"ფედერიკო ფელინი კამერის წინ პატარა ბავშვივით ანცობდა" - კვირის პალიტრა

"ფედერიკო ფელინი კამერის წინ პატარა ბავშვივით ანცობდა"

"იმანი იყო და არის უნიკალური პერსონაჟი მსოფლიო მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში"

კარლა ბრუნი, ივ სენ-ლორანი, ჯორჯო არმანი, ელ მაკფერსონი, დონატელა ვერსაჩე - ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, ვისაც იტალიელი ფოტოხელოვანი ანტონიო გუჩონე წლების მანძილზე იღებდა. მსოფლიო მოდისა და შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტომემატიანე მილანში ცხოვრობს. ანტონიო გუჩონე ახალგაზრდობაში იტალიის არმიაში ფოტოგრაფად მსახურობდა. როგორ მოხვდა შოუბიზნესში და სად არიან დღეს მისი გმირები, ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს:

- პირველი ფოტოსტუდია 1970 წელს მილანში გავხსენი. მინიმალისტური სტუდია მქონდა - შავი კედლებით, გრძელი ჰოლითა და ბევრი ოთახით. იქ დავიწყე ფოტოგრაფიაში ექსპერიმენტების ჩატარება. ერთ დღეს "გუჩის" სამოდელო სახლის თანამშრომელი მესტუმრა და მთხოვა, "გუჩის" სუნამოს გადაღებაზე მეფიქრა. ცოტა ხანში მიუჩა პრადა მესტუმრა თავისი ჩანთებით...

მეორე ფოტოსტუდია პარიზში 1980 წელს გავხსენი, იქ 7 წელი ივ სენ-ლორანისა და სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემისთვის ვიმუშავე. 1990 წელს მესამე სტუდია გავხსენი ნიუ-იორკში, სადაც მსოფლიოში ყველაზე მომხიბლავი მოდელები გადავიღე.

- XXI საუკუნეში +სილამაზის აღქმა შეიცვალა, ისევე როგორც ქალის სილამაზის სტანდარტი. სად არიან დღეს თქვენი ფოტოგმირები?

- სილამაზესა და ხელოვნებას ცვალებადი, სუბიექტური მნიშვნელობა აქვს, მასზე გავლენას ახდენს განსხვავებული კულტურა, ისტორიული პერიოდი, გემოვნება, საზოგადოება და ცალკეული პიროვნების აზრებიც კი. დროთა განმავლობაში შეიცვალა ადამიანის ფორმები, უფრო თანამედროვე გახდა, განსხვავებული, მაგრამ მაინც ლამაზი.

სად არიან ის ულამაზესი ქალები? ზოგიერთი ძალიან ცნობილი და მდიდარია, ზოგი არც ვიცი, სად არის, ერთ-ერთ მათგანზე ვიქორწინე (პია კლოვერი, მსახიობი და მოდელი). დროის დაუნდობლობის მიუხედავად, დღესაც ძალიან ლამაზები არიან.

- XX საუკუნის უდიდეს რეჟისორებზე ფედერიკო ფელინისა და მიქელანჯელო ანტონიონზე მინდა გკითხოთ.

- ფელინი 1984 წელს რომში, ჩინეციტტà-ს სტუდიაში გადავიღე. საერთოდ, სტუდიაში პორტრეტებზე პროექციის გამოყენებით ვმუშაობდი. როდესაც ფედერიკო სცენაზე ავიდა, გააოცა ჩემმა მეთოდმა, დაინტერესდა შემოქმედებითი პროცესით და კამერის წინ პატარა ბავშვივით ანცობდა. იცით, ამ ცნობისმოყვარე ადამიანთან, გენიოსთან მუშაობისას მე საკუთარი თავი აღმოვაჩინე. ფელინი გადაღების დროს მომიყვა, როგორ იბადებოდა მისი ფილმების სცენარები - როგორ ესიზმრებოდა, შემდეგ იწერდა და თავის სცენარებში იყენებდა. ეს ფოტოც, რომელსაც ხედავთ, ზუტად იმ ფოტოსესიიდანაა. რაც შეეხება მიქელანჯელო ანტონიონის, ძალიან სიტყვაძუნწი, შეუვალი კაცი იყო. იმ ჩუმ ფოტოსესიაზე მივხვდი, რომ მისი კინო იყო თავად ანტონიონი.

- დევიდ ბოუის მეუღლეზე - იმანზე მინდა გკითხოთ. ის თქვენი მუზა იყო? ივ სენ-ლორანმა მას "თავისი ოცნების ქალი" უწოდა.

- იმანი იყო და არის უნიკალური პერსონაჟი მსოფლიო მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში. გამიმართლა, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მუზა იყო, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ იმანი არისტოკრატია.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- ერთ ანეკდოტს მოგიყვებით: მილანიდან 30 კილომეტრში პატარა მდინარე ადა მიედინება. იქ დახატა ლეონარდო და ვინჩიმ თავისი შედევრი "მადონა მღვიმეში". რომის პაპის სურვილისამებრ, სურათი 22 დეკემბერს უნდა ყოფილიყო ვატიკანში. მუშაობისას ლეონარდოს თვალწინ ლამაზმა პეპელამ გაიფრინა, მხატვარს თვალი მოსტაცა და სურათის დასრულება დააგვიანდა. ამისთვის რომის პაპი განურისხდა. ასე რომ, ძალიან ლამაზი გარემო არ არის ძალიან კარგი სამუშაო პროცესისთვის, მაგრამ არც ძალიან ცუდი ვარგა. წონასწორობა უნდა დაიცვა, რომელიც დღესაც არ ვიცი, სად არის, მე ქაოსში ვცხოვრობ.

- გეგმებზე მინდა გკითხოთ.

- როდესაც გეგმებზე მეკითხებიან, ვპასუხობ, რის გაკეთებას ვისურვებდი. მერე ვკითხულობ წინა წლების ინტერვიუებს და ვნანობ ხოლმე, რომ ჯერაც არ გამიკეთებია. დღეს ჩემი გეგმები ასეთია: უნდა დავეხმარო დედამიწას, კაცობრიობას, ჩემს თავს, რომ ვიყო უკეთესი. საუბარს ლეონარდო და ვინჩის ფრაზით დავასრულებ: "როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს".

ნინო წიფურია