17 მაისს საქართველოში 400-მა წყვილმა დაიწერა ჯვარი
21-05-2018
17 მაისს საქართველოში 400-მა წყვილმა დაიწერა ჯვარი
"ჩვენი ხელისმომკიდეები ცოცხლები აღარ არიან, ამიტომ მეჯვარეები ჩვენი შვილიშვილები იყვნენ. მინდა, ყველა წყვილს ვუსურვო ის განცდები, რაც ჩვენ ჯვრისწერისას გვქონდა"

ქართულმა ეკლესიამ 17 მაისს ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. სიმბოლურია, რომ ამ დღესასწაულს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეც დაემთხვა. პატრიარქის ინიციატივით, საყოველთაო ჯვრისწერა ჩატარდა - ერთ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მა წყვილმა დაიწერა ჯვარი. საბჭოთა პერიოდში­ გამეფებული რელიგიური აკრძალვის გამო, დღემდე სამოქალაქო ქორწინებაში მყოფებმაც დაიწერეს ჯვარი. ცერემონიის ორგანიზება უზრუნველყო საპატრიარქოსთან არსებულმა ჩოხოსანთა
დასმა. "კვირის პალიტრა" სამების საკათედრო ტაძარში ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწრო და რამდენიმე წყვილს გაესაუბრა. პატრიარქის კურთხევის მისაღებად გორის რაიონის სოფელ მერეთიდან ჩამოვიდა 80 წელს მიღწეული წყვილი. რიტუალი შედგა - ახლა ელზა და ჯემალ ჯაფარიძეები კურთხეული ცოლ-ქმარი არიან.

ელზა ჯაფარიძე:
"წელს 80 წლის გავხდი, ჩემი მეუღლე 77
წლისაა. 51 წელია ცოლ-ქმარი ვართ, ორი შვილი და სამი შვილიშვილი გვყავს. ჩვენი ხელისმომკიდეები ცოცხლები აღარ არიან, ამიტომ მეჯვარეები ჩვენი შვილიშვილები იყვნენ. მინდა, ყველა წყვილს ვუსურვო ის განცდები, რაც ჩვენ ჯვრისწერისას გვქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ. ვურჩევ, ყველამ დროულად დააკანონოს ქორწინება ღვთის წინაშე".

ჯვრისწერა რეგიონებშიც შედგა. გორის­ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში რიტუალის დაწყებას ელოდებოდნენ სამი შვილის, ხუთი შვილიშვილისა და ოთხი შვილთაშვილის ბებია-პაპა - 84 წლის გოდერძი­ და 71 წლის ნუნუ გელაშვილები.

ფიქრია გელაშვილი: -"დედა და მამა 50 წლის ცოლ-ქმარი არიან. დიდი ხნის წინ აპირებდნენ ჯვრისწერას, მაგრამ ვერ მოახერხეს. მათი ჯვრისწერა­ დააჩქარა პატრიარქის კურთხევამ და ერთ-ერთი მოძღვრის სიტყვებმა, ზეციურ სასუფეველში­ მხოლოდ ჯვარდაწერილი წყვილები შეხვდებიან ერთმანეთსო. ჩემს მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვართ, წარმოიდგინეთ, მთელი რიტუალის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ... ყველას ვუსურვებ ასეთ სიყვარულს. მამა სულ თვალ­ებში შესციცინებს დედას, ისიც მუდმივად ცდილობს, ქმარს ასიამოვნოს. დღემდე ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც პირველ დღეს. ბევრი ტკივილი გამოიარეს. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ვაჟი დაკარგეს. ჩემი ძმის გარდაცვალება მათ უფალმა და მერე ერთმანეთის სიყვარულმა გადაატანინა.

- როგორ გაიცნეს ერთმანეთი?

- დედა წარმოშობით ფოთიდანაა. გორში სწავლობდა ფილოლოგიურზე. ჯგუფელები ექსკურსიაზე იყვნენ და დედა თურმე ხევზე ვერ გადადიოდა. ის ძალიან ლამაზი, პატარა ქალია. მამა შორიახლოს მდგარა. ეს რომ დაუნახავს, მისულა, ხელში აუყვანია და ისე გადაუყვანია ხევზე... იმ დღიდან სულ ერთად არიან. მამა ძალიან რომანტიკულია. ამას წინათ დედამ წერილი მომწერა, იხსენებდა, ისეთ ადგილას თუ ვიყავით, სადაც ყვავილები არ იყიდებოდა, სადმე მაინც მოძებნიდა და დამიკრეფდაო...

მეჯვარეები მე და ჩემი ძმა ვიყავით. წელს მათი ქორწინების 50-ე წლისთავი და ჯვრისწერა დაემთხვა, ეს მართლაც ბედნიერი დღე.

მაია გონჯილაშვილი, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი, ჯვრისწერის სამსახურის ხელმძღვანელი:
- პირველად საყოველთაო ჯვრისწერა 2016 წლის 15 ოქტომბერს ჩატარდა. მაშინ შვიდმა წყვილმა დაიწერა ჯვარი. მერე იმატა წყვილთა­ რაოდენობამ და ერთ დღეს 40-მა წყვილმა დაიწერა ჯვარი. მას შემდეგ რეგისტრაციისთვის ზარები არ წყდებ­ოდა. 17 მაისი უპრეცედენტო აღმოჩნდა - 400-მდე წყვილი­ შეუერთდა პატრიარქის კურთხევას.

- ვინ იყო პატრიარქის ამ ინიციატივის პირველი ორგანიზატორი?

- ამ პროექტს სათავეში ჩაუდგა პოეტი­ გიული ჩქარეული. მერე მეც შევუერთდი. ჩვენ პატრიარქის მხედრობა ვართ და მისი კურთხევის შემსრულებელნი.

- ვინც არ იცოდა, რომ რეგისტრაცია იყო საჭირო და ჯვრის დასაწერად მოვიდნენ, რა ბედი ეწიათ მათ?

- რამდენიმე წყვილს ჯვარი რეგისტრაციის გარეშეც დავწერეთ. ტაძარში მოსულებს დავეხმარეთ, შეექმნათ მართლმადიდებლური ოჯახი.

- კიდევ გქონიათ შემთხვევა, როცა დაუგეგმავად დაგიწერიათ წყვილისთვის ჯვარი?

- გასულ წელს ერთ გაჭირვებულ ოჯახში მოვხვდით - თითქოს უფალმა მიგვიყვანა მოხუც წყვილთან. მათი ოცნება­ ყოფილა, ჯვარი დაეწერათ, საყოველთაო ჯვრისწერა კი უკვე დასრულებული იყო. რამდენიმე დღეში ჩოხოსანთა დასმა შინ მიაკითხა. მომდევნო დღეს შობის მარხვა დგებოდა და საჩქაროდ მოვიყვანეთ ტაძარში. მათი მეჯვარეები ჩოხოსნები იყვნენ, ქალის მეჯვარე გახლდათ ქალბატონი გიული ჩქარეული. პატარა ქორწილიც გადავუხადეთ. საკურთხევლამდე პატრიარქის ნათლულებმა მიაცილეს, ჩოხოსნებმა კი ხანჯლებქვეშ გამოატარეს. ეს მათ ცხოვრებაში­ უბედნიერესი დღე იყო. სამწუხაროდ, შობის მარხვის შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა.

- რეგისტრაციისთვის რა საბუთებია საჭირო?

- წყვილის პირადობის მოწმობები და ფოტოსურათები. ჩოხოსანთა საზოგადოების ოფისში ვავსებთ სააპლიკაციო ფორმას და ვარეგისტრირებთ. ამის შემდეგ ინიშნება ჯვრისწერის თარიღი.

- ყოფილა შემთხვევა, როცა უარი გითქვამთ წყვილისთვის?
- ჩვენ მხოლოდ მეორე ქორწინებაზე ვეუბნებით წყვილს უარს, რადგან ჯვრის აყრის და შემდგომ ჯვრისწერის გადაწყვეტილებას ეპისკოპოსები იღებენ. ამ ცოდვას ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე.

ემზარ ნიკოლაძე, ჩოხოსანი: - 25 წელია, ჩოხოსანი ვარ. პატრიარქის ინიციატივით ჩვენც ჩავერთეთ ამ სასიკეთო საქმეში. ჯვრისწერას მოსახლეობას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვთავაზობთ. ძალიან მალე ჩვენს პროექტში ჯვარდაწერილთა რიცხვი 1000 ოჯახს მიაღწევს. წყვილებს საჩუქრად გადავცემთ ჯვრისწერის სანთლებს, გვირგვინებსა და მოწმობებს. ჩვენი წყვილების ბედნიერებით ჩოხოსნებიც ძალიან ბედნიერები ვართ.

P.S. ახალ აღთქმაში ჯვრისწერა იესო ქრისტეს ნაკურთხი ერთ-ერთი საიდუმლოა, საიდუმლო, რომელიც ყველა ქრისტიანი წყვილის ერთ სულად და ერთ ხორცად გარდაქმნას გულისხმობს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით