ხისფეხა ცხენი და უდიპლომო აიბოლიტი
ხისფეხა ცხენი და უდიპლომო აიბოლიტი
"ეს ცხენი ჩემს ხელში რომ მოხვედრილიყო, კიდურს არ მოვკვეთდი"

აგრესიით გაჟღენთილ ჩვენს დროში, როცა კარგი ამბები გაიშვიათდა, არ შემ­ეძლო სამეგრელოში, სოფელ ერგეტაში მომხდარი ამბავი არ გამეზიარებინა.­ გზაზე უპატრონოდ მოხეტიალე კვიციან ფაშატს ტრაილერი დაეჯახა და მარ­ცხენა უკანა ფეხი მოსტეხა. ცხენი სამი დღე დაათრევდა დალეწილ კიდურს და მიუხედავად იმისა, რომ სისხლი გამუდმებით სდიოდა, ტკივილით გაწამებული მაინც იდგა, რომ სამიოდე კვირის კვიცისთვის ძუძუ ეწოვებინა. შორიახლო მჭიდრო დასახლება კი არის, მაგრამ განწირულ ცხოველს არავინ
ეშველებოდა, პატრონის მოლოდინში თავს იკავებდნენ, ის კი არ ჩანდა.

ავარიიდან მესამე დღეს სამსახურში მანქანით მიმავალმა გოგონამ ცხენი შენი­შნა, ფოტო გად­აუღო, სოციალურ ქსელში­ გაავრცელა და დახმარება ითხოვა. ასე მისწვდა ამბავი ჩემს ზუგდიდ­ელ კოლეგას, სალომე ფარცვანიას. "საათ-ნახევარი ვიტირე, დაშავებული­ ცხენი­ და სასიკვდილოდ განწირული კვიცი ვიგლოვე, მერე კი
უცებ ქმარს დავურეკე და ცხენის გადასარჩენად წავედითო", - ამბობს სალომე, რომელსაც ცხენი ფეხმოკვეთილი,­ წაქცეული დახვდა. საბრალოდ მიგდებულიყო, დამფრთხალი კვიციც დედას არ შორდებოდა. სოციალურ ქსელში ცხენის ფოტოს გავრცელების შემდეგ, ცხოველის ბედით სხვებიც დაინტერესებულან და სატელეფონო ზარებით შეუწუხებიათ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც ცხენთან ვეტერინარი მიუყვანია, კიდურის მოტეხილი ნაწილი მოუკვეთიათ და სისხლდენა შეუჩერებიათ.

