"19 წლისა გავთხოვდი, განა აესე დაჯღანულ ვიყავ" - 105 წლის, გუდამაყრელი ბებოს სათხოვარი - კვირის პალიტრა

"19 წლისა გავთხოვდი, განა აესე დაჯღანულ ვიყავ" - 105 წლის, გუდამაყრელი ბებოს სათხოვარი

"სახლ უკან მიწა დავბარე თავადა, ნიორ და ხახვ დავთესე..."

"აბაიმე, მე რა სასურათე ვარ, არსაით ნახოს ვინმემ, დამცინებენ"

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მასალიდან:

რამდენიმესაფეხურიანი კიბის ავლის მერე, ჩოხელი ბერ-დედის დერეფანში ხვდები. ერთსულოვნებაა მისულთა შორის: ყველა მოწიწებით უყურებს სამი შვილის გამზრდელ უდრეკ ქალს, 105 წლის სოფო აფციაურს, რომელიც "ცხოგან" ვერ ძლებს.

მოხუცისთვის კითხვების დასმა არ ეზარებათ. გაუბეზრებია მოხუცი ერთი და იმავეზე საუბარს. ათასჯერ მონათხრობს ისევ ჰყვება:

"ერთი ვაჟ და ორ ქალ მყავ, ქალები თავქვე გათხოვდნენ, მისაქციელს. წელს თოვლ არ მოსულა, მშრალ იყო. ადრე ზოვებ მოდიოდა და აყრუებდა აქაობასა. საქონელი აღარ მყავს, სახლ უკან მიწა დავბარე თავადა, ნიორ და ხახვ დავთესე, ქინძი ჯერ არ ამოსულა, არც კარტოფილი. რამდენი წლისა ვარ, არ მახსოვნდება. ჩემი გვარი აფციაურია, დუმაცხუდან ვარ. 19 წლისა გავთხოვდი, განა აესე დაჯღანულ ვიყავ მაშინ, ისეთი კაბა მეცვა, ბრიალა! 20 მაყარი მომყვა, ფეხით მოვედი, ცხენზე არ ვმჯდარვარ, კაბაც არ დამსვრია... მეუღლე 28 წლისა იყო, კარგი კაცი, მეცხორე. ეცოცხლნა, ჩემზე ბედნიერა ვინ იქნებოდა?.."

"შუქი გვაქ, ტელევიზორი მოშლილია, არ გაკეთდებაო. რო მქონდეს, ვუყურებდი... აქ უნდა ვიყო სიკვდილამდე, შეშასაც ვყიდულობ, დასაჭრელ მაქ ახლა. ისე ძლიერ უპატრონობაა აქა, მეზობელიც აღარაა ახლოსა!"

ახალგაზრდა ქალებმა, - სოფო ბებო, ეგებ დასარეცხი გაქვს რამე, დასალაგებელი, წუთებში ვიქმთო. - განა ხელები რისთვის მაქვს, მე თავადო? - იყურება მაჯებზე მოხუცი. - ტელევიზორი რომ ამოგიტანოს ვინმემ, უყურებო? - განა ვალ აქვნ ჩემი, რად უნდა მომიტანონო... - შემდეგ ამოსვლაზე რა ამოგიტანოთო? ისევ დაეკითხნენ და, - თქვენ ამოდით, მნახეთ, გენაცვალეთ, ეგეც საკმარ არის ჩემთვისო...

ჩამოლაგდნენ სტუმრები კიბეზე, სახეგაბრწყინებულები და სიხარულიანები. დერეფნის პატარა მაგიდა სავსე დატოვეს ადრეული ხილით, პურეულით, ტკბილეულით. სიჭაბუკეში ფეხშედგმულ ერთ ბიჭს არ ეთმობოდა იქაურობა: ბებო, ერთად სურათი გადავიღოთ. მეც მყავდა ბებო, შენნაირი ლამაზი და ყოჩაღიო, - ცრემლებს ძლივს მალავდა. - აბაიმე, მე რა სასურათე ვარ, არსაით ნახოს ვინმემ, დამცინებენო, - სოფიო ბებომ..."  იხილეთ სრულად

როლანდ ხოჯანაშვილი