როცა "ბარიგები" კვლავაც "თვალსაჩინო" ელიტად რჩებიან... - "ბარიგობა" სამარცხვინო აღარ არის?!
როცა "ბარიგები" კვლავაც "თვალსაჩინო" ელიტად რჩებიან... - "ბარიგობა" სამარცხვინო აღარ არის?!
წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის სამსახურში - მაინც ვინ არიან ეს "ბარიგები" - ასეთი მიუწვდომლები და ხელშეუხებლები?

მაინც რამდენი თაობა უნდა ემსხვერპლოს ამ სენს, რამდენი ხანი უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენი ჭირი არ არის, ჩვენ არ შეგვეხება, თუმცა... ერთ მშვენიერ დღეს კი როცა აღმოვაჩენთ, რომ შეგვეხო, იმასაც ადვილად ვხვდებით, რომ ძალიან დავაგვიანეთ...

უკვე რამდენი წელია ვკითხულობთ, ვიგებთ, ჩვენი თვალით ვუყურებთ წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკებს... არაოფიციალური ინფორმაციით, მარტო ბოლო ერთი თვის განმავლობაში სულ
ცოტა 15 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირეს...

ნარკომანიამ ბევრი ოჯახი გაანადგურა - ფიზიკურად, მორალურად და მატერიალურად; ჩვენი უახლოესი ადამიანებიც იქცნენ ნარკომანებად, თუმცა ისინი არ გაგვირიყავს... მაგრამ არც განგაში აგვიტეხავს, უბრალოდ, მათ ნელ-ნელა ვკარგავდით და დღეს მათ საფლავებზე გვიწევს სიარული!

მას შემდეგ საქართველოსა და ჩვენი ხალხის ზურგზე ბევრმა
ქარიშხალმა გადაიარა, ბევრი გამოვიტირეთ და ცოტანი გადაგვირჩნენ, თუმცა ქვეყანამ განვითარება დაიწყო და, წესით, ჩვენი ღირებულებებიც უნდა გადაგვეფასებინა, მაგრამ...

დღე არ გავა ახალ-ახალი უბედურების ამბავი არ გავიგოთ, უკვე მომავალ თაობასაც გვაცლის ხელიდან სხვისი სიცოცხლის ხარჯზე გამდიდრების მოსურნე სიკვდილის გამყიდველთა მთელი არმია.

საქართველოში არალეგალურად მოვაჭრეებს გადამყიდველებს, ანუ "ბარიგებს" უწოდებდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნარკოტიკით კი არა, ტანსაცმლით "ბარიგობაც" კი დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. წლების განმავლობაში ასეთ საქმეს "დაბალი დონის" ადამიანები ასრულებდნენ...

ხელისუფლებამ, ცხადია, მათ შესახებ კარგად იცოდა, მაგრამ ქვეყანაში საბჭოთა კორუფცია მეფობდა და სამართალდამცველებიც "თვალის დახუჭვის" პრინციპით მხოლოდ შიგადაშიგ დაერეოდნენ ხოლმე უკანონოდ მოვაჭრეებს.

რაც შეეხება ნარკოტიკული შხამის გამსაღებლებს, ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, რომ ისინი, ძირითადად, ბორჯომში ბუდობდნენ და ნარკომანთა დიდი ნაწილიც სწორედ იქ იყრიდა თავს. თუმცა მათ სიმცირეს არც თბილისი და არც საქართველოს სხვა დიდი ქალაქები უჩიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "ნარკობარიგების" საქმიანობა საბჭოეთში გაცილებით გასაიდუმლოებული იყო, მაინც ბევრის სახელი იყო ცნობილი, საზოგადოება მათ დიდ წილად რიყავდა, არ იკარებდა, მათთან ურთიერთობა სირცხვილიც კი იყო.

