"ის, რომ უვადო პატიმარი ვარ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის შანსი არ მაქვს"- რას წერს ვოვა არუთინიანი ციხიდან? - კვირის პალიტრა

"ის, რომ უვადო პატიმარი ვარ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის შანსი არ მაქვს"- რას წერს ვოვა არუთინიანი ციხიდან?

"მსურს ვიპოვო ისეთი გოგონა, რომელიც გახდება ჩემი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. შეიძლება, ვიღაცამ, როცა ამ წერილს წაიკითხავს, თქვას, - ეს კაცი ალბათ, გაგიჟდა. უვადო პატიმარი ოჯახის შექმნას როგორ აპირებსო? არა, პატივცემულებო, მე არ გავგიჟებულვარ!"

უვადო პატიმრობამისჯილ ვლადიმერ (ვოვა) არუთინიანს ბრალი ედება 2005 წლის მაისში ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის აფეთქების მცდელობაში, ხელყუმბარის სროლაში და ასევე პოლიციელის მკვლელობაში, რომელიც მისი აყვანის დროს დაიღუპა. თუმცა, ადვოკატი ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციელი საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა და გასარკვევია, ვისი ტყვიით დაიღუპა ის. მან ციხიდან ღია წერილი მისწერა ჟურნალ "გზას, რომელიც მცირეოდენი შესწორებით გამოქვეყნდა.

(სტილი დაცულია) "მოგესალმებით. ამ წერილს გწერთ პატიმარი ვლადიმერ არუთინიანი და იმედი მაქვს, რომ დახმარებაზე უარს არ მეტყვით. საქმე ის არის, რომ უკვე რამდენიმე წელია, ვეძებ ადამიანს, რომელიც გახდება ჩემი ოჯახის წევრი. ის, რომ მე და დედაჩემი ვართ მარტო, ეს არ არის სწორი. ეს მიუღებელია ჩემთვის და მსურს შევცვალო საკუთარი ცხოვრება; მსურს ვიპოვო ისეთი გოგონა, რომელიც გახდება ჩემი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. შეიძლება, ვიღაცამ, როცა ამ წერილს წაიკითხავს, თქვას, - ეს კაცი ალბათ, გაგიჟდა. უვადო პატიმარი ოჯახის შექმნას როგორ აპირებსო? არა, პატივცემულებო, მე არ გავგიჟებულვარ! მეტსაც გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ აი, უკვე 12 წელია ციხეში, სამარტოო საკანში ვარ, ჩემზე ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ გიჟი ვარ ან არარაობად ვიქეცი. მე ვარ 39 წლის და ყოველდღე ვვარჯიშობ. დილით დაახლოებით 1 საათი დავრბივარ, შუადღეს 1 საათი ბოქსით ვარ დაკავებული, საღამოს კი სიმძიმეებით ვვარჯიშობ და აგრეთვე, ყოველდღე ცივი წყლით ვბანაობ. პატივცემულებო, როდესაც მე ვამბობ ყოველდღე, ეს ნიშნავს, რომ მართლაც ყოველდღე ასე ხდება, მთელი წლის განმავლობაში. ეს არ არის ტრაბახი, ეს არის რეალობა... აქ ვმუშაობ, ვსწავლობ უცხო ენებს, ვუსმენ ახალ ამბებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ არხებზე, ანუ მე ისე ვიქცევი, როგორც იქ, თავისუფლებაზე ბევრი ვერ მოიქცევა და შეშურდება. ის, რომ უვადო პატიმარი ვარ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის შანსი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც გამიგებს და ახლობელი გახდება ჩემთვის, მაგრამ მე არ შემიძლია ის ვიპოვო დამოუკიდებლად, რადგან მაქვს შეზღუდული კომუნიკაციის საშუალება. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა" - ვოვა არუთინიანის წერილი და საჩუქრები ჭიათურელი უმწეოებისთვის