დამოუკიდებლობის 2 წელიწადი და 8 თვე - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობის 2 წელიწადი და 8 თვე

დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვის შემდეგ საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვლასა მგელაძე გამოეყო მოზეიმეებს, მამადავითზე პანთეონში ავიდა და ილიას და იქ განსვენებულ დიდ მამულიშვილებს მიულოცა დამოუკიდებლობის გამოცხადება. მაშინ ყველას ესმოდა, რომ სწორედ ილიას და მისი თანამებრძოლების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი გახლდათ 1918 წლის 26 მაისი

ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო - 1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (ამჟამინდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში) ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა.

ფოტოგალერეა

ნოე ჟორდანიამ "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" წაიკითხა. ეს დოკუმენტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 12 მარტს... საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა, დამოუკიდებლობის აღდგენა კი 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. საქართველოს დამოუკიდებლობიდან ასწლიან პერიოდს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია მიმოიხილავს:

- 1918 წლის 26 მაისამდე, 117 წელი რუსული იმპერიის ნაწილი ვიყავით, გუბერნიებად დაყოფილი, რომლებსაც სახელმწიფოებრივი უფლებები წართმეული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, ბოლშევიკებმა ვეღარ მოახერხეს რესპუბლიკებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის გარკვეული უფლებების წართმევა. სწორედ დამოუკიდებლობის აქტმა განაპირობა, რომ რუსეთის პროვინცია კი არა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი რესპუბლიკა ვიყავით, რომელსაც იურიდიულად უფლება ჰქონდა (მართალია, ფიქციური), რეფერენდუმის საფუძველზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობა დაეტოვებინა. მართალია, ყველამ იცოდა, რომ ეს ყალბი ჩანაწერი გახლდათ, მაგრამ იურიდიული აღიარება მაინც მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ დამოუკიდებლობის 2 წელიწადი და 8 თვე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

- როგორ იქმნებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო?..

- დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ქვეყანამ - შექმნა ჯარი, შესანიშნავი საარჩევნო სისტემა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულად ითვლებოდა, ჩაატარა როგორც პარლამენტის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის თავისუფალი არჩევნები, გატარდა სასამართლო რეფორმა და პირველად შეიქმნა სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტი. არაფერს ვამბობ კულტურისა და განათლების სფეროში ცვლილებებზე.

"კვირის პალიტრის" მკითხველს აქვს შესაძლებლობა, ამ ნომერთან ერთად იხილოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი. ის ციურიხში, ქართველოლოგ ლეა ფლურის არქივში ინახებოდა და საქართველოში გურამ და გიორგი შარაძეებმა ჩამოიტანეს.

არსებობს მეორე აქტიც, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს - ჩარჩოში ჩასმული გერბიანი დოკუმენტი, რომელიც 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა.

ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. ეროვნული საბჭო არჩეული იყო პარიტეტული პრინციპით, პარტიებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. ამიტომ მას არ ჰქონდა ის ლეგიტიმაცია, რაც საყოველთაო არჩევნებით შეკრებილ პარლამენტს. ამიტომ, როდესაც 1919 წლის თებერვალში გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები, 12 მარტს პირველმა არჩეულმა პარლამენტმა (დამფუძნებელმა კრებამ), პირველივე სხდომაზე დაადასტურა 1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი.

- საინტერესოა, რომ დამოუკიდებლობის ორი აქტი გვაქვს.

- დიახ, თუმცა შინაარსობრივად ორივე აქტი იდენტურია. 1919 წლის აქტში მხოლოდ მცირე ნაწილია შეცვლილი პრეამბულაში და ასევე, ხელმომწერთა რაოდენობაც - 1918 წლის აქტს 88 პირი აწერს ხელს, 1919 წელს მიღებულს - 101. განსხვავდება 46 პირის ვინაობაც, რომლებიც პირველ აქტში ხელს აწერენ, მეორეში მათი ფაქსიმილე არ არის, რადგან არჩევნების შემდეგ ისინი აღარ იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები.