მერე ახალი სენი შეგვეყარა - "ელიტური ნარკომანია": წვრილმან ნარკომანებსა და "ნარკობარიგებს" იჭერდნენ, ფულებს ახდევინებდნენ და უშვებდნენ... მერე ისევ იჭერდნენ და ისევ უშვებდნენ... ამ დროს კი მსხვილმანები ზეობდნენ და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს... თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება მათდამიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იყო.

ვიფიქრეთ, ახლა მაინც გვეღირსება მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრება, ახლა მაინც დავაინტერესებთ ახალგაზრდობას ჩვენი კულტურული პოტენციალით, ლაშქრობებითა და ტურიზმით ცხოვრების ჯანსაღ წესს შევაყვარებთ და მალე მართლაც ჯანმრთელ, განვითარებულ ქვეყნად ვიქცევით-თქო, მაგრამ...
ამ ქვეყანაში ნარკომანები ისევ ნარკომანობენ, "ბარიგები" ისევ "ბარიგობენ", "ნარკობარიგამეფეები" ისევ ზეობენ და ახალგაზრდები ერთმანეთის მიყოლებით გვეცლებიან ხელიდან!

მაინც ვინ არის "ნარკობარიგა", როგორია, რით განსხვავდება, ვთქვათ, ყაჩაღისგან, ქურდისგან, მკვლელისგან?


"ნარკობარიგას" უფრო წურბელას ვუწოდებდი, ნელ-ნელა რომ სწოვს სისხლს ადამიანს, ოღონდ ამ უკანასკნელს სამკურნალოდაც კი გამოიყენებ... ამიტომ "ნარკობარიგას" უფრო ვამპირს დავარქმევ, საშინელს, ბოროტსა და სასტიკს, ვისაც ადამიანის სახე აქვს და ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შემოიკრიბოს ირგვლივ, უმჯობესია - ფულიანი და ახალგაზრდა, ვისაც იოლად აიყოლიებს და გასვრის, შემდეგ კი სხვა ადამიანებისთვის ხშირად გაურკვეველი სასიკვდილო შხამის მიწოდებით, ან ნელ-ნელა, უმეტესწილად კი - ელვისუსწრაფესად უსწრაფებს მას სიცოცხლეს, ძალიან ბევრ ადამიანს უნგრევს ცხოვრებას, თავად კი ამით დიდ ფულსა და კეთილდღეობას იღებს - აპურებს თავის ოჯახს, შვილებს საზღვარგარეთ ასწავლის, უკან დაბრუნებულებს კარგ სამსახურსაც ახვედრებს და ელიტურ კურორტებზეც ასვენებს... და ოჯახიც ამ "სიკეთეებს" ირგებს, თუმცა მან არ იცის, რომ "ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს!"


აი, რატომ ვერ ვიტან "ბარიგებს" და აი, რატომ "ტეხავს" "ბარიგობა!"

და მაინც ვინ არიან ეს "ბარიგები" - ასეთი მიუწვდომლები და ხელშეუხებლები?


მათ იჭერენ, ოღონდ შერჩევით - ვის ხანგრძლივად, ვის - ცოტა ხნით, ვის - სულაც არა! საზოგადოებაში ცნობილებს (ცხადია, მათ არ მოვიხსენიებ ადამიანებად), ვისაც ბევრი ვიცნობთ და ვიცით, როგორ დაღუპეს და ღუპავენ თაობებს, ვისაც ხან ერთ საზღვართან იჭერენ და ხან მეორესთან (პატარა ქვეყანა ვართ და ამბებიც არ იმალება), უცებ ათავისუფლებენ და ისინიც, თავისი ოჯახის წევრებიანად, კვლავ "თვალსაჩინო" ელიტად რჩებიან, მათ ტაშს უკრავენ და ჟივილ-ხივილით ხვდებიან, ტელეშოუებში ეძახიან, აზრსაც კი ეკითხებიან, ახალგაზრდები კი იღუპებიან...

