"მართლა ვტიროდი, როცა ასეთ სცენებს ვიღებდით" - ვინ არის ჩცდ-ს "შორენა", რომლის წარსულიც პერსონაჟის ისტორიას ჰგავს - კვირის პალიტრა

"მართლა ვტიროდი, როცა ასეთ სცენებს ვიღებდით" - ვინ არის ჩცდ-ს "შორენა", რომლის წარსულიც პერსონაჟის ისტორიას ჰგავს

25 წლის ნინო ბარიშვილი საინტერესო და ძლიერი ქალი გახლავთ. მისი ცხოვრება დალხენილი არ ყოფილა, თუმცა ცუდმა ამბებმა მხოლოდ გააძლიერა. მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და ადამიანად დაბადება ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ამჟამად შვილთან ერთად ცხოვრობს. მის შვილს ფართო საზოგადოება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს გოგონას - ნაკოს როლით იცნობს, თავად ნინო კი ამავე სერიალში შორენას როლს ასრულებს, რომელსაც "ჩემი ცოლის დაქალების" ემოციური ეპიზოდები უკავშირდება და შორენას პერსონაჟის "ხაზი" ახალ სეზონშიც საინტერესოდ ვითარდება...

- შორენას პერსონაჟის თამაში ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან განსხვავებული ადამიანები ვართ. თან, რაღა დაგიმალოთ, ამ როლის შესრულება საკმაოდ რთულიც არის, მე კი საერთოდ, სირთულეები მიყვარს.

- შორენას როლის მორგება კონკრეტულად, რა სირთულეებს უკავშირდებოდა?

- როგორი პრობლემაც უნდა მქონდეს, მაინც სულ ბედნიერი ვარ. ყველას უკვირს. მეკითხებიან, - სულ რატომ იცინი, რატომ ხარ ბედნიერიო? იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შემიძლია: თუ რაიმე პრობლემა მაქვს, ის ან მოგვარდება, ან - არა. ნერვიულობა და ტირილი არ მჩვევია. შორენა კი სულ უბედურია, სულ ტირის. ემოციურად რთულად სათამაშო როლია. პროფესიით მსახიობი არ ვარ. "ზედაპირულად" ტირილი არ შემიძლია - მართლა ვტიროდი, როცა ასეთ სცენებს ვიღებდით. საერთოდ, დრამატული როლის თამაში რთულია, მით უმეტეს - არაპროფესიონალი მსახიობისთვის. ამ ყველაფერს თან დაერთო იმ ადამიანების წერილები, ვისაც შორენას პრობლემების მსგავსი სირთულეები მართლა ჰქონიათ ცხოვრებაში. ისინი "ფეისბუკზე" მწერდნენ, მაგალითად, როგორ მოუკლა მამამ დედა თვალწინ... ასეთმა შეტყობინებებმა კიდევ უფრო "დამსტრესა". ერთი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. თან, მეშინოდა, ხალხი ჩემს პერსონაჟს როგორ მიიღებდა, როგორი რეაქცია მოჰყვებოდა. ძალიან განვიცადე, მაგრამ ახლა უკვე მივეჩვიე.

- როლის შესრულებასთან დაკავშირებულ კრიტიკას იღებთ?

- როცა შორენა სერიალში პირველად გამოჩნდა, კომენტარები არც წამიკითხავს, მაგრამ მერე მითხრეს, - წაიკითხე, ცუდს არაფერს წერენო და თვალი გადავავლე... მაშინ ცუდი არაფერი დაუწერიათ. ჩემი პერსონაჟი უბედური ქალია, რომელსაც არც ტანსაცმელი აქვს კარგი, არც - მაკიაჟი. შესაბამისად, გადაღების დროს შეძლებისდაგვარად, ამ პერსონაჟს მამსგავსებენ. ახლა ვიღაცები წერდნენ, - რას ჰგავს? მგონი, თვითონ მსახიობი არ ვარგაო. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ვიცი, ყველასთვის ლამაზი ვერ ვიქნები - ამაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ცოტა არ იყოს, ასეთი კომენტარების ავტორები უტაქტო ხალხია. სხვებს ვარიგებ, მსგავსი რაღაცები გულთან ახლოს არ მიიტანონ. ადამიანს საკუთარი თავის შესახებ უტაქტო კომენტარების კითხვა გარკვეულწილად, "გიტყდება", მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ამაზე არ მინერვიულია, რადგან შორენა მე არ ვარ - ის სხვა ადამიანია. ჩემს სილამაზესთან დაკავშირებით, არავისი აზრი არ მაინტერესებს. გარშემო მყავს ადამიანები, ვისაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. სხვას მოვეწონები თუ არა, ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. გაგრძელება