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 16:50 საათზე, შეიკრიბნენ ეროვნული საბჭოს 42 წევრი და 36 კანდიდატი (ამ დროს სასახლის გარეთ ზღვა ხალხი იყო შეკრებილი). ეროვნული საბჭოს ტრიბუნაზე ადის ნოე ჟორდანია და ზუსტად 17:10 საათზე იწყებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვას. ეს იყო ზეიმის ზენიტი. დამსწრენი ფეხზე წამომდგარი უსმენენ აქტის გამოცხადებას. ყოველ დებულებას ოვაციით ხვდებიან. მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიამ დაასრულა დამოუკიდებლობის აქტის კითხვა, საბჭოს წევრებმა მოითხოვეს დოკუმენტის მოსახლეობისთვის გაცნობა შეძახილებით: "ხალხს მივულოცოთ, ხალხს". ეროვნული საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი გავიდა სასახლის აივანზე და ხალხს წაუკითხა დამოუკიდებლობის აქტი. პროსპექტზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ერთმანეთს ულოცავდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ისმოდა მუსიკის ხმა, შეძახილები: "საქართველოს გაუმარჯოს!"

მალე სხდომათა დარბაზში ნოე ჟორდანიამ წარადგინა პირველი მთავრობა, რომლის ხელმძღვანელიც ერთი თვის განმავლობაში ნოე რამიშვილი იყო. მოგვიანებით მან პოსტი ნოე ჟორდანიას დაუთმო. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვის შემდეგ საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვლასა მგელაძე გამოეყო მოზეიმეებს, მამადავითზე პანთეონში ავიდა და ილიას და იქ განსვენებულ დიდ მამულიშვილებს მიულოცა დამოუკიდებლობის გამოცხადება. მაშინ ყველას ესმოდა, რომ სწორედ ილიას და მისი თანამებრძოლების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი გახლდათ 1918 წლის 26 მაისი. ამავე დღეს საბჭოში პირველად გამოითქვა მოსაზრება, ქალაქის მთავარი მოედნისთვის თავისუფლების მოედანი დაერქმიათ - თავისუფლების მოედნის სახელწოდება სწორედ 1918 წლის 26 მაისს უკავშირდება.

- დამოუკიდებლობამ ორ წელიწადსა და 8 თვეს გასტანა.

- მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი მონოლითური იმპერია გახლდათ, ქართველს არასდროს შეუწყვეტია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა - იქმნებოდა იატაკქვეშა ორგანიზაციები, პერიოდულად, ისმოდა დამოუკიდებლობის გამოცხადების მოთხოვნა. დამოუკიდებლობის იდეა მუდმივად გამძაფრებული იყო ერში.

საინტერესო ეტაპები იწყება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მონაწილეობით. პირველი მასშტაბური გამოსვლა უკავშირდება 1988 წლის ნოემბრის აქციას და როგორც კი საბჭოთა კავშირმა შეასუსტა ტერორი, საქართველოში მაშინვე დიდი ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ეროვნული მოძრაობის აქციებზე მოქალაქეებს მიჰქონდათ 1918 წლის გაზეთები, მაშინდელი მოღვაწეების ნივთები, რომლებსაც წლების განმავლობაში, შიშის მიუხედავად, სათუთად ინახავდნენ თაობები. შემთხვევითი არ არის, რომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას საფუძვლად სწორედ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი დაედო. ამით არ გავწყვიტეთ კავშირი ამ დიდ მოვლენასთან, პირიქით, 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა გაგრძელება იყო იმ იდეისა, რასაც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფორმირება ჰქვია.

- დღეს უკვე დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს ვზეიმობთ.

- საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს იმდენად შემდგარი ფაქტია, გამორიცხულია მას საფრთხე დაემუქროს. რა თქმა უნდა, საფრთხედ რჩება ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც როგორც ასი წლის წინ, იდენტური მეთოდებით ცდილობს ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის შერყევას. თუმცა შეუძლებელია მან საქართველოს დამოუკიდებლობას ხელი შეუშალოს - თაობები გაიზარდა უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში, 1991-92 წლებში დაბადებული ახალგაზრდები განსხვავებულად აზროვნებენ და არათუ წართმევის, თავისუფლების შეზღუდვასაც კი არავის აპატიებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

გთავაზობთ ტესტს, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა, თუ რა იცით საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე

ტესტის ჩატვირთვას შესაძლოა მცირე დრო დასჭირდეს, გისურვებთ წარმატებას რუსუდან შელია