"მშობლები შვილების ქართულ სექტორზე მიყვანას ვეღარ ბედავენ" - კვირის პალიტრა

"მშობლები შვილების ქართულ სექტორზე მიყვანას ვეღარ ბედავენ"

"ზაქათალასა და ბელაქანში მთავარი სამიზნე ქართული სასკოლო სექტორებია"

ცოტა ხნის წინ საინგილოში კახის რაიონის მკვიდრმა ბესო კუზიბაბაშვილმა ქართული მედიის საშუალებით ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მისი ეთნიკური ნიშნით სასტიკად ცემის ფაქტი გაახმაურა. ამ ფაქტს თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინ, საპროტესტო აქცია მოჰყვა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ისტორიული ჰერეთი (კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონები) აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. როგორც კახის რაიონის მკვიდრი გურამ მ. მეუბნება, "მეზობლებმა ჰერეთი საკუთრებად დაიგულეს თუ არა, იქ მცხოვრები ქართველების ასიმილაციას მიჰყვეს ხელი. დღეს მშობლებს ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევასაც უკრძალავენ. კახის რაიონში მართლმადიდებელი ქართველების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. გაბედავ, ხმას ამოიღებ და ბესო კუზიბაბაშვილის ბედს გაიზიარებ".

რა ხდება საინგილოში? იქაურები ყველაფერს დაწვრილებით გვიყვებიან, თუმცა მათ ვინაობას, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, არ ვამხელთ.

თემურ ო. ამბობს, რომ ზაქათალასა და ბელაქანში მთავარი სამიზნე ქართული სასკოლო სექტორებია. დაბა ალიაბადის (ისტორიული ელისენი, სადაც 12 ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს) ოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთშია შემორჩენილი, სკოლის დახურვა კი უზარმაზარი დასახლების სრულ ასიმილაციას ნიშნავს: "გაძლიერებული ზეწოლის შედეგად მშობლები შვილების ქართულ სექტორზე მიყვანას ვეღარ ბედავენ. თუ ალიაბადში ქართული სექტორი დაიხურება, უახლოეს მომავალში იგივე ბედი ელის მოსულისა და ითითალის სკოლებსაც. წლებია, მასწავლებლებს საქართველოში სასწავლო-საგნობრივი ტრენინგები არ გაუვლიათ. სკოლებს ქართული სახელმძღვანელოები არა აქვთ და ბავშვებიც ძველი, დახეული წიგნებით სწავლობენ. საზღვარზე ფარულად გადატანის მსურველს თუ მებაჟეებმა წიგნები აღმოუჩინეს, მას პასუხისგება მოუწევს".

კახაბერ კ.: "საქართველოს ხელისუფლება ინგილო ბავშვებს ყოველწლიურად საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებში ეპატიჟება, მაგრამ იმდენს ვერ მიაღწიეს, რომ საინგილოს სოფლებში ოფიციალურად ჩავიდნენ და თანამემამულე ბავშვები წამოიყვანონ. ამიტომ მშობლებს შვილები ლაგოდეხში გადმოჰყავთ და ორგანიზატორებს აბარებენ. ერთ სოფელში ბავშვების შეკრების ინიციატორი პედაგოგები რაიონის პროკურორმა კაბინეტში დაიბარა და მაგიდაზე ხელი უბრახუნა, თუ არ გაჩერდებით ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო ბრალს წაგიყენებთო. ორი მცირეწლოვანი შვილის დედას ღამით თავზე დაადგნენ, არ გაბედოთ და ბავშვები ბანაკში არ გაუშვათო. ამ დროს საქართველოში რა ხდება? რომელ აზერბაიჯანულ სოფელში გსმენიათ, აზერბაიჯანული სკოლა დაეხურათ, ან ბავშვისთვის აზერბაიჯანული სახელის დარქმევა აეკრძალათ? ან რომელი ეთნიკური ქართველი აირჩიეს ჰერეთში ან სხვაგან რაიმე თანამდებობაზე?!"

ნუგზარ ბ. გვეუბნება, რომ წლების წინ ერთმა იქაურმა ქართველმა"მილი მეჯლისის" (პარლამენტის) დეპუტატობა მოინდომა და მხოლოდ ამ სურვილის გამო ქვეყანა დაატოვებინეს: "საქართველოს ხელისუფლებამ ისიც ვერ მოიფიქრა, ბაქოში, ჩვენს საელჩოში, ჰერეთის ერთი წარმომადგენელი მაინც დაესაქმებინა."

ხე ფესვებიდან იწყება და ჰერეთში ერთიან ქართულ ფესვებს საფრთხე ემუქრება - საფრთხე იოანე ზოსიმეს ენის დავიწყებისა, კუთხის დაკარგვისა, სადაც ყოველი ქვა საქართველოს დიდ წარსულზე ღაღადებს.

გელა მამულაშვილი