სულაც არ არის. მთავარია, გსიამოვნებდეს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუ რამე გინდა, ყველაფერი შესაძლებელია და თუ არ გინდა, საქმე რომც გქონდეს, მაინც არ გააკეთებ. არის რაღაცები, რაც სავალდებულოა და შეიძლება, გეზარებოდეს კიდეც, მაგრამ როცა ოჯახი გყავს, მაინც გიწევს. როცა ამდენი ადამიანია, ვისაც შეიძლება ასიამოვნო, თუნდაც კერძის მომზადებით, რატომ უნდა დაგეზაროს? მე პროცესიც მიხარია, მსიამოვნებს და შედეგიც, როცა ჩემი გაკეთებულით სხვა კმაყოფილია. რომ გითხრა, 24 საათი ცოცხი მიჭირავს ხელში და ვალაგებ-მეთქი, მთლად ასეც არ არის, მაგრამ ყოველდღიურ საქმეს ყოველთვის ვაკეთებ, მათ შორის, სადილებს. დამხმარე ქალბატონი კვირაში მხოლოდ ერთხელ მოდის და სახლს ჩემთან ერთად უვლის.

- ზოგი ამბობს, როცა გავთხოვდი და დამჭირდა, ვისწავლეო. თქვენ გათხოვებამდეც აქტიურობდით ოჯახში?

- მანამდეც ყველაფერი ვიცოდი, უბრალოდ, შეიძლება, რაღაცები გათხოვების მერე უკეთ ვისწავლე, რადგან უფრო ხშირად მაქვს შეხება. ყოველთვის ინიციატორი ვიყავი, რომ რაღაცები მომემზადებინა და გამომეცხო. ბექას ჩემი მომზადებული კერძები მოსწონს და ამას აღნიშნავს. ისე ვაკეთებ, როგორც მას მოსწონს, ბექაზე ვარ "ორიენტირებული". არის ზოგი რაღაც, რაც ბექას არ უყვარს, მაგრამ ისეთნაირად ვაკეთებ, ისეთი ინგრედიენტებით, რომ მანაც სიამოვნებით მიირთვას. მე პრეტენზიული მჭამელი არ ვარ.

- თვითონ თუ იცის რაიმეს მომზადება?

- სამზარეულოში ხელმარჯვეა-მეთქი, რომ ვთქვა, აქამდე არ მინახავს (იცინის). თუმცა, ვფიქრობ, რომ დასჭირდეს, თავს მშიერს არ დაიტოვებს.

- საოჯახო ნივთების შესაძენად სიარული თუ გიყვართ?

- კი, ძალიან. ერთი წელია, რაც ჩვენს სახლში გადმოვედით და ჯერ კიდევ შესავსები გვაქვს, ამიტომ, სულ რაღაცებს ვათვალიერებ, ვარჩევ. ასეთი რაღაცები, სხვათა შორის, ბექას უფრო უყვარს და უფრო აკვირდება - დეკორი, ინტერიერი და ა.შ. მე ცოტა მოვიკოჭლებ ამ საკითხში.

- პატარა გიო ბაღში დადის?

- კი, ექვს საათამდე ბაღშია და მერე ერთად ვართ. გიოსაც უყვარს დედიკოს მომზადებული საჭმელები. "კარგი მჭამელი" არც ისაა, მაგრამ მასაც ხელს ვუწყობ - ისეთ რაღაცებს ვუკეთებ, რაც უყვარს. რაც უნდა მონდომებით გავაკეთო, მაგალითად, ბორშჩს მაინც არ შეჭამს და აღარც ვაძალებ. ვიტამინებით გაჯერებულ და სახლში გაკეთებულ კერძებს, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვაქცევ, არაჯანსაღ საკვებს ვერ ვაჭმევ იმის გამო, რომ "მთავარია, მშიერი არ იყოს".

- სპორტის რომელიმე სახეობა თუ აინტერესებს უკვე?

გიო:

- დედა, ჩემზე ლაპარაკობ?

მანიკა:

- (იცინის) გიო ცურვაზე დადის და ახლა მალე კალათბურთზეც შევა, უკვე მოვემზადეთ. ჯერ 5 წლისაა და ამ ასაკიდანვე არ შეიძლება ზედმეტი დატვირთვა, ნელ-ნელა რაღაცებს "ვაპარებ" და რაშიც გაამართლებს და რაც თვითონ ენდომება, იმას აირჩევს. არ მივეკუთვნები იმ მშობლების კატეგორიას, რომლებიც შვილებს პროფესიას თვითონ ურჩევენ. სიამოვნებით მეყოლებოდა კარგი კალათბურთელი შვილი, მაგრამ მას თუ არ ენდომება, არ დავაძალებ. ინტერესიანი ბავშვია და იმდენ რამეზე გვთხოვს სიარულს, ფიზიკურად შეუძლებელია: კარატეც უნდა, ბრეიქდანსიც, ტანვარჯიშიც და სპორტის სხვა სახეობებიც. ისე, ამბობს ხოლმე, კალათბურთელი ვიქნებიო.

- როგორი ბიჭია?

- ჯიუტია, თავისი გამოხატული ხასიათი აქვს. ჯერ ხომ პატარაა, მაგრამ ძალიან მიზანსწრაფულია და იცის, რა უნდა. შეიძლება, რაღაც მომენტში ეს ცოტა რთულია მშობლისთვის, მაგრამ ეს თვისებები ცხოვრებასა და პროფესიაში გამოადგება, რადგან როცა მიზანი გაქვს, ზუსტად იცი, რა გინდა და იმ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებ.

- მისი აღზრდის საკითხში რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?

- სულ ვამბობ, რომ მთავარია, ბავშვი ლაღი იყოს. ყველა მშობელს თავისი მიდგომა აქვს, აღზრდის მეთოდი, მაგრამ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ინდივიდუალურები ვართ და რატომ უნდა იყოს ბავშვი ვიღაცისნაირი? შეიძლება, რაიმე კარგი მაგალითი აიღოს სხვისგან, მაგრამ ბავშვს შთააგონო, რომ შენ ასეთი უნდა იყოო, არასწორია. მარტივ ენაზე უნდა აუხსნა, რა არის კარგი და რა - ცუდი. ბავშვის აღზრდა მართლაც, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ზოგჯერ, გადატვირთული სამუშაო რეჟიმის მერე შესაძლოა, მშობელსაც არ ჰქონდეს იმისი უნარი, რომ დაუჯდეს და წყნარად აუხსნას ყველაფერი, მაგრამ რეალურად, ასე თუ არ დაუღეჭე, მაინც ვერ გაიგებს, რადგან ბავშვია. ჩემს თავშიც შემიმჩნევია, რომ ზოგჯერ დიდი ადამიანივით ველაპარაკები, მაგრამ ცუდი არც ესაა, რადგან ნებისმიერ ჯანსაღ სიტუაციაში მან უნდა იგრძნოს, რომ მის აზრს ითვალისწინებენ. ჩემთვის ესაა მთავარი, პრიორიტეტული, რომ მისი პოზიცია მნიშვნელობას მოკლებული არ იყოს. თუნდაც, თავისი ოთახის მოწყობისას, ყველაფერი გავითვალისწინეთ, რა უნდოდა, რა ფერი, როგორი. შედის თავის ოთახში, ირჩევს ტანსაცმელს, ანუ თავისი გემოვნებით იცვამს. ზოგჯერ მეც ვეხმარები, მაგრამ როცა რაღაც არ მოსწონს, ამასაც მეუბნება.

- სად უყვარს დედასა და მამასთან ერთად გასართობად სიარული?

გიო:

- ზოოპარკში!

მანიკა:

- ძირითადად, სულ ჩვენთან ერთადაა და ყველგან დაგვყავს, ვერთობით, ვმხიარულობთ. ვცდილობთ, მასზე ავეწყოთ. როცა მის გართობას ეხება საქმე, ვეკითხებით: სად გინდა წასვლა? ვისთან გინდა და ა.შ. ტრადიციასავით გვაქვს, რომ გიოს ბაღელები ხშირად მოგვყავს სახლში, თავისი კუთხე, სათამაშოები აქვს და იქ ერთობიან.

- გიო პატარა ძმას ან დას ხომ არ გთხოვთ?

- კი, ბოლო ერთი წელია დაიწყო, რომ ძალიან უნდა, ძმა ჰყავდეს ან ორივე ერთად - დაც და ძმაც. ვნახოთ, ჯერ არ ვგეგმავთ. დრო როცა იქნება, გავაჩენ, დედისერთას არ დავტოვებ... შვილი შენი ნაწილი, მთავარი ღერძია და მის გარშემო ტრიალებ. სამსახურია, ოჯახის საქმე თუ სხვა დანარჩენი, მასზე ეწყობა და ის არის მთავარი. გამოცდილი თუ არ გაქვს, ვერასდროს მიხვდები, რა არის დედობა.

- ოჯახისა და სამსახურის პარალელურად, მეგობრების ნახვას ხშირად ახერხებთ?

- კი, ძალიან ხშირად. სულ იმას ვამბობ, რომ მეგობრების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ოჯახსა და სამსახურს თავისი ადგილი აქვს, მეგობრებს - თავისი, რომელიმე კომპონენტი რომ გამოეთიშოს, თავს ცუდად იგრძნობ ადამიანი. შესაბამისად, ერთად ძალიან ხშირად ვართ, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც. თუ სადმე ვერ მივდივართ, ერთმანეთის სახლებში გვაქვს მიმოსვლა. გიოს დატოვება არ მიყვარს და რადგან მარტო ვცხოვრობთ, ჩემთანაც ვსხდებით ხოლმე, გიოს რომ ვაძინებთ, ვჟრიამულობთ და მშვენივრად ვგრძნობთ თავს. გამორჩეულად კარგი მეგობრები მყავს, თანაც - არაერთი და ამას სულ აღვნიშნავ. ისინი ძალიან მიყვარს!

- თქვენ და ბექა თუ ახერხებთ სადმე ერთად გასვლას და რომანტიკული საღამოების მოწყობას, როგორც ეს შეყვარებულობის პერიოდში ხდება ხოლმე?

- იცით, რა, დიდად რომანტიკოსები არც ერთი ვართ (იცინის). ზოგჯერ განმარტოებაც კარგია, მაგრამ გვირჩევნია, გიო გავართოთ, მას გავუხალისოთ დღე, ვასიამოვნოთ და რაც შეიძლება მეტი სიხარული მივანიჭოთ.

- თავის მოვლას რა დროს უთმობთ?

- სალონში ხშირად დავდივარ თმის მოსაწესრიგებლად, მაგრამ თავის მოვლაზე ზედმეტად ორიენტირებული არ ვარ. არც სახის კანის პროცედურებს ვიტარებ, მხოლოდ გამაჯანსაღებელი ნიღბების გამოყენება დავიწყე, ისიც, ბოლო დროს.

- რა რჩევას მისცემდით ქალბატონებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, რათა მუდამ სასურველები იყვნენ მეუღლეებისთვის.

- პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა გამოიმუშაონ ძალა და უნარი იმისა, რომ რასაც ოჯახში თუ სამსახურში ვაკეთებთ, სიამოვნებით გავაკეთოთ და აუცილებლად კარგად გამოგვივა. თუ რაღაცის კეთება ძალდატანებით გვიწევს და ამაზე მუდამ ვწუწუნებთ, ვდარდობთ, ასეთ გაკეთებულს აზრი არ აქვს.

თავის მოვლასთან დაკავშირებით კი ვურჩევ, ეცადონ, ინდივიდუალურობა და ბუნებრიობა შეინარჩუნონ, თუმცა, ნორმის ფარგლებში ყველა ქალბატონმა აუცილებლად უნდა მოუაროს თავს, ამისთვის განსაკუთრებული თანხები არ არის საჭირო, მთავარი მონდომებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალბატონები ვართ, სამზარეულოშიც გვიწევს ყოფნა და ამ საქმიანობასაც კარგად უნდა ვითავსებდეთ, ძალდატანების გარეშე. მე მომწონს, როცა ქალმა იცის თუნდაც ერთი ამოჩემებული კერძის მომზადება ან რაიმეს გამოცხობა. "კვერცხის შეწვა არ ვიცი" ფრაზის არ მწამს, მგონია, რომ მოგონილია და მორგებული როლია. მნიშვნელობა არ აქვს, ოჯახში რამდენი დამხმარე გყავს და გიწევს თუ არა საერთოდ რაიმეს კეთება, რამე შენც უნდა იცოდე, სირცხვილია. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ეწყინება, არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, მე რომც არ ვიცოდე, შემრცხვებოდა ამის თქმა. ეს კარგი ტონი სულაც არ არის, ამით შენს მინუსს უსვამ ხაზს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა"