სად წავიდა 20-30 ათასი ფერმერისგან აღებული ფული? - ვინ არის კაცი "სკაიპიდან"? - კვირის პალიტრა

სად წავიდა 20-30 ათასი ფერმერისგან აღებული ფული? - ვინ არის კაცი "სკაიპიდან"?

დაახლოებით ერთი წელია საქართველოში გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს, კონკრეტულ ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვის სანაცვლოდ ბიზნესიდეების დაფინანსებას ჰპირდება.

ბიზნესიდეის დაფინანსების პირობას ფერმერები ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენისგან, დავით კარტოზიასგან იღებენ, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს, კოორდინატორების დახმარებით, სკაიპჩართვებით ამერიკიდან ესაუბრება. "ამერიკული გრანტის" მიღების პერსპექტივა მხოლოდ 10 ლარი ღირს და კარგი იდეის სანაცვლოდ მაცდურად ჟღერს, თუმცა დაპირებული გრანტი, როგორც თავად ამბობენ, ჯერ არავის მიუღია. არადა არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურების ინფორმაციით, 20-30 ათასი განმცხადებელი უკვე ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ლარი, რომელიც "გლეხს არ დააქცევს" ერთად თავმოყრილი 200 000-300 000 ლარად უკვე იქცა.

"ბიზნესპრესნიუსმა" გადაწყვიტა ამ ორგანიზაციის შესახებ ჟურნალისტური მოკვლევა ეწარმოებინა და გაერკვია, სად წავიდა გლეხებისგან აღებული ფული?

"იდეების განვითარების ფონდის" სახელით...

"იდეების განვითარების ფონდი" - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს 10 ლარის სანაცვლოდ ბიზნეს-პროექტების დაფინანსებას ჰპირდება. ორგანიზაცია სააჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. რეესტრის ბოლო, 2017 წლის 23 მარტით დათარიღებული ამონაწერით, ფონდს დამფუძნებელთა საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის პრეზიდენტიც, დიანა სახურიაა. მისი მოადგილე

კი მიხეილ ნურაშვილია. ამასთან, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე/წევრია: ზურაბ თვარაძე, გამგეობის სხვა წევრებად კი ნიკა შავიშვილი, რამაზ სურმანიძე, გიორგი ლომსაძე და ტრისტან კიკვაძე არიან რეგისტრირებული.

როგორც ხედავთ, რეესტრში ბიზნესმენ დავით კარტოზიას კავშირი აღნიშნულ ფონდთან არ ფიქსირდება, თუმცა ფონდისგან ფინანსურ მხარდაჭერას 10 ლარის სანაცვლოდ მოსახლეობას სწორედ ის სთავაზობს. მეტიც, გასული წლის 5 ოქტომბერს, კარტოზიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ მას და ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს ხელმძღვანელს, დიანა სახურიას ნამდვილად აქვთ საერთო ინტერესები და ამერიკული ZIDF-ის (zeiter ideas development fund) თანადამფუძნებლები არიან. ცნობისთვის, ეს ის კომპანიაა, რომელიც "იდეების განვითარების ფონდთან" პარტნიორობის შედეგად დავით კარტოზიას ამერიკაში უნდა დაეარსებინა და რისთვისაც მას ფერმერებისგან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი ერიცხებოდა.

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დეტალები თავად დავით კარტოზიასგან გაეგო, თუმცა, მან ამ ეტაპზე ინტერვიუზე უარი თქვა და როგორც მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამის შესაძლებლობა ზაფხულამდე ვერ მოგვეცემოდა, ამიტომ ჟურნალისტური მოკვლევა კარტოზიას გარეშე გავაგრძელეთ. გაგრძელება