სალომე ფარცვანია: - არა მხოლოდ ადგილობრივმა, სხვა ვეტერინარებმაც სატელეფონო საუბრებში მითხრეს, რომ ფეხმო­კვ­ეთილი ცხენი ვერ გადარჩებოდა­ და მისთვის ყველაზე დიდი სიკეთე დაძინება იქნებაო. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ევთანაზიას დავთანხმდი, მაგრამ ზუგდიდში დასაძინებელი პრეპარატი ვერ მოიძებნა, რომც ყოფილიყო, პატრონის თანხმობის გარეშე კანონი დაძინებას კრძალავს. ბედად მამა იაკობ ეხვაიამ, ზუგდიდის საცხენოსნო კლუბის დამფუძნებელმა­ დამირეკა, აბასთუმანში არის კაცი, რომელიც მზადაა ცხენს მოუაროსო. ცხენის ტრანსპორტირებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და"ზუგდიდის დასუფთავების სამსახურმა გვათხოვეს დაბალძარიანი სატვირთო მანქანა. ქალიან-კაციანად გამოეფინა სოფელი და ფაშატი კვიცითურთ ხსნის გზას გავუყენეთ. ასე მივადექით საოცარ ადამიანს, თემურ გულუას, რომელსაც ბუნების და ცხოველების სიყვარულის გარდა, არაფერი გააჩნია, სახლიც არა აქვს. ქვის საამქროს დარაჯია და ერთი ციდა ოთახში ცხოვრობს. ცხენი კვიცითურთ ახლა მასთანაა, გამოცდილი ექიმივით უკეთებს ნემსს, სახვევებს უცვლის და ბალახს პატარა ბავშვივით აჭმევს. უამრავი უპატრონო ცხოველ-ფრინველი შეუფარებია. წლების წინ ერთი კვირის დაობლებული კვიცი მიუყვანიათ, რომელიც ძლივს გაზარდა, მაგრამ უკვე ორი წლისა მოჰპარეს. მაშინ დაუფიცია, განსაცდელში მყოფ ცხენს ხელს აღარ მოვკიდებო, მაგრამ ჩვენ უარი ვერ გვითხრა.
ვიდრე პროთეზს შევუძენთ, თემურმა­ ცხენს ხის საბჯენი გაუკეთა. პროთეზის შეძენას უცხოეთში ვაპირებთ. იმედია, ისე ძვირიც არ ეღირება, ყიდვა რომ ვერ შევძლოთ. გულისხმიერი ადამიანების იმედიც გვაქვს. მკურნალობისთვის საჭირო ანტიბიოტიკებიც ვეტერინარმა დათო ქარდავამ გვაჩუქა."
დაშავებულ ცხენს პატრონი ჯერ არ გამოსჩენია. ფიქრობენ, რომ არც ჰყავს. სამეგრელოში ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა ცხენის დაკარგვა, გაველურება და გამრავლებაც კი. შესაძლოა პატრონი ჯარიმასაც გაექცა. საავტომობილო გზაზე უმეთვალყურეოდ ცხოველის გაშვება, რაც საავარიო საფრთხეს ქმნის, დასჯადია. ფაშატი, რომელიც აშკარად ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულა, ახლა თავს უკეთ გრძნობს.
"კვირის პალიტრა" თავის მხარეში უდიპლომო აიბოლიტად ცნობილ თემურ გულუასაც ესაუბრა. თვითნასწავლ ვეტერინარს, რომელსაც ცხოველების სასწაულებრივად გამოჯანმრთელება შესძლებია, ოდესღაც თავისი პატარა ვეტერინარული კაბინეტიც ჰქონია, მაგრამ ხანძარი გაჩენილა და ყველაფერი დამწვარა.
თემურ გულუა: - ბავშვობიდანვე მიყვარდა ცხოველები და ამიტომ სხვადასხვა ლიტერატურას ვეცნობოდი ცხოველ-ფრინველის ანატომიის შესახებ. პირველად მაკე ღორს ვუმკ­ურნალე. ვერ მშობიარობდა. კვდებოდა, იქნებ­ რაღაც გამომივიდეს-მეთქი და მარტომ გავუკეთე საკეისრო კვეთა. მუცელში ცხრა გოჭი ჰყავდა. ერთი მომკვდარიყო და საშოს ყელში გაჩხერილიყო. დედაც გადარჩა და რვა გოჭიც. სამფეხა ძროხაც მყავდა. წინა ერთი კიდური მოკვეთილი ჰქონდა, ჩემი ხელით გავუკეთე ხის პროთეზი და სანამ იცოცხლა, ხის ფეხით დადიოდა. ერთხელაც მუცელგამოფატრული ცხენიც გადავარჩინე.
ის ცხენი ჩემს ხელში რომ მოხვედრილიყო, კიდურს არ მოვკვეთდი, ძვალს გავუმთელებდი.
P.S. ეს ამბავი რომ გავიგე, სოციალურ ქსელში სწორედ მაშინ გავრცელდა ამაზრზენი ვიდეოფირი: მანქანით გადაუარეს მძინარე ძაღლს, რომელიც შინაგანი ორგანოების დაზიანებით ვეტერინარულ კლინიკაში მოკვდა. სამწუხაროდ, სალომეს, თემოს და ბევრი იმ ადამიანის გვერდით, ვინც განსაცდელში მყოფ ოთხფეხა არსებებს ეხმარება, არსებობენ ისეთებიც, ვისაც ცხოველის წამება სიამოვნებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა, როგორც ჩანს, კანონი ყველას არ აფრთხობს.

პროთეზიანი ცხოველები

თანამედროვე მსოფლიოში მრავლად არიან პროთეზიანი ცხოველები.
კოლორადოელ ძაღლს ნოკიოს ოთხივე თათი ყინვამ ისე დაუზიანა, რომ სიარულს ვეღარასდროს შეძლებდა, მისთვის საგანგებოდ დაამზადეს პრო­თეზი, რომლის საშუალებით ნოკიო კვლავაც აქტიურად ცხოვრობს.
48 წლის სპილო მოტალს წინა კიდური დაუზიანდა, რის გამოც ის დღემდე პროთეზს ატარებს.
კუდი პროთეზი უკეთია დელფინს, რომელიც იაპონელებმა დაამზადეს. ხელოვნური კუდი იმდენად ძლიერია, რომ დელფინი უფრო სწრაფად დაცურავს, ვიდრე ჩვეულებრივი კუდის შემთხვევაში.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები