საყოველთაო ჯვრისწერა, მსვლელობა და მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა - როგორ აღნიშნავენ 17 მაისს თბილისში
საყოველთაო ჯვრისწერა, მსვლელობა და მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა - როგორ აღნიშნავენ 17 მაისს თბილისში
დღეს ამაღლებაა - დღე, როდესაც მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა თავის მოწაფეთა თვალწინ ინება ზეცად ამაღლება. ეს აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოხდა. მანამდე კი თავის მოწაფეებთან იყო, განსწავლიდა და მოციქულებრივი ჯვრის ტვირთისათვის ამზადებდა. სასუფევლის შესახებ უამბობდა სულიერად განაძლიერებდა.

შემდეგ კი, მეორმოცე დღეს, მათთან ერთად ავიდა ელეონის მთაზე და სწორედ მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. მოწაფეებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ შეიწყნარა მათი საყვარელი მოძღვარი და მაცხოვარი ღრუბელმა თვალთაგან კაცთა.

ამაღლდა და ადამიანური ბუნებაც აღამაღლა, ადამიანური
ხორცით ჯვარცმულმა და აღმდგარმა მკვდრეთით. ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით მამისა. ამაღლდა
და ჩვენც აღგვამაღლა და კვლავ გვაზიარა ზეციურ სავანეს.

17 მაისს ასევე აღინიშნება ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე და ამ დღესთან დაკავშირებით, "ვარდების მოედნიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა.

წელს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა
ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს გამოცხადდა.


როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უკვე მე–5 წელია საქართველოს ეკლესია ერთკვირიანი მსვლელობით აღნიშნავს წმინდა ანდრია მოციქულისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში შემობრძანებას. ხატით მსვლელობა იწყება 10 მაისს და 17 მაისს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში მთავრდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, "ვარდების მოედნიდან" მსვლელობის დაწყებამდე, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. ასევე, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა დაიწყება ქაშვეთის ტაძარში, სადაც 10 მეუფე წირავს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 11:30 საათზე, ფილარმონიასთან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები, ასევე მრევლი შეიკრიბება და "ვარდების მოედნისკენ" გაემართება.

12:00 საათზე კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატით "ვარდების მოედნიდან" ქაშვეთის ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, ქაშვეთთან ექვსშვილიან 300-მდე ოჯახს დალოცავენ. შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

მანამდე სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება, რომლის დროსაც ჯვარს 50-მდე წყვილს დაწერენ. მათ უწმინდესი დალოცავთ.

საყოველთაო ჯვრისწერა რეგიონებშიც გაიმართება, სადაც ჯვარს 400–ზე მეტი წყვილი დაიწერს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ აქვთ ჯვარი დაწერილი. 20:00 საათზე, "რუსთაველის თეატრში" ასევე ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება.
ქართველი ქალი
17 მაისი 2018 15:32
მეამაყებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?