ამასობაში კი "ბარიგის" სახელსაც უკადრისობენ, თურმე უფრო "ცივილურად" - "ნარკორეალიზატორად უნდა მოვიხსენიოთ, მალე ალბათ დღისით-მზისით, დახლის დადგმას და ისე ვაჭრობასაც მოგვთხოვენ...
მოკლედ, საზოგადობაც იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხს ერთხმად უთხრას არა, იმის ნაცვლად, რომ გაინაპიროს, მათი პირსისხლიანი სახე დაინახოს და ისინიც ჩაახედოს სარკეში, ცოტაც და მათ "გაპრავებასაც" დაიწყებს...

თუ ამ გზას დავადექით, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ჩვენი შვილების ცხედრებზე მოგვიწევს გადავლა! ისინი ერთხელაც მეზობელ ოთახში დაიძინებენ და ვეღარ გაიღვიძებენ!

არადა, თუ საზოგადოების ერთიანობა არ იქნება ამ უმძიმეს პრობლემასთან გასამკლავებლად, ვერავინ ვერაფერს გახდება.

კიდევ ერთი, არასდროს არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ "ბარიგები" სამართალდამცავ სტრუქტურებს არიან თავშეფარებული ანაც, სწორედ იქიდან "კრიშავენ" ბობოლა სიკვდილის გამყიდველებს.

როგორ მაოცებს, რომ ადამიანები, ვისაც შვილები, დები, ძმები, მეგობრები ვიღაც "ნარკობარიგისგან" ნაყიდი შხამით დაეღუპა გუშინ, გუშინწინ, წლების წინ, არაფერს აპროტესტებენ... არაფერს უცხადებენ ომს... მშვიდად უყურებენ, სხვა მშობლებს როგორ ეღუპებათ ახალგაზრდა შვილები... ის მშობლებიც არაფერს აპროტესტებენ, მხოლოდ გულისკანკალით ელოდებიან, როდის დაატყდებათ თავს სიკვდილი...

რა სასტიკია ეს ყველაფერი და რა საშინელი...

ამას წინათ, ერთმა ახლობელმა, ყოფილმა ემიგრანტმა თქვა: "დღეს, მგონია, რომ "ნარკობარიგებისა" და ნარკოტიკის პროპაგანდა და წახალისება ხდება. რამდენიმე ქვეყანაში მიცხოვრია, რაც აქ მოხდა, კლუბებში, მსგავსი ოპერაციები ყველგან ხდებოდა, სადაც კონკრეტული დანაშაულის ფაქტები არსებობდა".

მეამაყება ჩემი ქვეყანა, მეამაყება ჩემი ქართველობა, ჩვენი გამოცდილებით, ტრადიციებით, კულტურული მემკვიდრეობითა და უამრავი თვალსაჩინოებით, მაგრამ არა - ნარკოტიკებითა და ნარკომანებით. საკმარისია ამდენი სიკვდილი. ნარკოტიკებისთვის შემოსული ტურისტი არ მჭირდება ჩემს ქვეყანაში!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
maxo
16 მაისი 2018 23:36
ვინ გაგაკეთებინებს სიკეთეს ვერ ხედავ ხალხი კარგსა და ცუდს ვერ არჩევს ჯერ სად ხართ უფრო მეტად გაგიხდებათ სანანებელი,ალენ დალესი აღწევს თავის მიზანს სულელ ერში.
გამომიქვეყნეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
16 მაისი 2018 20:45
ნამდვილად მასონური პოლიტიკა ხორციელდბა, ანტიქრისტეს ხალხის. ივანიშვილი მაგისთვის მოეთრა რო დაასრულოს გახრწნა-გაპარტახების გეგმა და გაგვხადოს გარყვნილი ზომბები, თან ჭუკლები!
giga
16 მაისი 2018 13:33
რაც კოლმეურნეობა დაინგრა მთელი ქვეყანა ვაჭრები და ბარიგები გახდნენ !პატიოსან მშრომელებს სახელმწიფო ავიწროებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?